ვასილ რეხვიაშვილი - ქართველი ტექნოლოგიური დირექტორი საერთაშორისო მასშტაბის სტარტაპში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ ახლახან, ჩვენი მკითხველისათვის ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს საქართველოში გამართულ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპმა − Intrro, ადრეული ეტაპის საინვესტიციო რაუნდი $2,2 მილიონი მოზიდული ინვესტიციით დახურა, რაც მას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ბიძგს მისცემს.

entrepreneur.ge

Intrro-ს დამფუძნებლები ნასერ ოჯიდანი და ნილ ჯეიმი შაჰი არიან. Entrepreneur-თან საუბრისას გაირკვა, რომ ამ სტარტაპის ტექნოლოგიურ მიმართულებას ქართველი სპეციალისტი − ვასილ რეხვიაშვილი უდგას სათავეში. სტარტაპზე მუშაობის საწყის ეტაპზე, როდესაც ნასერი და ნილი თავიანთი იდეის განსახორციელებლად პარტნიორებს ეძებდნენ, დამფუძნებლები თბილისში 200-ზე მეტ პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერს გაესაუბრნენ, მაგრამ საბოლოოდ, როგორც თავად აცხადებენ: „გვქონდა ბედნიერება შევხვედროდით ვასილ რეხვიაშვილს, რომელიც ჩვენს დამფუძნებელ ინჟინრად და ტექნიკურ დირექტორად იქცა. დანარჩენი კი, ისტორიაა“.

Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ვასილ რეხვიაშვილი, რომელიც საკმაოდ ამბიციური მიზნების მქონე სტარტაპის ტექნოლოგიურ მხარეს ხელმძღვანელობს.

ვასილის კომპიუტერული პროგრამირების ენებთან შეხება დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც იგი მისი თანატოლების მსგავსად კომპიუტერული თამაშებით იყო გატაცებული. „ამ ასაკშივე ბევრი იდეა მქონდა, თუ როგორ შემეძლო გამეუმჯობესებინა ესა თუ ის კომპიუტერული თამაში და დამაინტერესა, როგორ ხდებოდა ამ იდეების ტექნიკურად განხორციელება. ასე დავიწყე კომპიუტერული პროგრამირების ენებთან ურთიერთობა“, − აცხადებს ვასილი.

ვასილ რეხვიაშვილის ბავშვობის გატაცება მალევე მისი პროფესიული ორიენტირის განმსაზღვრელიც გახდა. იგი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ლექტორებთან მომზადებით ეუფლებოდა. მოგვიანებით, ვასილმა საკუთარი ტექნიკური განათლების პრაქტიკაში უკეთ რეალიზებისათვის თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში, ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. „განათლება სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უპირველესად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად, თუ რომელი სფეროა ყველაზე მეტად მისაღები და რომელში გრძნობ თავს კომფორტულად. პროფესიონალად ჩამოყალიბება არჩეულ სფეროში მუდმივი განვითარებით მიიღწევა“, − ვასილ რეხვიაშვილი.

რაც შეეხება მის კარიერულ გზას, ვასილის სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. როგორც თავად აღნიშნავს, მისი კარიერის განმავლობაში, იგი ტექნოლოგიური გადაწყვეტების უზრუნველყოფის კუთხით, ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულ ბიზნესსფეროებში ოპერირებდა, რაც სპეციალისტისთვის მუდმივად სწრაფი ადაპტაციის უნარს საჭიროებს. ვასილ რეხვიაშვილის პირველი სამსახური კომპანია „ინტელექტს ცენტრის“ ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიცია იყო, სადაც იგი კორპორაციულ კლიენტებს ვებ-უზრუნველყოფას, ხოლო სხვა დაინტერესებულ პირებს ციფრულ ტექნოლოგიებში კონსულტაციას სთავაზობდა. მოგვიანებით, ვასილი Boston Merchant Financial-ის ოფიციალურ IB (Internet Business) წარმომადგენლობას შეუერთდა საქართველოში, სადაც საფონდო და სავალუტო ბირჟებზე ფინანსური ბაზრების ტექნიკური ანალიზის ავტომატიზებული სისტემების შექმნითა და ფინანსური ბაზრების პროგნოზირებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით იყო დაკავებული. მომდევნო წლებში ვასილ რეხვიაშვილი მუშაობდა Asseco Georgia-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, Neosofter Group-ში და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებში, ვიდრე 2020 წელს საკმაოდ პერსპექტიულ სტარტაპ Intrro-ს არ შეუერთდა.

„კომუნიკაციის ინიციატივა კომპანია Intrro-ს დამფუძნებლებისგან წამოვიდა. ნასერი და ნილი იმ დროისთვის ფლობდნენ ბიზნესიდეას, რომლის რეალიზებისთვის ტექნიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. ისინი სტარტაპის ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად ეძებდნენ ტექნიკურ ლიდერს, რომელიც ამ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა და უკვე რამდენიმე პირადი შეხვედრის შემდეგ, შევთანხმდით საქმის ერთად გაგრძელებაზე“, − აცხადებს ვასილ რეხვიაშვილი, − „მთავარი ღირებულება, რითაც Intrro-მ დამაინტერესა, სტარტაპის დამფუძნებლების − ნილისა და ნასერის 100%-იანი რწმენა იყო, რომ დროის სწორად გამოყენებით და შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზებით წარმატებას აუცილებლად მიაღწევდნენ. მათში დავინახე პროფესიული დამოკიდებულება და წარმატებული ბიზნესის რეალურად გაშვების ხედვა, რაც ნებისმიერი ანტრეპრენერისათვის მნიშვნელოვანი თვისებაა“.

როგორც ვასილ რეხვიაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, სტარტაპისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია პროდუქტის ან სერვისის მთავარი იდეის სწრაფი რეალიზაცია და ბაზარზე გატანა, შემდეგ კი, მომხმარებლებისგან მიღებული შეფასებების გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება. რაც უფრო მოქნილია ბიზნესპროცესის ეს ციკლი, მით უფრო სწრაფად ხდება პროდუქტის/სერვისის სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტის განსაზღვრა. სტარტაპის მთლიანი გუნდი (როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკური მხარე), რომელიც მოქმედებს განსაზღვრული რესურსების ფარგლებში, აცნობიერებს ამ ფაქტს და გუნდის თითოეულ წევრს, ერთი მხრივ აქვს მეტი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, მეტი ეფექტი თითოეულ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ეს განასხვავებს სტარტაპის სტრატეგიას ბაზარზე ადაპტირებული, დიდი რესურსისა და შესაძლებლობის მქონე კომპანიების სამოქმედო გეგმისგან.

დღესდღეობით, ვასილი Intrro-ს ტექნოლოგიური დირექტორია (CTO), რომელიც მისივე განმარტებით, „ბიზნესის წინაშე არსებული ამოცანების ტექნოლოგიურ დონეზე რეალიზებისთვის საჭირო ყველა საკითხს აგვარებს“. ეს პოზიცია საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, როგორც ტექნოლოგიებში, ისე ბიზნესის სხვადასხვა დარგის ოპერირებაში, ვინაიდან სწორედ ტექნოლოგიური დირექტორი არჩევს მომხმარებლისათვის შესაბამის პროდუქტს, მართავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისთვის საჭირო სხვადასხვა პროცესს, ახდენს ბიზნესის მთავარი მიზნების გარშემო ტექნიკური ჯგუფის მუშაობის კოორდინაციას და ა.შ.

„ახალგაზრდებს, რომლებიც სამომავლო პროფესიაზე ფიქრობენ, ვეტყოდი, რომ პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განსაზღვრავს მომავალ წლებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჩვენთვის საყვარელი სფერო შევარჩიოთ, ის, რომელიც ნამდვილად გვაინტერესებს და ენთუზიაზმით მოვეკიდებით“, − აცხადებს ვასილ რეხვიაშვილი, − „პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია, ამიტომ ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც, მოვუწოდებ მუდმივად ვიყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების წინა ხაზზე და პროფესიული რეალიზების საშუალებით, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ეფექტი შევქმნათ საზოგადოებისათვის“.