Facebook მასშტაბურ რებრენდინგს და სახელის შეცვლას გეგმავს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე მომდევნო კვირას, Facebook საკუთარი სახელის შეცვლას აპირებს, რითიც „მეტასამყაროსკენ“ აქტიურ სწრაფვასა და მასზე მუშაობის აქტუალობას უსვამს ხაზს.

როგორც ინფორმაციის წყარო იუწყება, ამ ცვლილების შესახებ განცხადება მარკ ზაქერბერგს 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე უნდა გაეკეთებინა. რებრენდინგის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ Facebook-ს აღარ სურს მხოლოდ სოციალური ქსელების ოჯახად პოზიციონირება და განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. მოგეხსენებათ, Facebook, Instagram, Whatsapp, Oculus და კიდევ არაერთი პლატფორმა, ერთი ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული და სულ მალე, ამ კონგლომერატს ახალი სახელით გავიცნობთ.

დღესდღეობით, Facebook 10 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული აქსესუარებისა და მოწყობილობების შექმნით არიან დაკავებული, მაგალითად - AR სათვალეების. ზაქერბერგი მიიჩნევს, რომ ასეთი დამატებითი გაჯეტები, სულ მალე ისეთივე საყოველთაო გახდება, როგორც ახლა სმარტფონებია. აღსანიშნავია, რომ FB უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე. რებრენდინგის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ადამიანების აღქმაში ეს კომპანია, არა მხოლოდ სოციალურ ქსელებთან, არამედ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებთანაც ასოცირდებოდეს.

კრიტიკოსების აზრით, რებრენდინგით FB-ს ბოლო დროს აგორებული ნეგატივის ტალღისგან სურს გამიჯვნა, რაც ფრენსის ჰაუგენის მხილებას, კონგრესის გახმაურებულ პროცესსა და საზოგადოების მხრიდან ნდობის კლებას უკავშირდება.

Facebook-ის ახალი სახელი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელობაც კი არ ფლობს. არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა იყოს - Horizon, VR პროგრამული უზრუნველყოფის საპატივსაცემოდ, რაზეც კომპანია უკვე წლებია მუშაობს. საინტერესოა, რომ FB არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ზრდასთან ერთად სახელი შეიცვალა. 2015 წელს, Google რეორგანიზაციის შედეგად ჰოლდინგ Alphabet-ად ჩამოყალიბდა. ნაწილობრივ, ეს ნაბიჯი იმითაც იყო განპირობებული, რომ Google უკვე არამხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ კონგლომერატია, რომელიც უპილოტო ავტომობილებს და სამედიცინო ტექნოლოგიებს აწარმოებს. Snapchat, 2016 წელს - Snap inc.-ად გადაკეთდა და იმავე წელს, საკუთარი პირველი კამერა-სათვალე - Spectacles გამოუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს Facebook განსაკუთრებით აქტიურად ავითარებს „მეტასამყაროს“ იდეას, ამ კონცეფციამ ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა ფართო აღიარება საზოგადოებაში. ამგვარად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ნერგავს პრინციპულად ახალ ცხოვრების სტილს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია ყველასთვის. FB-ს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება მოუწევს იმისათვის, რომ დაარწმუნოს საკუთარი მომხმარებლები, რა სიკეთეების მომტანია „ვირტუალურ სამყაროში გადასახლება“.