''ბილიკის'' წარმატებული ვიზიტი ვარშავაში

11 ქართული სტარტაპი პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გამართულ სააქსელერაციო პროგრამა ესტუმრა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ ახლახან 11 ქართული სტარტაპი პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გამართულ სააქსელერაციო პროგრამას სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო „ბილიკი“, რომლის მიღწევების შესახებაც Entrepreneur-სგან შეიტყობთ.

entrepreneur.ge

სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და დამწყები ანტრეპრენერების ხელშეწყობა სულ უფრო აქტუალური თემა ხდება აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში და ამ კუთხით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა პოლონეთია. უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში, პოლონეთმა სტარტაპ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. დღეისათვის კი, ამ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა, ადგილობრივი ბაზარი, საინვესტიციო შესაძლებლობები და კაპიტალი ბაზრები მიმზიდველი გახდა ქართველი ანტრეპრენერებისთვისაც.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პოლონეთის საწარმოთა განვითარების სააგენტოს ერთობლივი სააქსელერაციო პროგრამის ფარგლებში, ვარშავას 11 ქართული სტარტაპი: Biliki, Pevaton, OFOODO, Leadin, felp.io, Brainer, CLP HUB, JOBIA - HR Tech, DOSEC.IO, COLLABBIZ, FEEDBACKIT და PIKFUD ეწვია.

ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჩვენი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი „ბილიკი“ გახლდათ, რომლის მიღწევებისა და აქსელერაციის პროგრამაში მიღწეული წარმატების შესახებ, მის თანადამფუძნებელს, თორნიკე ცირამუას ვესაუბრეთ.

თორნიკეს თქმით, ეს „ბილიკისათვის“ პირველი საერთაშორისო ფიზიკური გასვლა იყო, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. აქსელერაციის მონაწილეები გაეცნენ პოლონურ სტარტაპ ეკოსისტემას, ადგილობრივ ბაზარს, შეხვდნენ ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურული ფონდების წარმომადგენლებს. ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო ქართული სტარტაპებისათვის პოლონურ ბაზარზე გასასვლელად, სამომავლო ფინანსური ინვესტიციისა და ძირეული თეორიული ცოდნის მისაღებად.

აქსელერაციის პირველი ეტაპი მოიცავდა, 3 კვირიან ონლაინ ტრენინგებს, რომელიც 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდეგ, 2 ნოემბრიდან, 5 ნოემბრამდე სტარტაპებმა ვარშავაში ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან, ვენჩერულ ფონდებთან და ანგელოს ინვესტორებთან ინტენსიური ყოველდღიური შეხვედრები გამართეს.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პოლონეთის საწარმოთა განვითარების სააგენტოს შესაძლებლობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. პირადად მე, მოხარული ვარ, რომ ისეთ სტარტაპ დელეგაციასთან ერთად მოვხვდი, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს ეკოსისტემას“, - აცხადებს თორნიკე ცირამუა, - „ჩვენ მთელი აქსელერაციის განმავლობაში, მივიღეთ ღირებული გამოცდილება და ცოდნა რამდენიმე მიმართულებით: როგორ მოვახდინოთ, საკუთარი ბიზნესის სწორად შეფასება, როგორ დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ პოლონელი ინვესტორები. გარდა ამისა, უდიდესი პრაქტიკული სახის გამოცდილება შევიძინეთ. პირველ რიგში, ქართული სტარტაპების პოლონურ ბაზარზე შესვლისთვის საკმაოდ კარგი საფუძველი ჩაეყარა, რაც გამოიხატება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში, ადგილობრივი სტარტაპეკოსისტემის, ბაზარზე შესვლის პირობების და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაში. ეს პროცესი, კიდევ უფრო რეალური გახდება მას შემდეგ, რაც „ბილიკი“ ან რომელიმე სხვა ქართული სტარტაპი გამოჩნდება პოლონურ ბაზარზე“.

თორნიკე აღნიშნავს, რომ „ბილიკმა“ ისევე როგორც დანარჩენმა სტარტაპებმა შეძლეს ეჩვენებინათ, თუ რა ღირებულებას შეუქმნიან პოლონეთის ბაზარს. „ბილიკისათვის“ პოლონეთის ბაზარი რამდენიმე რამის გამოა საინტერესო. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნიშა სალაშქრო და სათავგადასავლო ტურიზმია, პოლონეთი ამ კუთხით ძალიან აქტიურია, სადაც მხოლოდ 2019 წელს დაახლოებით 80 000 სალაშქრო მარშრუტი შეიქმნა და საქართველოში ძალიან ბევრი პოლონელი ტურისტი სწორედ ამ მიზნით ჩამოდის.

„ფასდაუდებელი გამოცდილებისა და ცოდნის გარდა, რომელიც „ბილიკმა“ მიიღო, შესაძლებლობა მოგვეცა პოლონელი ინვესტორების წინაშე ჩვენი პლატფორმის წარდგენის. შედეგად, მივიღეთ სიტყვიერი მოწვევა იანვარ-თებერვალში, ვარშავაში მსხვილ სტარტაპ კონფერენციაზე, სადაც დიდი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის ახალი კავშირების, პარტნიორების შეძენისა და ინვესტიციების მოზიდვით კუთხით. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა „ბილიკისთვის“. ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია მივიღოთ მონაწილეობა პოლონეთის სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებში, დავარეგისტრირდოთ კომპანია პოლონეთში, რაც ნიშნავს კარების შეღებას შესაძლებლობების დიდ ოთახში. ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა კომპანიამ, მოახდინოს ქვეყნის წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე, რაც ახლო მომავალში საკმაოდ რეალურია“, - გვიამბობს თორნიკე ცირამუა.

პოლონეთის სტარტაპ ეკოსისტემა, ერთერთი საუკეთესო მაგალითია საქართველოსათვის იმის, თუ როგორ მოახერხა ქვეყანამ მძიმე ისტორიული წარსულის მიუხედავად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინოვაციური ჰაბის შექმნა. პირველი ვენჩურული ფონდი, პოლონეთში 1995 წელს გაჩნდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სტარტაპების განვითარების პროცესს. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმე ომგამოვლილი საქართველო, ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძოდა და მსგავსი ეკოსისტემის შექმნაზე არავინ ფიქრობდა.

დღესდღეობით, პოლონეთში, დაახლოებით 170 ვენჩერული ფონდი და უამრავი მსხვილი სააქსელერაციო პროგრამა არსებობს სტარტაპებისთვის, რაც ანტრეპრენერთათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პლატფორმაა ცოდნის მისაღებად, ინვესტიციების მოსაძიებლად და ევროპის ბაზარზე გასასვლელად. პოლონეთი იზიდავს სტარტაპებს, რომლებიც მნიშვნელოვან დოვლათს და სარგებელს მოუტანენ სახელმწიფოს. ამიტომ კომპანიის პოლონეთში რეგისტრაცია საკმაოდ გამარტივებულია, არ საჭიროებს ფიზიკურად ადგილზე ყოფნას, ხოლო ასეთი მოქნილი მიდგომა ბიზნესებს მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად იდეალურ პირობებს უქმნის. ასეთი სტარტაპ ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, პოლონეთში 9 ე.წ. „უნიქორნია“ (Livechat, Allegro და სხვები), რომლებიც უზარმაზარი საერთაშორისო ბაზრის ნაწილს წარმოადგენენ.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, მისთვის შთამბეჭდავი და ემოციური იყო კემბრიჯის ინოვაციური ცენტრის ვარშავის ფილიალში ვიზიტი, რომელიც ორ სართულზე გადაჭიმულ, „სტარტაპ-სამოთხეს“ წარმოადგენს. „შედიხარ სივრცეში, რომელიც განგრძობინებს თავს, როგორც სამუშაო სივრცეში, ისე სახლში, სადაც ყველაა პირობაა შექმნილი, რომ სტარტაპი კიდევ უფრო მეტად გააძლიერო და განვითარებისკენ უბიძგო“, - აცხადებს თორნიკე ცირამუა.

პოლონეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თორნიკე ცირამუამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად განავითარებდა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას:

  • ცოდნისა და გამოცდილების მიღების ინფრასტრუქტურა, მეტი სტარტაპ პროგრამა, მეტი უცხოური გამოცდილება, საერთაშორისო ვიზიტების შესაძლებლობების შექმნა.
  • უნდა განვითარდეს ვენჩერული ფონდებისა და ანგელოზი ინვესტორების კულტურა. მეტი ფონდი უნდა შეიქმნას და ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ ინოვაციებით.
  • შეიქმნას, მეტი სტარტაპ სამუშაო სივრცეები, შეხვედრების ადგილები და სხვა, რაც კავშირების დამყარებას და სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.
  • მნიშნველოვანია, მჭიდრო კავშირი გვქონდეს პოლონეთის სტარტაპ ეკოსისტემასთან, მათი სტარტაპ პროგრამები, ვენჩერული ფონდები და ინვესტორები უნდა მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ, რათა საქართველო უფრო მეტად გამოჩნდეს რუკაზე.
  • კემბრიჯის ინოვაციების ცენტრს რამდენიმე მსხვილ ქალაქში აქვს გახსნილი მსგავსი ტიპის ცენტრები, შესაძლებელია მათთან ამ მიმართლებით მუშაობა და საპილოტედ საქართველოში შეიქმნას მსგავსი სივრცეები.

თორნიკეს თქმით, ქართულ-პოლონური ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები, მნიშვნელოვანი „კოზირია“ ჩვენს ხელში. პოლონელები საქართველოს მეგობრად და პარტნიორად აღიქვამენ, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ამარტივებს. „პოლონეთის განვითარების რეცეპტი არის იდეალური მაგალითი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს მეტი ყურადღება დავუთმოთ და სტარტაპ ეკოსისტემა უკვე არსებულ, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განვავითაროთ“, - აღნიშნავს თორნიკე ცირამუა, სტარტაპ „ბილიკის“ თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ Biliki ტურისტებისთვის და ტურისტული ინდუსტრიისთვის საქართველოში შექმნილ მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია. Biliki არის ტურისტული მარშრუტების საბაზრო სივრცე, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს აპლიკაციის ციფრულ სივრცეში აერთიანებს და უცხოელ თუ ქართველ მოგზაურებს საინტერესო მარშრუტების დაგეგმვისა და გადაადგილებისთვის, სწორი ორიენტირის აღებაში ეხმარება.