You can be on Entrepreneur’s cover!

ფიზიკაში გასაოცარი აღმოჩენების შესახებ კონფერენცია და პრეზენტაცია გაიმართა საქართველო საერთაშორისო პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელმაც შესაძლოა ფიზიკაში ბევრი რამ გამოავლინოს და შეცვალოს კიდეც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფიზიკოსთა ჯგუფმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რევაზ შანიძის ხელმძღვანელობით, 7 ნოემბერს წაიკითხა ლექცია თემაზე: „ნეიტრინო - განსაკუთრებული ნაწილაკი, რომელიც ბევრ უპასუხო შეკითხვებს ბადებს". მეცნიერებს საფრანგეთსა და იტალიაში უფრო მეტად კვლევის აპარატურულ ნაწილზე აქვთ გამახვილებული ყურადღება, ამ დროს, ქართული გუნდი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ აგროვებს მონაცემებს და აანალიზებს მათ.

პრეზენტაციას ტერმინალმა" უმასპინძლა, საერთო სამუშაო და საკონფერენციო სივრცემ თბილისში და იგი განსაკუთრებით კარგად იყო ორგანიზებული. მაღალი კლასის პრეზენტაცია Youtube-ზე ლაივ სტრიმით Ioli.Digital, Relocater-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, სტანისლავ საბანოვის მიერ გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საბანოვის პარტნიორმა, კომპანია D-Tech-მა ჯგუფის წევრს და პროფესორ შანიძის მაგისტრანტს, დავით ჯანეზაშვილს გრანტი გადასცა, რომ კვლევის პროცესი უფრო წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყო. ღონისძიება თბილისის თინეიჯერთა ინტელექტუალურ კლუბთან თანამშრომლობით გაიმართა.

კონფერენციის მიზანი ცოდნის გაზიარება და ახალი დაინტერესებული ადამიანების მოძიება იყო კვლევებში ჩასართავად. პრეზენტაციას ამ სფეროთი დაინტერესებული ბევრი ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტი დაესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფერენციამ მეტი ახალგაზრდა მკვლევარის მოძიებას შეუწყო ხელი. პროფესორმა შანიძემ და მისმა სტუდენტებმა დარგის ბრწყინვალე ცოდნით, ეს თემა სრულიად ნათელი და გასაგები გახადეს დამსწრეთათვის.

ამ საინტერესო აღმოჩენების შესახებ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად პროფესორ შანიძა და მის სტუდენტებს მივმართეთ.

„ნეიტრინო ღრმა ოკეანეების კვლევებისთვისაც მნიშვნელოვანია და ამავე დროს, ასტროფიზიკური კვლევისთვისაც", – აცხადებს სტუდენტი და მკვლევარი გოგიტა პაპაშვილი, – „საქმე ის არის, რომ სამყაროს მრავალი სახის უჩვეულო პროცესები ბადებს შეკითხვებს, მაგრამ მათზე პასუხები ჯერ არ არსებობს. მათგან ერთ-ერთია, თუ საიდან მოდის ულტრა მაღალი ენერგიის კოსმოსური სხივები, და ამ შეკითხვაზე პასუხის მოსაძებნად ნეიტრინოს შესწავლა აუცილებელია. შესაძლოა, ამ პროექტით ბევრი მეცნიერი დაინტერესდეს, და მათ შორის, ისეთი ახალგაზრდა სტუდენტებიც, როგორიც მე ვარ. ვისურვებდი, ამ პროექტში მეტი ადამიანი ჩაერთოს, რადგან დღეს ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური ნაწილი ნეიტრინოს ფიზიკაა. როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ ვითარდებოდა და როგორ ფუნქციონირებს ის დღეს. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია და ნეიტრინოს კვლევა კი, ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი".

„ამ ფუნდამენტური ნაწილაკების შესწავლა KM3NeT-ით იგეგმება, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მოთავსებული კუბურ კილომეტრიანი ნეიტრინო ტელესკოპით. პროექტში 15 ქვეყანა თანამშრომლობს და ჩვენი ჯგუფი, საქართველოს სახელით იღებს მასში მონაწილეობას", – ამბობს გიორგი ქისტაური, სტუდენტი და მკვლევარი, – „ჩვენი გუნდი ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზშია ჩართულია და ამისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტის ადგილობრივ სერვერს იყენებს. შედეგების გაზიარება სამუშაო ჯგუფებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში ვორქშოფებსა და კონფერენციებზე ხდება ვირტუალურად ან ფიზიკურად. ნეიტრინოს შეცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან საბოლოოდ სრული წარმოდგენა სამყაროს წარმოშობაზე მან უნდა შეგვიქმნას. ამიტომ, თუ ეს კვლევები საბოლოო შედეგებამდე მიგვიყვანს, შესაძლოა, ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის სრულიად დამსახურებული ჯილდო იყოს".

რევაზ შანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: „მე საერთაშორისო გუნდის, KM3NeT-ის წევრი ვარ, ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაზე ვმუშაობ. ეს დიდი ევროპული პროექტია დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც გერმანიაში ვმუშაობდი და ამ ექსპერიმენტსა და პროექტში იმ დროიდან ვარ ჩართული. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და დაახლოებით 5-6 წლის წინ მკითხეს ჩემმა კოლეგებმა, მინდოდა თუ არა საქართველოში ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. რადგან ეს საკითხი უზომოდ საინტერესო იყო ჩემთვის გადავწყვიტე, ამ ჯგუფს შევერთებოდი. მათი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 4 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება, ჩვენ პროექტის სრულუფლებიანი მონაწილეები ვართ. ამ ექსპერიმენტში სტუდენტების შედარებით მცირე ჯგუფთან ერთად ვარ ჩართული - ორი დოქტორანტი გვყავს და ერთი მაგისტრანტი. ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ მონაცემთა გასანალიზებლად და ამიტომ, ძირითადად, კომპიუტერული პროგრამებითა და მონაცემთა ანალიზით ვართ დაკავებულები. თსუ-ში კომპიუტერული სადგური მოვაწყვეთ, რადგან გამოთვლები ამ ექსპერიმენტის დიდი ნაწილია. ჩვენს მიერ მიღებულ და გაანალიზებულ მონაცემებს სხვა უნივერსიტეტების ჯგუფები განიხილავენ და აანალიზებენ. ჩვენი ჯგუფი უსაზღვროდ მოხარულია, რომ ამ დიდ და მნიშვნელოვან ევროპულ პროექტში შეუძლია მონაწილეობის მიღება. ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, ჩვენ ნეიტრინოს ნაწილაკებს ჩვენი დეტექტორებით ვსწავლობთ. და ამასთან ერთად, ასტროფიზიკასაც ვსწავლობთ ნეიტრინოებით. შესაძლოა, ქვეყანაში ენერგიის წარმოებისთვის აღმოჩნდეს სასარგებლო იქ მიმდინარე ფიზიკურ პროცესებში სათანადოდ გარკვევა. კვლევების შედეგად, ცოდნას მივიღებთ ნეიტრინოების შესახებ, რადგან მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ ნაწილაკებით ექსპერიმენტების ჩატარება უზომოდ რთულია, ამიტომ ვცდილობთ ნეიტრინოს ფიზიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს სათანადოდ ჩავწვდეთ და იმედი გვაქვს, რომ ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ გაცილებით მეტი გევცოდინება ამ ფუნდამენტური ნაწილაკების შესახებ".

ეს კონფერენცია არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ქართველი ფიზიკოსების ჯგუფი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ახალი აღმოჩენების შესახებ. თავის მხრივ, D-tech მზადაა ახალგაზრდა და მოტივირებულ მკვლევარებს მეცნიერების შემდგომი განვითარებისთვის მომავალშიც დაუჭიროს მხარი.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"