Payze-ის გზა საქართველოდან სან ფრანცისკომდე

500 Georgia - უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოდან „სილიკონ ველიმდე"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიმდინარე წლის აგვისტო ქართული ბიზნესსაზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი სტარტაპერთათვის, უპრეცედენტო მოვლენით აღინიშნა. ოთხ ქართულ სტარტაპს „სილიკონ ველიზე“ სტუმრობის, მსოფლიოს გამორჩეულ ინვესტორებთან თავიანთი ბიზნესის წარდგენისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც სულ რამდენიმე წლის წინაც კი, წარმოუდგენელი იყო.

გიორგი წურწუმია და კახა გელაშვილი

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და გავლენიანი ინვესტორებისათვის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის მიზნით, 2020 წლის თებერვალში, „საქართველოს ბანკის ჯგუფს“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის (რომელიც აქამდე 500 Startups-ის სახელით იყო ცნობილი), სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი კი, მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის 500 Georgia-ს სახელით შემოყვანა იყო.

500 Global ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2010 წელს ტექნოლოგიური სტარტაპების მსოფლიო ცენტრ „სილიკონ ველიში“ შეიქმნა. მისი მისიაა ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის ფორმირებაში დახმარება, გლობალური ეკოსისტემის განვითარება და ა.შ. თავისი არსებობის განმავლობაში 500 Global-მა უკვე მოახერხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოთხოვნად აქსელერატორად პოზიციონირება. დღესდღეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და გახდეს მსოფლიოს გამორჩეული აქსელერაციის პროგრამის ნაწილი, ხოლო „საქართველოს ბანკისა“ და GITA-ს ძალისხმევით, ამის შანსი უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც ექნებათ.

500 Global-ის მნიშვნელობაზე, მისი საქართველოში შემოყვანის პროცესსა და მიმდინარე წლის აგვისტოში ოთხი ქართული სტარტაპის „სილიკონ ველიზე“ ყოფნის შესახებ, Entrepreneur „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ინოვაციების ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო რატიანს გაესაუბრა.

„კერძო სექტორის ჩართულობით, რომელსაც „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ წარმოადგენს, მსგავსი გლობალური პროექტის განსახორციელებლად დამატებით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. ამით ქართულ სტარტაპებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, 6 თვის განმავლობაში ემუშავათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან, განევითარებინათ საკუთარი საქმიანობა და საბოლოო ჯამში − ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა“, − აცხადებს ანდრო რატიანი, − „500 Global-ი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორია, მსგავსი კლასის აქსელერატორები კი მხოლოდ მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებით ინტერესდებიან. 500 Global-ის მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართ. 500 Global-ი ბიზნესიდეის საწყის ეტაპზე მხარდამჭერი აქსელერატორია − იდეებით უფრო მეტად ინტერესდება. შესაბამისად, 500 Georgia-ს მენტორების მთავარი მიზანი, სწორედ განვითარების საწყის ეტაპზე არსებული ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებაში, და მათთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერის გაწევა იყო“.

ამ სამმხრივი პარტნიორობის წყალობით, საქართველო მსოფლიო ინოვაციების რუკაზე უკვე მოინიშნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სტარტაპ და ბიზნესგარემოსათვის. როგორც ანდრო რატიანი აღნიშნავს, 500 Georgia რეგიონული მასშტაბის მოვლენაა. მსგავსი მსხვილი მოთამაშის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ სტარტაპებს მისცა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, დაეხვეწათ საკუთარი იდეები, დაემყარებინათ კონტაქტი სფეროში მოწინავე ინვესტორებთან და მოეხდინათ სტარტაპების მასშტაბირება. პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა კი დამატებით ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა „სილიკონ ველიზე“, სან ფრანცისკოში გაიარა, რის შემდეგაც ისინი საკუთარი იდეების წარსადგენად, 50-ზე მეტ მსხვილ ინვესტორს შეხვდნენ.

„საქართველოს ბანკი“ მონაწილე სტარტაპებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ედგა მხარში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მათი წარმატების გაზიარება და დიდი პატივია მსგავსი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. აღნიშნული სტარტაპების წარმატებაზე ციფრები მეტყველებს − კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამმა 17 მილიონი ლარი შეადგინა და შექმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთან, პროგრამის დასაწყისში, მონაწილე 30 კომპანიის საერთო ღირებულება 35 მლნ დოლარს შეადგენდა, პროექტის დასასრულს კი ეს რიცხვი 70 მლნ დოლარს აღემატება. კომპანიებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, ახალი, უფრო მასშტაბური საქმიანობის მიმართულებით. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის კი, მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი“, − გვიამბობს ანდრო რატიანი.

