Facebook-ის წინააღმდეგ კონგრესის წინაშე წარდგენის მზადყოფნას, მეორე მამხილებელი გამოთქვამს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოფი ჯანმა, Facebook-ის ყოფილმა მონაცემთა ანალიტიკოსმა, რომელმაც 2021 წლის აპრილში კომპანია მწვავედ გააკრიტიკა, CNN-ის ეთერში კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემის მზადყოფნა დაადასტურა.

entrepreneur.ge

ჯანმა, 10 ოქტომბერს საკუთარ Twiter-ის გვერდზე განაცხადა, რომ მან აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე წარუდგინა დეტალური დოკუმენტაცია პოტენციურ სისხლის სამართლის დანაშაულებზე სოც.გიგანტის მხრიდან.

CNN-ის შეკითხვას, თუ რომელ სააგენტოს გადასცა მან დოკუმენტები, მან არ უპასუხა. ამის შესახებ კომენტარის გაკეთება FBI-ის წარმომადგენელმაც არ ისურვა.

„თუ კონგრესი ისურვებს, მზად ვარ მივცე ჩვენება და შევასრულო ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, როგორც საჯაროდ ვაცხადებდი უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში“, - დაპოსტა ჯანმა საკუთარ Twiter-ზე.

CNN-ის ეთერში მან თქვა, რომ იგი მადლობას უცხადებს აშშ-ის ორივე პარტიას Facebook-ის მამხილებლების მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფრენსის ჰაუგენმა, 5 ოქტომბერს კონგრესში ჩატარებულ მოსმენაზე, Facebook-სა და Instagram-ზე ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა.

ჯანი Facebook-დან 2020 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. წასვლის წინ მან 7800 სიტყვიანი წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აღწერდა, თუ როგორ ხუჭავს თვალს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული რეჟიმების მიერ საკუთარი პლატფორმით სარგებლობაზე. ჯანი წერდა, რომ მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი, სამსახურეობრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება იყო.

სოციალური ქსელების გარდა, მან ეს წერილი საკუთარ პირად ვებ-გვერდზეც განათავსა, რომელიც Facebook-ის საჩივრის საფუძველზე დაიბლოკა.

Facebook-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ პლატფორმის უსაფრთხოების სისტემების განვითარებაზე, კომპანია 13 მილიარდ დოლარს ხარჯავს და 40 000 ადამიანს ასაქმებს მსოფლიოს მასშტაბით. განცხადებაში აგრეთვე საუბარი იყო პლატფორმის პასუხისმგებლობაზე მომხმარებლების მიმართ და ვალდებულებაზე, დაიცვან ათასობით თანამშრომლის ინტერესი.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მიცემულ ჩვენებებში, ჰაუგენი საუბრობდა Facebook-ის გულგრილ დამოკიდებულებაზე დეზინფორმაციის გავრცელებისა და სიძულვილის ენის დამკვიდრების შესახებ, რასაც მარკ ზაქერბერგი „მცდარი სურათის“ დახატვის მცდელობად მიიჩნევს.