6 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში

გაიცანით ილონ მასკზე მდიდარი 6 ადამიანი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ილონ მასკია, რომლის ქონება $304,3 მილიარდს შეადგენს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს წარმოუდგენელი სიმდიდრეა, რომელსაც ილონმა მრავალწლიანი დაუღალავი შრომის, არაორდინარული გადაწყვეტილებებისა და საკმაოდ ძლიერი პირადი ბრენდის დახმარებით მოუყარა თავი. თუმცა კაცობრიობის ისტორია გაცილებით მდიდარი ადამიანების სახელებსაც ინახავს, რომლებთან შედარებით, მასკი, ბეზოსი, არნო და მსოფლიო რეიტინგების ლიდერები უბრალოდ არაფრით გამორჩეული საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან.

Entrepreneur-ს სურს გაგანდოთ ისტორიაში 6 უმდიდრესი ადამიანის ვინაობა, რომელთა ქონება ინფლაციისა და სხვა ინდიკატორების მიხედვითაა კორექტირებული და ცხადია, არასაკმარისი მონაცემებისა და წყაროთა შორის არსებული განსხვავებების გამო, აბსოლუტურ რეალობას ვერ ასახავს, თუმცა საკმაოდ ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.

ჯონ როკფელერი − 367 მილიარდი დოლარი

თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქონება $367 მილიარდადაა შეფასებული. მან საკუთარი კაპიტალის მოგროვება ნავთობის მოპოვებითა და რეალიზაციით მოახერხა. მისი კომპანია − Standart Oil ფლობდა აშშ-ის მთლიანი ნავთობის მარაგის 90%-ს. მარკეტინგისა და ლოგისტიკის ნოვატორული გადაწყვეტების წყალობით, მან ნავთობის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ვინაიდან როკფელერის კომპანია ზედმეტად მსხვილი იყო, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამტარებელმა რეგულატორმა 1911 წელს იგი 34 მცირე კომპანიად დაანაწევრა, ხოლო როკფელერს თითოეულ მათგანში წილი დაუტოვა. მომდევნო დეკადის განმავლობაში, მან ამ კომპანიების შემოსავალი 5-ჯერ გაზარდა. როკფელერი აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით და დაარსებული აქვს რამდენიმე ფონდი სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც დღემდე არსებობენ.

მანსა მუსა − 415 მილიარდი დოლარი

მე-14 საუკუნის მალის იმპერიის მმართველ მანსა მუსას ქონება, ინფლაციის გათვალისწინებით, 415 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საკუთარი მმართველობის დროს, მან დასავლეთ აფრიკის საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიპყრო, მათ შორის − განას იმპერიაც. ამ პერიოდში, იგი მსოფლიოს ოქროსა და მარილის მარაგების ნახევარს ფლობდა. იგი აკონტროლებდა სავაჭრო გზებს, დასავლეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვას შორის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისი სიმდიდრის მომრავლებას.

მეფე სოლომონი − 2,2 ტრილიონი დოლარი

ჩვენი „ტოპის“ მეხუთე ადგილს ბიბლიური მეფე სოლომონი იკავებს, რომელიც ისრაელის სამეფოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში მართავდა. მიჩნეულია, რომ იგი ყოველწლიური ხარკის სახით 390 ტონა ოქროს იღებდა. გარდა ამისა, სოლომონი შემოსავალს ვაჭრობითა და აკრეფილი გადასახადებით იღებდა. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობით, მან მოახერხა $2,2 ტრილიონის მოცულობის ქონების მოგროვება. აღსანიშნავია, რომ ბიბლია მეფე სოლომონს ლეგენდარული იერუსალიმის ტაძრის აგებას მიაწერს.

ოქტავიანე ავგუსტუსი − 4,63 ტრილიონი დოლარი

კეისრის მემკვიდრე და რომის იმპერიის დამფუძნებელი ოქტავიანე ავგუსტუსი, ტახტზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წელს ავიდა. მან მთელი იმპერიის ერთპიროვნული კონტროლი და ჯამური ეკონომიკის 20%-იანი წილი მიიღო. ამგვარად, მისი ქონება, დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, დაახლოებით 4,63 ტრილიონი დოლარი იყო. მცირე ხნის განმავლობაში, ოქტავიანე პირადად ფლობდა მთელ ეგვიპტეს. ამის გარდა, მან შექმნა სისტემა, რომლის დახმარებით, რომის იმპერიაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სიმშვიდე და წესრიგი სუფევდა.

იმპერატორი შენ-ცზუნი − 30 ტრილიონი დოლარი

ჩინეთის საიმპერატორო დინასტია სუნის წარმომადგენელი შენ-ცზუნი, დაახლოებით 30 ტრილიონი დოლარის ქონების მფლობელი გახლდათ და ეს გასაკვირი სულაც არაა, ვინაიდან ის ფლობდა ქვეყანას, რომლის ეკონომიკა მსოფლიოს მშპ-ის 30%-ს შეადგენდა. შენ-ცზუნმა გაატარა რიგი რეფორმები, რომელთა დახმარებით, ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეფორმა ითვალისწინებდა სესხებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სასოფლო-სამეურნეო მიწების გამსხვილებას და გადასახადების ზრდას. გარდა ამისა, იმპერატორი აქტიურად ეხმარებოდა უმუშევრებს და გლეხებს, რითაც ჩინეთი საყოველთაო კეთილდღეობის ოაზისად აქცია.

ჩინგიზ ყაენი − >100 ტრილიონი დოლარი

მსოფლიო ისტორიის უმდიდრეს ადამიანად კი მონღოლეთის იმპერიის დამაარსებელი და პირველი დიდი ყაენი − ჩინგიზი მიიჩნევა. იგი ერთპიროვნულად ფლობდა ისტორიაში უდიდეს კონტინენტურ სახელმწიფოს, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული. ამიტომ რთულია ზუსტად დაადგინო, რა მოცულობის ქონების პატრონი იყო უდიდესი დამპყრობელი. მეცნიერთა ნაწილის გათვლით, მისი ქონება აღემატებოდა 100 ტრილიონ დოლარს, ამჟამინდელი კურსის გათვალისწინებით. 1206-დან 1227 წლამდე, მისი არმია ანადგურებდა და იპყრობდა ყველა მეზობელ სახელმწიფოს და ხალხებს. ურდოები ძირითადად არბევდნენ დაპყრობილ ქალაქებს და ნადავლი ცენტრში გაჰქონდათ, რომელსაც ჩინგიზ ყაენი ერთპიროვნულად განაგებდა.

რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების აბსოლუტური მონარქიის ეპოქაში, როდესაც მთელი სამეფოს ეკონომიკა ერთი ადამიანის ხელში იყო კონცენტრირებული, ხელმწიფეები მთლიანი მოსახლეობის შრომის ნაყოფის ფაქტობრივი და იურიდიული მფლობელები იყვნენ, რამაც განაპირობა ამ „ტოპში“ მეფეებისა და იმპერატორების სიუხვე. თანამედროვე სამყაროში კი, დიდძალი ქონების გამომუშავება და Bloomberg-ისა და სხვა სააგენტოების სიებში მოხვედრა, საზოგადოებისათვის ღირებული, სასარგებლო პროდუქტისა და სერვისის შექმნასთანაა დაკავშირებული. გაყიდის თუ არა ილონ მასკი საკუთარი აქციების 10%-ს მსოფლიო შიმშილის დასამარცხებლად, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანებს დღეს ბევრად დიდი მასშტაბის საკაცობრიო სარგებლის მოტანა შეუძლიათ და აკეთებენ კიდეც, ვიდრე საუკუნეების წინ.