რთული წარმოსადგენია, რომელიღაც სტარტაპერი არ ოცნებობდეს „სილიკონ ველიზე“ სტუმრობასა და უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრაზე. 500 Georgia-ს გამარჯვებული ანტრეპრენერებისათვის ეს ვიზიტი შეუზღუდავი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდა, სადაც ისინი თავიანთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენდნენ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.

როგორც „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ინოვაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, 500 Global-ში მონაწილეობამ ადგილობრივ სტარტაპებს მისცა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე თვეში ისეთ ადგილას აღმოჩენილიყვნენ, როგორიცაა „სილიკონ ველი“. სან ფრანცისკოში ინტენსიური აქსელერაციის 2-კვირიანი პროცესი მოიცავდა შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, ტრენინგებს და ვორქშოპებს „სილიკონ ველის“ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სტარტაპებმა „სილიკონ ველიზე“ დააგროვეს შეუდარებელი გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში, მათ კიდევ უფრო ინოვაციური მიდგომებით, გლობალურ ბაზრებზე გასვლაში და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

„500 Georgia და მისი მონაწილე სტარტაპები არიან დასტური იმისა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მცდელობას არ დააკლებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა“, − ანდრო რატიანი.

ახლა კი, გვსურს უფრო ახლოდან გაგაცნოთ 500 Global-ის გამარჯვებული ერთ-ერთი ქართული სტარტაპი - Payze. ეს არის ონლაინგადახდების პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს ყველგან და ყოველთვის ციფრული არხებიდან გადახდების მიღებაში ეხმარება.

Payze ორმა ანტრეპრენერმა − გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა დააარსეს. ორივე მათგანს ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. კახა პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი იყო და Payze-მდე რამდენიმე წარმატებული კომპანია აქვს დაფუძნებული. რაც შეეხება გიორგის, მან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა, ჰიდროინჟინერიის მიმართულებით. საკუთარი პროფესიით მსახურობდა საქართველოს სამხედრო ძალების საინჟინრო ბრიგადაში და შემდეგ მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტზე განაგრძო. 2018 წლიდან, კახამ და გიორგიმ ძალისხმევა გააერთიანეს და საერთო საქმის წამოწყების, რაიმე საინტერესო პროდუქტის შემუშავების იდეით ანთებულები, Payze-მდე მივიდნენ. ეს პლატფორმა ყველა მეწარმესა თუ ფიზიკურ პირს მთელი მსოფლიოდან ონლაინგადახდების მიღებისა და ეფექტურად მასშტაბირების შესაძლებლობას სთავაზობს.

როგორც გიორგი გვიამბობს, სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპს, როგორც სირთულეები, ასევე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტები ახლავს. დაგროვილ გამოცდილებასა და შეცდომებზე მიღებულ ცოდნას აქსელერაცია სჭირდება. საამისოდ, PAYZE-ის გუნდი აქტიურად ეძებდა და იღებდა მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამებში საზღვარგარეთ, თუმცა საბედნიეროდ, გამოჩნდა 500 Global-ის პროგრამა საქართველოში, რომელიც თავისი გეგმებითა და კონცეპტით, იდეალურად შეერწყა საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების მიზნებსა და ხედვებს.

„აქსელერაციის პროგრამა იყო უდიდესი მუხტი სწორი განვითარებისკენ. ჩვენს გუნდს ყველაფერი ჰქონდა წარმატების მისაღწევად, გარდა გამოცდილებისა. 500 სტარტაპის მენტორებმა და პარტნიორებმა ზუსტად ეს სიცარიელე შეგვივსეს ამ 4 თვის განმავლობაში და ჩაგვსვეს იმ სწორ კალაპოტში, რომლის შემდეგ დიდი სისწრაფით ვვითარდებით. „სილიკონ ველიზე“ ვიზიტის განმავლობაში, უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდით. ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტიცია მოვიზიდეთ ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან: ევროპის ყველაზე დიდი ვენჩურული ფონდი Global Founders Capital, Twitter & Square-ის პირველი angel-ინვესტორი გრეგ ქიდი, Dropbox-ის საინჟინრო გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი ალბერტ ნი და ასე შემდეგ“, − განაცხადა Payze-ის თანადამფუძნებელმა გიორგი წურწუმიამ.

რაც შეეხება PAYZE-ის უახლოესი ერთი წლის გეგმებს, სტარტაპმა პოსტსაბჭოთა 5 ქვეყანაში გაფართოება დაისახა მიზნად. ეს ის ხუთი ქვეყანა იქნება, სადაც ელექტრონული კომერცია, ონლაინ Marketplace-ები და ზოგადად ციფრული სტარტაპები ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება.