You can be on Entrepreneur’s cover!

რა სახის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა USAID-ის პროექტმა ''ზრდა საქართველოში'' 5 წლის განმავლობაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტი „ზრდა საქართველოში", რომელიც საქართველოს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე რეგიონებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემების მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად, 2021 წლის ბოლოს სრულდება. გასული ხუთი წლის განმავლობაში, რიგი გამოწვევების, მათ შორის პანდემიის, მიუხედავად, USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში" არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, მიაღწია რეალურ, ხელშესახებ შედეგებს და უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა.

პროექტის მიმდინარეობის, მიღწევებისა და პარტნიორული პროექტების შესახებ, რომლითაც USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში" უპირობო ლიდერია რეგიონში, ENTREPRENEUR-ს ქალბატონი ქეთევან ჭუმბურიძე − USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელი ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ქეთევანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვისა და მხარდაჭერის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში, იგი კურირებდა არაერთ რეფორმატორულ პროექტს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მედიის გაუმჯობესების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით.
რაც შეეხება უშუალოდ USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში", ის მხარს უჭერს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დონეზე, მუშაობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანობის ზრდაზე, ფერმერებსა და პოტენციურ მყიდველებს შორის საბაზრო კავშირების გამარტივებასა და ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით კონცენტრირებულ რეგიონებში, დასაქმების ხელშეწყობაზე, შემოსავლების ზრდასა და იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

ქალბატონო ქეთევან, რა იყო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" კონკრეტული მიზნები და მისია?

USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში" ფარავდა ისეთ სამიზნე ჯგუფებს, რომლებსაც არცერთი სხვა პროექტი არ მოიცავს. საუბარია საოკუპაციო გამყოფი ზოლიდან ხუთი კილომეტრის სიახლოვეს მდებარე სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემების შესახებ. მოგვიანებით, პროექტის მიმდინარეობის მესამე წელს, გაზრდილი ბიუჯეტის წყალობით მოვახერხეთ პანკისის ხეობაში შესვლაც და აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პროექტია, რომელმაც იქ ასეთი მასშტაბური ინტერვენცია განახორციელა. „ზრდას" მიზანია, კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს, გაიზარდოს მათი შემოსავალი, შემცირდეს საოკუპაციო გამყოფ ზოლთან სიახლოვით გამოწვეული რისკი და მოსახლეობა ეკონომიკური ფაქტორებისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ მედეგი გახდეს. ეს ყველაფერი კი, მიზნობრივი ინტერვენციებით, ეკონომიკური აქტივობების შექმნით, ცოდნის ამაღლებით, წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებითა და საერთო ჯამში, ადამიანებისთვის სოფლებში დარჩენის სურვილის გაჩენით მიიღწევა.

თავდაპირველად, პროექტის დიზაინის ჩამოყალიბების პროცესში, USAID-ის მიერ შეირჩა ექვსი რეგიონი და ყველა მათგანი სოფლის მეურნეობის კუთხით საკმაოდ აქტიური იყო. ყველაზე მეტი ეკონომიკური აქტივობა, სწორედ ამ მიმართულებით შეინიშნებოდა, რამაც ჩვენ მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართ კონცენტრირება განაპირობა. თუმცა, მოგვიანებით დავინახეთ, რომ ამ რეგიონებს საოცრად დიდი პოტენციალი აქვთ ტურიზმისა და სხვადასხვა სერვისის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ეს მიმართულებებიც გაძლიერდა პროექტის ფარგლებში.

უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერებას და მათ მეტ ინტეგრაციას რეგიონის ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბენეფიციარების 60% სწორედ ქალები არიან. რეგიონებში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, მიწათმოქმედება აქტიური სფეროა და ქალების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, სტარტაპებისა და მეწარმეობის კუთხით კი, ახალგაზრდები მეტად აქტიურობენ.

რა სახის პროექტები განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და როგორ შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მიმართულებით, სადაც ვმუშაობთ, საწარმოო ჯაჭვის ყველა რგოლს ვეხებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაუმჯობესებთ მწარმოებლებისა და ფერმერების უნარებს, შემოგვაქვს ახალი ტექნოლოგიები, გავცემთ სხვადასხვა ტიპის გრანტს, ვაკეთებთ ინვესტირებას განათლებასა და ინფრასტრუქტურაში, და გარდა ამისა, ვაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ ფერმერთა ნაწარმი მიმზიდველი გავხადოთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრებისათვის. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად ავამაღლოთ ფერმერების დამოუკიდებლობის ხარისხი, რათა მათი ბიზნესი გახდეს მდგრადი, და მომავალში, ფერმერებმა თავად შეძლონ საკუთარ ბიზნესზე, წარმოებაზე ზრუნვა, კიდევ უფრო გააუმჯობესონ წარმოებისა და პროდუქციის ხარისხი.

მოცვის სათბური სამეგრელოში

ჩვენი ჩართულობით, შეიქმნა სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო პაკეტები ფერმერებისთვის, რომლებიც აგრონომის ვიზიტს, სატელეფონო კონსულტაციას, ლაბორატორიულ სერვისს და ბევრ სხვა სარგებელს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო აქტიურად დაინერგოს ეს კულტურა − ფერმერებმა პროფესიონალი აგრონომების სერვისი შეიძინონ, რაც უფრო ეფექტურად და სწრაფად გაზრდის პროდუქციის ხარისხს. პროექტმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ბუნებრივი სტიქიებით, კერძოდ, სეტყვით დაზარალებული ფერმერებისათვის დაუყოვნებელი დახმარების გაწევის პროცესში; სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, სწრაფად შევქმენით ვაუჩერული სისტემა, რითაც შევძელით ერთი მხრივ, ფერმერებისათვის ზარალის ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, მათთვის მოტივაციის შექმნა, რომ არ დატოვონ სოფელი და კვლავ გააგრძელონ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა.

რეალურად, სოფლის მეურნეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი მოსავლის აღებისა და შენახვის მენეჯმენტია. ბაზარზე საკმაოდ დიდია კონკურენცია, მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტი უნდა, ხოლო ჩვენს ფერმერებს არ აქვთ ახალი ტექნოლოგიების საკმარისი ცოდნა
და არც ინფრასტრუქტურა საიმისოდ, რომ მოსავლის ხანგრძლივად შენახვა შეძლონ და მეტად ხელსაყრელ დროს გაყიდონ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახელმწიფო თუ სხვა დონორული პროგრამების მიერ დაფინანსებული სამაცივრე მეურნეობები, ისინი ძირითადად მსხვილი ფერმერებისთვისაა ხელმისაწვდომი და საკმაოდ ძვირი ჯდება ჩვენი ბენეფიციარებისთვის − წვრილი და მცირე ფერმერებისათვის. ინფორმაციისთვის, წვრილი და საშუალო ფერმერები ბაზრის საკმაოდ დიდ წილს შეადგენენ. ჩვენმა პროექტმა გადაწყვიტა სოფლების დონეზე პატარა, 100-200 კუბურმეტრიანი სამაცივრე მეურნეობების მოწყობა, რაც საკმაოდ ეფექტური პროექტი გამოდგა. პანდემიის გამო რესტორნებისა და სასტუმროების დაკეტვამ, ფერმერთა პროდუქციაზე მოთხოვნა შეამცირა და აუცილებელი იყო ისეთი სივრცის არსებობა, სადაც მოსავალი დაბინავდებოდა, დაიცდიდა შესაფერის მომენტამდე და ფერმერისთვის ხელსაყრელ დროს გავიდოდა ბაზარზე უფრო მაღალი ფასით. ჩვენი პროექტის ფარგლებში, 70-მდე მაცივარი გაკეთდა, რომელთა გაყიდვების ჯამურმა შემოსავალმა, პანდემიის დროს 3 მილიონს გადააჭარბა. დამეთანხმებით, ეს უზარმაზარი შედეგია.

ასევე, USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფორმატში, შეიმუშავა მობილური აპლიკაცია „აგრონავტი". ეს პლატფორმა ფერმერებს მყიდველებთან აკავშირებს. აპლიკაციაში არის ფერმერისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია − დაწყებული ამინდის პროგნოზით, სხვადასხვა სახელმძღვანელოთი, და დამთავრებული მიწის აუქციონით, სასერტიფიკატო პროგრამით. აპლიკაციის შექმნის იდეა „აჭარა ჯგუფის" სასტუმროების პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ წარმოიშვა. მათ სურდათ იმპორტული სოფლის მეურნეობის ნაწარმი ადგილობრივით ჩაენაცვლებინათ, თუმცა ვერ პოულობდნენ ფერმერებთან დასაკავშირებელ არხებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ჩვენი ფინანსური დახმარებით შექმნილმა
„აგრონავტმა" კი, ეს პრობლემა აღმოფხვრა. დღეს, „აგრონავტის" პლატფორმაზე პროდუქტის 250-ზე მეტი სახეობა იყიდება და 5000-ზე მეტი მომხმარებელია გაერთიანებული.

„აგრონავტმა" მოგვიანებით უკვე ხარისხის სტანდარტის დანერგვის აუცილებლობაც დაგვანახვა, რომელიც მანამდე საქართველოში არ არსებობდა. ვიცოდით „ევროგაპის" შესახებ, რომელიც ექსპორტით დაინტერესებული ფერმერებისათვის არის განკუთვნილი, თუმცა არ არსებობდა ადგილობრივი,
„ევროგაპის" მსგავსი ქართული სტანდარტი. ამიტომაც, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით შევქმენით გამარტივებული ქართული სტანდარტი „გეოგაპი", რომელიც უკვე ხელმისაწვდომია პატარა ფერმერებისათვის, და ამავდროულად, მისი პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია. ამ სტანდარტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაუჭირა მხარი და მისი მფლობელი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გახდა. „გეოგაპის" დანერგვა დღეს ნებისმიერ მსურველ ფერმერს შეუძლია. ამისათვის საჭიროა ფერმერმა მიმართოს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, სადაც მას გაუწევენ კონსულტაციას სტანდარტის დანერგვის საკითხებში, რის შემდეგაც ფერმერი შეძლებს
„გეოგაპის" სტანდარტის სერტიფიკატის მიღებას. ეს არის გარანტი იმისა, რომ ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქტი ხარისხიანი და უსაფრთხოა, რაც ამ პროდუქტს უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის ბაზარზე.

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მთავარი სამომავლო ვექტორი, მაღალტექნოლოგიურ მეურნეობაზე გადასვლა უნდა იყოს. პროდუქტის რაოდენობით კონკურენციაში შესვლა, ბევრ მსხვილმიწიან სახელმწიფოსთან გაგვიჭირდება, თუმცა ნამდვილად გვაქვს პოტენციალი, დასავლურ ბაზარს უმაღლესი ხარისხის ნაწარმი შევთავაზოთ.

როგორც ვიცით, USAID-ის პროექტისთვის „ზრდა საქართველოში" მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებაც. რას გვეტყოდით ამ სფეროში მიღწეულ შედეგებზე?

რეგიონებისათვის ტურიზმის პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე პროექტის მსვლელობის მეორე წლიდანვე დავფიქრდით. ჩვენ ვმუშაობდით სამეგრელოში, რომელიც საკმაოდ მდიდარია ღირსშესანიშნაობებით და გეოგრაფიულად ახლოსაა სვანეთთან. ასევე, სამცხე-ჯავახეთში, რომელიც ამოუწურავი საოცრებაა და ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ამის შესახებ. ამიტომ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას მეტი ყურადღება დავუთმეთ.

ჩვენ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონული ტურიზმის განვითარების მიზნით, DMO-ების, ანუ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების შექმნა
იყო და სწორედ სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო გახლდათ პირველი, სადაც ისინი ამუშავდა. ამ პროექტზე წელიწადზე მეტი ვიმუშავეთ, ხოლო მოგვიანებით მსგავსი ორგანიზაციები მსოფლიო ბანკის ეგიდით იმერეთისა და კახეთის რეგიონებშიც შეიქმნა.

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ტურიზმის მართვის ახლებური ფორმაა, რომელშიც ჩართულია სექტორში მომუშავე ყველა სუბიექტი: ადგილობრივი მთავრობა, ბიზნესები, ასოციაციები, კერძო ბიზნესები და ა.შ. მოგეხსენებათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან ცენტრალიზებულია. ადმინისტრაცია წყვეტს, რომელი ქვეყნის ბაზარია პრიორიტეტული და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტურიზმი ქვეყანაში. DMO-ების შექმნით, ჩვენ მიზანი იყო, რეგიონების ჩართულობა და როლი უფრო მაღალი ყოფილიყო ტურიზმის განვითარებისა და დაგეგმვის პროცესში. ამასთანავე, DMO არის საშუალება, სექტორი რეგიონის დონეზე მეტი ორგანიზებულობისათვის, რათა სექტორს რეგიონის დონეზე ჰქონდეს „ერთიანი ხმა".

ამისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სერიოზული სამუშაოები განვახორციელეთ. მოვიძიეთ დაინტერესებული ჯგუფები, შევქმენით სამუშაო ჯგუფები და
მთავარ პრიორიტეტებზე შევჯერდით. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში კერძო და საჯარო სექტორები მზად აღმოჩნდნენ, ერთი მაგიდის გარშემო დამსხდარიყვნენ და ემსჯელათ, რა არის მათთვის უკეთესი. ამის შემდეგ, ჩავატარეთ ტურიზმის სიმპოზიუმი, დავატრენინგეთ ადგილობრივი ტურიზმის სფეროს ოპერატორები, ვასწავლეთ როგორ ესაუბრონ დონორებს, როგორ მოიზიდონ ინვესტიციები და მუშაობამ შედეგიც გამოიღო.

მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდმა" ყველაფერი გააჩერა, DMO-ები არ გაჩერებულან, პირიქით − პულსზე უდევთ ხელი და კერძო სექტორთან მუდმივ კონტაქტში არიან. ჩვენც და სხვა დამფინანსებლებიც აქტიურად ვეხმარებით მათ, რათა რეგიონებში ინფორმაციის ნაკადი არ შეწყდეს.

გამოყენება და მისი დაცვა; და რაც ყველაზე მთავარია, ესაა ადგილობრივი თემის ჩართულობა − ინკლუზიური ტურიზმის ამოსავალი წერტილი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი თემი იღებდეს მონაწილეობას, ვინაიდან ლოკალური საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ, მათზე უკეთ არავინ იცის. ამ მოდელის მიხედვით ვიმუშავეთ თუშეთში, და ვფიქრობ, კარგი იქნება მსგავსი მოდელის რეპლიკაცია სხვა რეგიონებში.

„ზრდა" პროექტის ფარგლებში, ვიმუშავეთ 15 მუზეუმთან, რომლებიც აღვჭურვეთ, პერსონალი გადავამზადეთ და რიგი სიახლეები დავნერგეთ, როგორიცაა ვირტუალური ოთახი ვარძიაში, სადაც შშმ-პირები მარტივად შეძლებენ ამ ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას. ასევე, მოვაწყვეთ პირველადი დახმარების ოთახები, სპეციალური ეკიპირებით მოვამარაგეთ სხვადასხვა რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები.

აქტიურად ვიმუშავეთ კოლხეთის ეროვნულ პარკში. დაცულ ტერიტორიაზე არსებულ პატარა კუნძულზე
თოკების პარკი გავმართეთ, რაც დამატებითი ტურისტული სერვისია ვიზიტორებისათვის. დღეს უკვე კოლხეთის ეროვნულ პარკში მისულ სტუმარს შეუძლია როგორც ბუნებრივი ძეგლების დათვალიერება, ისე ჩვენ მიერ შეძენილი კატარღით გასეირნება და თოკების პარკში გართობა.

USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში" უზრუნველყო საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვა კანიონინგის, რაფტინგისა და ცხენოსნობის მიმართულებით.
„ბლუ ბეიჯის" მფლობელი ბრიტანელი გიდის დახმარებით, გიდების პროგრამა შევიმუშავეთ ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს რეგიონებში შეეძლება 6 თვეში დაეუფლოს ამ პროფესიას და დასაქმდეს ტურიზმის სფეროში.

პროექტის „ზრდა საქართველოში" ერთ-ერთი აღმოჩენა, პანკისის ხეობაა. ჩვენ პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტი ვიყავით, რომელიც ამ ხეობაში სამუშაოდ შევიდა და ჩვენამდე ეს მხარე და მისი პოტენციალი აბსოლუტურად უცნობი იყო ბევრისთვის. დღეს კი, ჩვენი დახმარებით 14-მდე საოჯახო სასტუმრო მუშაობს, და საკმაოდ წარმატებულადაც. აქ შეიქმნა საბანაკე სივრცეები და საცხენოსნო სერვისი. პანკისის მაგალითზე, ჩვენმა პროექტმა ნამდვილად კარგი შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო ხალხმა ჩვენი მეშვეობით. ასეთია ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი, რომელიც შარშან ტურისტული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ამ მხარის ცნობადობა გაიზარდა და მეტი ადამიანი დაინტერესდა, მეტი ჩავიდა, მეტი მოგზაური ესტუმრა და შეიქმნა ახალი ტურისტული პროდუქტები, როგორიცაა კულინარიული წიგნი „ქისტური ტაბლა", რაც იქაური ტურისტული ცენტრებისათვის და მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

რადგან „ტაბლა" ვახსენეთ, მინდა ვთქვა, რომ ახლა ამ კულინარიული წიგნების სერიის ბოლო გამოცემაზე ვმუშაობთ, სახელად „ეთნო ტაბლა", რომელიც ქვემო ქართლის უნიკალურ გასტრონომიულ ტრადიციებს შეეხება. ჩვენამდე მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. ამ წიგნის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ეთნიკური უმცირესობების მიერ შემონახულ რეცეპტებსა და უამრავ სიახლეს აერთიანებს. გარდა ამისა, „ტაბლა" არა მხოლოდ რეცეპტების კრებული, არამედ ტურისტული პროდუქტია და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოხმარდება.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტია „გააციფრულე საქართველო", რომელიც Google-ის რუკაზე საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ატრაქციისა თუ ბიზნესის დატანას ითვალისწინებს. 30-მა ციფრულმა მოხალისემ გაიარა Google-ის ტრენინგი Google for Tourism კამპანიის ფარგლებში; 300-მა „ციფრულმა ელჩმა" 5000-ზე მეტი ადგილი გააციფრულა. 60 000-ზე მეტი წვლილი, 1500-ზე მეტი ახალი ადგილი, მათ შორის ადგილობრივი მცირე, საშუალო ბიზნესისა და ტურისტული ატრაქციები დაემატა Google-ის რუკას. ბენეფიციარებისთვის შეიქმნა 16 Google-საიტი. 40 000-ზე მეტი ფოტო აიტვირთა Google Maps-ში, ხოლო ფოტოებმა ჯამურად 18 000 000 ნახვა დააგროვა Google-რუკებზე. თუ დღეს Google-ში არ იძებნები, ესე იგი არ არსებობ. შესაბამისად, „გააციფრულე საქართველო" აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს ეკონომიკური კუთხითაც.

USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში" წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან. განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?

მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო სექტორთან მიზნობრივი თანამშრომლობით, რეგიონებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ზოგადად, თემის ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანებისთვის სასმელი წყლის, გზების, ხიდების, სანიაღვრეებისა და ინფრასტრუქტურის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა. ჯამურად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით, 27-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა ნაწილი დღემდე მიმდინარეობს, ხოლო ჩვენ მიერ გაღებული ინვესტიცია, მილიონ დოლარს აღემატება.

ჩვენ ამ პროექტის მანდატში მშენებლობის უფლება არ გვქონდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და თემის ლიდერებთან სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამოვყოფდით პრიორიტეტულ საკითხებს, ვამზადებდით პროექტს, ხოლო მის აღსრულებაში უშუალოდ მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ, უამრავ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, და ერთ-ერთი ჩვენი პროექტის მეშვეობით, 144 კომლს, ჩვენი დახმარებით, სასმელი წყალი სახლის ეზოში შევუყვანეთ.

მინდა ასევე შევეხო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" პარტნიორობას ანაკლიის პორტის კონსორციუმთან, სადაც დაახლოებით მილიონი დოლარის დაბანდება იყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში. ნაწილი ინიციატივებისა მაინც შესრულდა და კარგი შედეგებიც მივიღეთ. გარდა ამისა, აქტიურად ვითანამშრომლეთ BP-ისთან და 41 სოფელში რესურსების გაერთიანებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.

სულ ახლახან, ვითანამშრომლეთ „სტარტაპ საქართველოსთან" და ამ პარტნიორობის შედეგად, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე დასახლებებში არაერთი პროექტი შეიქმნა, როგორიცაა: ორგანული „კომბუჩას" და მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმოები სოფელ ყარაფილაში; კომპლექსური სასუქების საწარმო სოფელ მეჯვრისხევში; ნახშირისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოები სოფელ რუხში.

ორგანული კომბუჩას საწარმო საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში

როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება USAID-ის მიმართ და რამდენად მაღალია თქვენ მიერ განხორციელებული პროექტების მიმღებლობა რეგიონებში?

დავიწყებ იმით, რომ როდესაც USAID-ი პირველად შემოვიდა საქართველოში, მისია მეტ ყურადღებას უთმობდა დაფინანსებული პროექტების ბენეფიციართა პოპულარიზაციას − ადამიანების, რომელთა ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მეტი დრო და ენერგია დაგვეთმო საზოგადოების მეტად ინფორმირებულობისთვის, მეტად აგვეხსნა, თუ საიდან მოდიოდა ეს დაფინანსება, რატომ ხორციელდებოდა ესა თუ ის პროექტი და რას ემსახურება ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. რუსული პროპაგანდის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიგონ ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორის − აშშ-ის დახმარებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

ამიტომაც, USAID-ის დაფინანსებული პროექტები დღეს უფრო მეტს საუბრობს ჩვენს საქმიანობაზე. შედეგად, USAID-ის ცნობადობაც საგრძნობლად გაზრდილია. ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ხუთი წელი ვიმუშავეთ, ყველამ იცის, რა არის USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში", რა სიკეთეების მომტანია, და რომ ამის მთავარი წყარო აშშ-ა.

ქალბატონო ქეთევან, შეგიძლიათ დაასახელოთ ნიშები, რომელთა მოცვა გსურდათ USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" ფარგლებში, თუმცა ხუთწლიანი პერიოდის ჭრილში ვერ მოახერხეთ?

ნიშა თითქმის ყველა სფეროშია და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული იყო დახმარება ჩვენი მხრიდან, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. თუ გვინდა, ხალხს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე რეგიონებში ცხოვრების სურვილი გავუჩინოთ, ახალგაზრდებს თავიანთი საქმის ადგილზე კეთების შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

ამის წარმატებული მაგალითებიც გვაქვს. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმეს" ფარგლებში, ვაცხადებდით კონკურსს ახალგაზრდებისთვის, ვატარებდით ტრენინგებს, ვამუშავებდით იდეებს და ვეხმარებოდით, ეს იდეები ფურცელზე გადმოეტანათ. საუკეთესო 14 ბიზნესპროექტი დაფინანსდა ამ პროგრამით, ახალგაზრდებმა დაიწყეს სტარტაპ-ბიზნესი, ზოგმა უკვე გააფართოვა კიდეც, და პოპულარულიც გახდა.

პირადად მე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეთნიკურ უმცირესობებთან არასაკმარის კომუნიკაციას მივიჩნევ. ზოგადად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა იშვიათად მონაწილეობს საგრანტო კონკურსებში, ნაკლებად არიან ინტეგრირებული, რისი მთავარი მიზეზიც ენის არცოდნაა. ინტერესს იჩენენ, თუმცა აპლიკაციები არ შემოაქვთ, რაც მთელი რიგი სოციალური თუ კულტურული ასპექტიდან გამომდინარეობს.

ჩვენი პროექტის ფარგლებში რთული იყო, ასეთ გლობალურ საქმეს შევჭიდებოდით, რაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. მას არასათანადო ყურადღება ექცეოდა წლების განმავლობაში და შედეგს ახლა ვიმკით. USAID-ი აპირებს კონკრეტულად ასეთ რეგიონებში ინტერვენციების განხორციელებას და ის, რაც USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში" ვერ მოახერხა, აუცილებლად იქნება მათთვის მაგალითი და გასათვალისწინებელი.

ახლა, როდესაც შემაჯამებელი ანგარიში გვაქვს წარსადგენი პროექტის დასრულების ფარგლებში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ინდიკატორში გადაჭარბებულად შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, და ერთადერთი, რაშიც სასურველ შედეგს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, დასაქმების კრიტერიუმი იყო პანდემიური გამოწვევების გამო, თუმცა ამ მიმართულებითაც ახლოს ვართ მიზნობრივ შედეგებთან.

შეგვიძლია ვისაუბროთ USAID-ის სამომავლო გეგმებზე საქართველოში? და არის თუ არა უკვე დაგეგმილი ახალი პროექტები?

USAID-ის მთელი სიკეთე ისაა, რომ 100-ზე მეტ ქვეყანაში, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით,
ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ქალების გაძლიერებაზე, მდგრადი ეკონომიკის განვითარებაზე და განვითარებადი ქვეყნების მაღალ სტანდარტთან მიახლოებაზე მუშაობს.

საქართველო მუდმივად ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა და პროექტების დიზაინიც კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით მუშავდება. USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" შემდეგ, აუცილებლად იქნება სხვა პროექტიც, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამა ეთნიკური უმცირესობების, ადგილობრივი თვითმმართველობების, განახლებადი ენერგიისა და რეფორმების კუთხით, რომლებიც სამთავრობო დონეზე მუშაობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განათლების კუთხით სკოლებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროექტები.

USAID-ი მუდმივად ცდილობს ისეთი სექტორული ინტერვენციების განხორციელებას, რომლებიც საერთო ვითარებას ყველა მხრიდან წაადგება. სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილია, ერთ დღეს გავიღვიძოთ ქვეყანაში, სადაც USAID-ის დახმარება აღარ დაგვჭირდება, თუმცა სამწუხაროდ, ამ რეალობისგან ჯერჯერობით შორს ვართ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე