წერილები ღმერთს და კორონას

მალე გაგვაღვიძე, ღმერთო!

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ყველას გახსოვთ ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“.

შმიტს ნამდვილად ვერ შევედრები, არც მაგდენი უნარი მაქვს და არც ისეთი სრულყოფილი ვარ, როგორც ოსკარი და მისი ვარდისფერი ქალბატონი როზა...

ბოლო პერიოდში, რაც მსოფლიოს უხილავი მტერი გამოუჩნდა, ბევრი რამ გადაალაგა და გადამაფასებინა. ღრმად ვიგრძენი სიცოცხლის ფასი, მაშინ, როცა უსახელოდ, საერთო სამარხები გათხარეს აშშ-ში (და არა მარტო) და შიგ ერთად „ჩაყარეს“ მიცვალებულთა ცხედრები... ისე, რომ ახლობლებს გამომშვიდობების საშუალებაც არ მიეცათ.

კორონა − რუსულად ძალიან მეფურად ჟღერს, მაგრამ ყველა აგვრია. როდის წახვალ?.. უკვე საკმარისია ამდენი მსხვერპლი. ამდენი გაჩერებული საწარმო. ამდენი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი. ამდენი მოხუცი, რომელიც შვილებთან და შვილიშვილებთან შეხვედრას ელოდება. ამდენი ექიმი, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის წინაშე, რათა სხვები გადაარჩინონ, რომელთაც საკუთარი შვილები თვეობით არ უნახავთ და ტელეფონზეც ვერ ელაპარაკებიან. წადი... თუ იმისთვის მოხვედი, რომ ერთმანეთის სიყვარულით ტკბობა, ერთმანეთის მხარდაჭერა ვისწავლოთ, − ამას ვერასოდეს ვისწავლით.

მატრაკვეცობასა და თავის გამოდებასაც ვერ ველევით. აღდგომის ლიტურგიაზე მთლად ყველანი ვერ დავრჩით შინ.

ეს მატრაკვეცობა სისხლში გვაქვს, მაგრამ ვგონებ, მთლად ჩვენი ბრალიც არ უნდა იყოს. რადგან მოძღვრებმა მისცეს საკუთარ მრევლს კურთხევა, რომ უნდა მისულიყვნენ ტაძარში, და მეტიც − ვაკის ძალიან „პრადვინუტმა“ მამაომ 2000 კაცისთვის სპეციალურად მოაწყო თავშეყრის ადგილი. მაგრამ ვერ მივართვით. 2000 არ მისულა. მადლობა, ღმერთო!

გადავლილი თემაა, მაგრამ რომ არ შევეხო, არ შემიძლია. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება სოც. ქსელში, რატომ ვლანძღავთ ეკლესიებს და მამაოებსო? ესო ეკლესიაზე ზემოქმედება არისო, მაგრამ როგორ არ უნდა გალანძღო მოძალადე „მხედრიონელი“, რომელიც გრძნობს, როგორ კარგავს ძალაუფლებას და მისი „არდაკარგვის“ შიშით, ყველაფერზე მიდის?!

როცა მთავრობა გთხოვს, რომ ყველა დარჩეს შინ; როცა საგანგებო მდგომარეობაა; როცა ამდენი, კანონმორჩილი ადამიანი გამოკეტილია სახლში, იმიტომ, რომ სხვას არ ავნოს; როცა ეკონომიკა სრულად გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა; როცა ექიმებსა და ექთნებს ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა უწვავს სახეს, ხელებს, დაფუფქულები დადიან, რათა ჩვენი მოქალაქეები გადაარჩინონ, როცა ისინი „პამპერსებით“ არიან მთელი დღე, რომ აღნიშნული აღჭურვილობის მოხსნაში დრო არ დაიკარგოს... როცა ლუგარის ლაბორატორიის ინფექციონისტი იღუპება, რომელსაც გულის შუნტირება აქვს გაკეთებული ღამეების გათენებისა და გადატვირთული რეჟიმის გამო, და შენ არ გინდა დროებით, ვიმეორებ − დროებით შეაჩერო მრევლის ტაძარში მისვლა... ეს ის მაგალითებია, რომლებსაც თვალი უნდა გაუსწორო და რეალური საფრთხე დაინახო თავყრილობაში. ეს ის მაგალითებია, როცა პაპზე მეტი კათოლიკე არ უნდა იყო.

ღმერთო, კი ვუთხარი კორონას, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ როცა გეთსამანიის ბაღში იესო გევედრებოდა − „დაიცევ ესენი, უფალო“, ახლა, როგორც არასდროს, ისე მესმის ამ ვედრების.

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ შეზღუდვების გარეშე ვერ იქნებოდა, ვერ მოხდებოდა. „პანდემიის კრიტიკულ დღეებში, ექიმები და მეცნიერები რეკომენდაციებს გვაძლევენ და მთავრობის წარმომადგენლები საჭირო და აუცილებელ ზომებს მიმართავენ, და ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთ საკუთარი ძმების დაცვის საქმეში“. ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთო, ადამიანებო, გესმით?! მათი წილი პასუხისმგებლობა იგრძნო მსოფლიო პატრიარქმა, რადგან ყველა რეგულაცია უძლურია, თუკი საერთო სულისკვეთება არ იქნება, თუკი სათითაოდ ყველა არ აღიარებს, რომ ყველამ უნდა დადოს თითო აგური.

ღმერთო, რა თქმა უნდა, შინ დარჩენილები ვლოცულობთ სიყვარულის, ჩვენთვის ჯვარცმული იესოსთვის, რომ განამტკიცოს დაავადებულები, შეეწიოს ექიმებს, მკურნალებს, და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან უხილავი მტრის წინააღმდეგ.

განა ეს ჩემი წერილი შენდამი ლოცვა არ არის? თანაც მხოლოდ შენზე კი არა, ვირუსსაც ვთხოვ, მალე წავიდეს, გვაკმაროს დანაკარგი, რომელიც ქართულ ეკონომიკას წლების განმავლობაში თან გაჰყვება და ვინ იცის, რამდენი ხანი იქნება საჭირო, რათა გამოვძვრეთ თავზე მომდგარი კრიზისიდან.

ღმერთო, შენ ძალიან კარგად იცი, რომ არ ილახება და არ იზღუდება ჩვენი რწმენა, სრულიად არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების როლი; დროებით მიღებული შემზღუდველი ზომები არ წარმოადგენს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას. შენ ხომ თავად გვასწავლე, რომ არ გამოგცადოთ?!

ღმერთო, მე ვიცი, რომ რაღაც ცუდი ყოველთვის იმიტომ ხდება, რომ სხვა უკეთესი რამ მოხდეს. ეს უკეთესი კი არის ის, რომ ჩვენს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები დაგვანახვე. გავიგეთ ადამიანებმა, ვინ ნამდვილი ღვთისმოსავია და ვინ ძალაუფლების მოყვარული, ანაფორას ამოფარებული; ვის უყვარს უფალი და მოყვასი თვისი, და ვის ფეხებზე ჰკიდია! ფეხებზე ჰკიდია არა მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან, არამედ ყველა კანონი, ყველა რეგულაცია.

ეკლესია ორად გაიყო. უფრო სწორად, ეკლესია კარგა ხანია გაყოფილია და იქ შიდა ბრძოლები მიმდინარეობს თავის გადარჩენისთვის, ძალაუფლებისთვის, შავი „ჯიპებისთვის“, სერიით „ამინ“, და კიდევ ბევრი რამ... უბრალოდ, პანდემიამ უფრო ცხადყო ეს ყველაფერი.

ჰო, ბევრი აღმაშენებელსაც შენატრის და რუის-ურბნისის კრებას ითხოვს, რომელიც ვგონებ, უკვე ჩატარდა. შენს სახლში, რომელიც სიყვარულით სავსეა, მალე შეწყდება „შავი მამაოების“ ბოგინი. და ეს დაჩქარებული ნიღბების ჩამოხსნა, ცალსახად, და პანდემიის დამსახურებაა...

„მწამს, უფალო და ვაღიარებ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი“.

პანდემიის დამარცხებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ჯერ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს შინ დარჩენა. ახლა მეხუთე ტალღაო. ამ აუცრელობის პირობებში იქნება მეექვსე, მეშვიდე... კი, დაგვიანდა აცრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. დაგვიანდა ადამიანების დარწმუნება. დაგვიანდა, ადამიანები ენდონ მეცნიერებას და არ აჰყვნენ ჭორებს. დაგვიანდა ტალღების მართვა. ნუთუ ასე ძნელია ავიცრათ ერთმანეთის სიყვარულისთვის. ერთმანეთის გადარჩენისთვის.

ძვირფასო ღმერთო, ამ ორ წელიწადში თითქოს 100 წლის გავხდი, როგორც ოსკარი და მისი ვარდისფერი ქალბატონი. ოსკარი ორ თვეში, მე ორ წელში. ოსკარივით დავიწყე ფიქრი: „რომ ცხოვრება მეტად უცნაური ძღვენია. თავიდან გადაჭარბებულად ვაფასებთ მას და გვგონია, რომ ის მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ, რატომღაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ; გვგონია, რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა; ლამის მზად ვართ, ზურგი შევაქციოთ. ბოლოს ვხვდებით, რომ ეს სულაც არ ყოფილა საჩუქარი, არამედ სესხი. აი, მაშინ ვიწყებთ ბრძოლას, როგორმე დავიმსახუროთ.

რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო გვმართებს დახვეწილი გემოვნების გამოვლენა, რათა ცხოვრების სრულად შეფასება შევძლოთ. წლების მატებასთან ერთად, სიცოცხლესთან ფაქიზი, თითქმის არტისტული მიდგომა მოგვეთხოვება. ნებისმიერ კრეტინს შეუძლია 10 ან თუ გნებავთ, 20 წლის ასაკში ცხოვრებით ბოძებული სიამოვნებებით დატკბეს. მაგრამ 100 წლის ასაკში, როცა განძრევაც კი გიჭირს, ამ ტკბობის განცდა ჭკუა-გონებით უნდა შეძლო“, − ეს ოსკარის ბოლოსწინა წერილია, ღმერთთან გაგზავნილი.

ბოლო წერილში კი ის ამბობს, რომ დაღლილობას გრძნობს − არ დაგვღალო, ღმერთო.

კორონავირუსმა განამტკიცა შენი რწმენა. სიყვარულით სავსე ვარ და იმედით შემოგყურებ!

P.S.: სიკვდილამდე სამი დღით ადრე ოსკარმა სასთუმალთან მდგარ პატარა მაგიდაზე აბრა განათავსა. ვფიქრობ, შენ უნდა გეხებოდეს. აბრაზე შემდეგი ეწერა: „მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“.

P.P.S.: მალე გაგვაღვიძე, ღმერთო!

ლილი (ხატია) ალფაიძე

Written By

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი.