You can be on Entrepreneur’s cover!

თქვენ საკმარისად კარგი ხართ. რატომ არ გჯერათ ამის? მოგონებებს, რომლებიც ჩვენს სამიზნედ გვყავს ქცეული, ემოციური რეზონანსი აქვთ

By Frances Dodds

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერებმა იციან, რომ ისინი წარუმატებლები არ არიან, მაგრამ ზოგჯერ უჭირთ ამის დაჯერება. ფსიქოთერაპევტი განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ ასეთ დროს გამოსავალი და რატომ უკავშირდება ეს მდგომარეობა ჩვენს გადაუმუშავებელ მოგონებებს.

კრისტა რეგედანცი ფსიქოლოგია პალო ალტოში, უმთავრესად ბიზნესლიდერებთან მუშაობს და ხშირად ხედავს, თუ როგორ ცდილობენ ისინი გამკლავებას სტრესულ აზრებთან, გრძნობებსა და ქცევებთან. ფიქრობენ, რომ საკმარისად კარგები არ არიან, ან საერთოდ წარუმატებლები არიან, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გარკვეული მიღწევები აქვთ, როდესაც კომპანიისთვის ფონდების შეგროვების ეტაპზე არიან, ან კიდევ, როდესაც პროფესიული გადაწვის პირას არიან.

ჩემთან ბევრი გონიერი ადამიანი მოდის, რომლებიც პროფესიულად საკმაოდ ძლიერები არიან და მათთან ამ საკითხებზე ვმუშაობ. საქმე ის არის, რომ მათ კომპანიის მონაცემების მიხედვით იციან, რომ წარუმატებლები არ არიან და რომ საკმარისად კარგები, ნორმალურები ან თავისუფლები არიან", − ამბობს ის, − „და მაინც, წარუმატებლად მიაჩნიათ თავი, დადებითი აზრების დაჯერება არ შეუძლიათ".

საინტერესოა, როგორ უნდა შეძლონ ასეთმა ადამიანებმა ამ უფსკრულის გადალახვა? რეგედანცი ამბობს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია დადგენა, თუ რა განსხვავებაა პოტენციურ, ფარულ ცოდნასა და გამოხატულ ცოდნას შორის. გამოხატული ცოდნის შეძენა გაცნობიერებულად ხდება და მისი სიტყვიერად გამოვლენა მარტივია. დაახლოებით რომ განვმარტოთ, ეს თუნდაც იმას ნიშნავს, ალასკის დედაქალაქის სახელი რომ იცოდეთ. ხოლო პოტენციურ, ფარულ ცოდნას ადამიანი ქვეცნობიერად იძენს, მას უბრალოდ შეიგრძნობს. ასეთია მაგალითად, ველოსიპედით სიარული. ჩვენ გამოცდილების მიხედვით ვსწავლობთ ემოციურ რეაქციებს, და ამიტომ არის ასე რთული მათი დავიწყება მხოლოდ რაციონალური აზროვნებით.

როდესაც რეგედანცი კლიენტებთან მუშაობს და მათ არაადეკვატურობის გრძნობის დაძლევაში ეხმარება, იმის დადგენას ცდილობს, თუ რა უსიამოვნო ემოციური რეაქციები აქვთ მათ გაუცნობიერებლად ნასწავლი.

კლიენტებმა პირველად ის უნდა გამოავლინონ, თუ რა შეგრძნებები აქვთ, რა იჩენს მათთან ხშირად თავს, რის შეცვლა სურთ. აქ უარყოფითი ემოციების, ქცევებისა და აზრების მთელ ნაკრებზეა საუბარი. „ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სამუშაო", − ამბობს რეგედანცი, − „რადგან თქვენ ნამდვილად უნდა შეურიგდეთ მათ და საკუთარი სხეული უნდა გახადოთ თქვენი მეგზური. მოიძიეთ, რას გაგონებთ ეს შეგრძნება, და როდის და სად გაგიჩნდათ პირველად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს რა ემოციებია? რას მახსენებს?"

ადამიანებს ასე თანდათანობით შეუძლიათ იმუშაონ თავიანთი წარსულის იმ მომენტების გამოსავლენად, როდესაც შესაძლოა მოვლენებზე დესტრუქციული რეაგირება ისწავლეს. „მოგონებებს, რომლებიც ჩვენს სამიზნედ გვყავს ქცეული, ემოციური რეზონანსი აქვთ", − ამბობს რეგედანცი, − „როდესაც ადამიანები მათ იხსენებენ, ტკივილს გრძნობენ ან არასასიამოვნო შეგრძნება უჩნდებათ მთელ სხეულში. ამ მოგონებებს თავს ვერ ვაღწევთ, ისინი ხშირად ისეთ განცდას გვიქმნიან, თითქოს წარსულში გადატანილი ტკივილები დღემდე გრძელდება და თითქოს ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა".

ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება ბავშვობიდანაც იყოს, როდესაც ადამიანს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, ვიდრე რეალურად შეეძლო გამკლავებოდა. „მაგალითად, როდესაც 7 წლის ბავშვს სთხოვენ 5 წლის და-ძმებზე ზრუნვას და ის ამას ვერ აკეთებს", − ამბობს რეგედანცი, − „ის ამას ვერ მოახერხებს და თუ მოახერხებს, კიდევ უარესი, რადგან იფიქრებს, რომ კიდევ ერთხელ უნდა შეძლოს ამის გაკეთება. და ამ კიდევ ერთხელ კი, ნამდვილად ვეღარ შეძლებს".

გახსოვდეთ: ასეთი რამ არ უნდა გაიხსენოთ, ეს მხოლოდ მოგონებაა, ეს „თქვენ" არ ხართ.

როდესაც ადამიანი თავის გონებაში მყარად დალექილ ამგვარ მოგონებებს ავლენს, მთავარ მიზნად აწმყოსა და მას შორის დისტანციის შექმნა უნდა იყოს. „ჩვენ გვინდა თქვენს შედარებით ახალგაზრდა ნაწილს მოვაშოროთ ეს ტვირთი და ვუთხრათ − ვერ შეძლებდით საკუთარი და-ძმების მოვლას. თქვენ არ იყავით ამისთვის მზად. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წარუმატებელი ხართ, ამას წარუმატებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს", − ამბობს რეგედანცი, − „წარსულის მოგონებების გამოვლენას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს და აუცილებელიც კი გახდეს მათთან ბევრჯერ დაბრუნება".

თუ თერაპევტს არ მიმართავთ და თვითონ დაიწყებთ ამგვარი მოგონებების გამოსავლენად მუშაობას, რეგედანცი გირჩევთ საკუთარ თავს გარკვეული დრო გამოუყოთ დღის განმავლობაში − 30 წამი, წუთი, ან მაქსიმუმ 10 წუთი. ეს არის დრო იმისათვის, რომ საკუთარი თავის ამ ნაწილთან ერთად დაჯდეთ. ჩაიხედეთ სარკეში ან თქვენს ხელებს დახედეთ და ამ წუთზე გაამახვილეთ ყურადღება. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახლა უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და „თქვენ" ასეთ მნიშვნელობას აღარ ანიჭებთ ამ მოგონებას.

ეს შესაძლოა მტკივნეული სამუშაო იყოს, და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი სწორი აზროვნება. „თუ შეძლებთ ცნობისმოყვარეობითა და თანაგრძნობით შეხედოთ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ წარუმატებელი ხართ, და თან, ამას ყოველგვარი განკითხვის გარეშე გააკეთებთ, ეს აუცილებლად უნდა სცადოთ", − ამბობს რეგედანცი, − „მაგრამ თუ ადამიანი რეალობაში გაიჭედა, თუ მთლიანად წარსულის მოგონებებზეა კონცენტრირებული, აზროვნებას ვერ ცვლის და ვერ იჯერებს, რომ საკმაოდ კარგად მაქვს საქმეები, ან საკმარისად კარგი ვარ, თავისუფლად შემიძლია სწორი არჩევანის გაკეთება და ძალზე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ თერაპიას ჩაიტარებს".

რეგედანცის თქმით, დალექილი მოგონებების დამუშავების საბოლოო მიზანი, „მათი მოკლევადიანი, აქტიური მეხსიერებიდან გამოტანა და დიდი ხნით შენახვაა. ამ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული მომენტი გაგახსენდებათ თქვენი წარსულიდან, იგრძნობთ, რომ ეს ისტორია უკვე დასრულებულია". იმის გააზრება, რომ ეს მოვლენები წარსულში მოხდა, იდეალურ შემთხვევაში, დაგეხმარებათ უპირობოდ დაიჯეროთ, რომ თქვენ ახლა საკმარისად კარგად გამოგდით ყველაფერი.

Frances Dodds

Entrepreneur Staff