ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერისთვის არაერთხელ დამიწერია სტატია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე...

cottonbro

ვფიქრობ, ახლა თითო-ოროლა ადამიანი ლაპარაკობს ამაზე. მთავრობა თავდაპირველად მართლაც რომ ძალიან ქმედით ნაბიჯებს დგამდა. ისე მომზადებული შეხვდა კორონავირუსის გამოწვევებს, თითქოს ბევრი წელი ფიქრობდნენ ამაზე. რეალურად, მართლა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო და პატარა საქართველო. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი „მცირე ერის“ სტატუსი უნდა გვიხაროდეს, რადგან ჩვენთვის გაცილებით მარტივად სამართავია პროცესები, ვიდრე უზარმაზარი ქვეყნებისთვის, სადაც სიტუაციის კონტროლი ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს.

არადა, რა კარგად მივდიოდით წინ. ტურისტულ და გასტრონომიულ ტურიზმს აყვავების ხანა ედგა. ღვინის ექსპორტმა მოიმატა, ტურისტული ნაკადები ბლომად შემოდიოდა და ცხადია, ეს ქართულ ეკონომიკას აძლიერებდა, სამკურნალო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე დავიწყეთ საუბარი და ბალნეოლოგიური კურორტების აღორძინებას მივყავით ხელი. ყველაფერი გაჩერდა. ციფრებში რამდენს იზარალებს ქართული ეკონომიკა, რთულია ამის თქმა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ პროცესების დაძლევას რამდენ ხანში შევძლებთ და ვირუსი როდის დაგვანებებს თავს.

ასევე, ძალიან რთულია ილაპარაკო, რა უნდა გააკეთონ ბიზნესებმა, რომელთაც თვითგადარჩენა დაუდგათ მთავარ პრიორიტეტად. დიახ, მათ შეუმცირდებათ მოგება. შესაძლოა, გააჩერონ ახალი პროექტები, რომელთა განხორციელება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. პირველი ეტაპი სოციალურად პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის არის ის, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები და რა თქმა უნდა, ეს მოხდება საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრ ადამიანს გადაარჩენენ და საშიმშილოდ არ გაიმეტებენ.

დიახ, რთულია ამის გაკეთება. ვერცერთ ბიზნესს ვერ მისცემ განკარგულებას, ვერ დაარიგებ ჭკუას. განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას მცირე ბიზნესი. რომელიც ისედაც თვიდან თვემდე ძლივს ახერხებს „თავის რჩენას“ და ხარჯების ამოღებას...

მაგრამ დიდ კორპორაციებს შეუძლიათ შეინახონ საკუთარი თანამშრომლები და ეს მათი მხრიდან უდიდესი პასუხისმგებლობა იქნება. სამაგიეროდ, გრძელვადიან პერიოდში ისინი მიიღებენ სუპერერთგულ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველთვის იდგებიან ნებისმიერი ბრძოლის წინა ხაზზე და ამ კომპანიებს დაიცავენ ნებისმიერ სიტუაციაში. დღეს შენარჩუნებული თანამშრომელი, ხვალინდელ ხმალამოღებულ მებრძოლს უდრის, რომელიც თავის დამსაქმებელს არასოდეს უღალატებს.

მთავარია, ამ სიტუაციაში ყველამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან ეკონომიკა ემოციებსა და სენტიმენტებს ვერ იტანს.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი პერსონალურ პასუხისმგებლობამდე დაიყვანება. თუ ბიზნესის მეთაურები მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე იზრუნებენ, მაშინ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ერთი კარგი ამბავი მაინც ის არის, რომ ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს ჭირში ერთმანეთის თანადგომა. უფრო მეტად, ვიდრე ბედნიერებისა და ზეიმების დროს.

ერთმანეთის დახმარებით, შევძლებთ დავძლიოთ ნებისმიერი გასაჭირი.

თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისადმი, რომლებმაც იზოლაციის პირობები დაარღვიეს და ამით გაუცნობიერებლად ხელი შეუწყვეს ვირუსის გავრცელებას, ამ ადამიანებისადმი ვერ ვიქნები სოლიდარული, ვინც უნდა იყოს ის − მეგობარი, მეზობელი, ახლო ნათესავი თუ უბრალოდ, ნაცნობი. ვფიქრობ, ასეთი ადამიანებისთვის სასჯელიც კი უნდა დაწესდეს. ძალიან არაპოპულარული განცხადებაა ჩემი მხრიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა კლასტერებზე მესმის, ან ვკითხულობ ინფორმაციას, ძალიან მაფიქრებს თვითშეგნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფეხებზე დაკიდება ამ ადამიანების მხრიდან. ნუთუ ასე ძნელია ენდო მეცნიერებას? ნუთუ შენმა მამიდის მეზობლის ბიცოლაშვილმა უფრო მეტი იცის ვაქცინაციაზე, ვიდრე სამედიცინო პერსონალმა?!

თუ პერსონალურ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს თითოეული ჩვენგანი, თუ არ ავიცრებით, თუ აცრის შემდგომ უკუჩვენებებზე ვიფიქრებთ, რომელიც 20 წლის შემდეგ იჩენს თურმე თავს, თუ გადაცემათა ჯაჭვს არ გავწყვეტთ, თუ პირბადეს არ გამოვიყენებთ, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ვენდობით, არ დავუჯერებთ, თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, თუ ხელოვნურად შევქმნით მარაგებზე დეფიციტს, თუ... თუ... მაშინ საერთოდ რომელ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი..

აუცილებლად გვექნება მშვიდობა.

აუცილებლად გამოვძვრებით.

მთავარია, ერთმანეთი არ დავტოვოთ პრობლემებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, აცრა უნდა იყოს სავალდებულო! სავალდებულო მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, ექიმებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის!

ვეღარ გავუძლებთ მეექვსე ტალღას! ვეღარ გავუძლებთ კვლავ ჩაკეტვას! ვეღარ ავაყვავებთ ეკონომიკას! კიდევ დიდხანს ვეღარ ჩავეხუტებით ბებიებს, ბაბუებს, ნათლულებს, საყვარელ ადამიანებს. კიდევ დიდხანს ვიქნებით კომპიუტერებთან მიჯაჭვულები ვიშვიშით და მთავრობის ლანძღვით. ამიტომ არის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც იყოს ეს არაპოპულარული!

ლილი (ხატია) ალფაიძე

Written By

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი.