You can be on Entrepreneur’s cover!

მეიჯერელის ასუსის გუნდი ორი წლის გახდა პროექტი 2019 წელს ქუთაისში დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეიჯერელი

"მეიჯერელი" უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არაერთ საერთაშორისო კლიენტს ემსახურება, რომელთაგან ერთ-ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდი — "ასუსია". გუნდმა, რომელმაც საქართველოში "ასუსის" პროექტი ჩაიბარა, სულ ცოტა ხნის წინ 2 წლის იუბილე აღნიშნა, ჩვენ კი, გადავწყვიტეთ, მათი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ მეტი შეგვეტყო და გუნდის ოპერაციების მენეჯერს, დიმიტრი ბარათაშვილს ვესაუბრეთ.

უწინარეს ყოვლისა, გილოცავთ 2 წლის იუბილეს! გვიამბეთ, როდის და რამდენი ადამიანით დაიწყო ეს პროექტი და დღეს რა მდგომარეობაა?

მადლობა მოლოცვისთვის! პროექტი ზუსტად 2 წლის წინ, 2019 წლის ნოემბერში, ქუთაისში დავიწყეთ. "მეიჯერელმა" შეძლო, დაერწმუნებინა ისეთი ბრენდი, როგორიც "ასუსია", რომ 20 კაციანი, ძალიან მოტივირებული გუნდით გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი მომხმარებლების ტექნიკურ მომსახურებას საქართველოდან თავს წარმატებით გავართმევდით. "ასუსს", როგორც დამკვეთს, ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს — გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნის გარდა, გუნდის წევრებს გარკვეული ტექნიკური უნარებიც მოეთხოვებათ, ამიტომ ბევრი ამ პროექტის წარმატებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა; თუმცა, 2 წლის შემდეგ, "ასუსის" პროექტი "მეიჯერელში" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონეა და თავად დამკვეთისთვისაც ევროპის მასშტაბით ყველაზე წარმატებული აუთსორსინგ ვენდორი ვართ.

რას ნიშნავს თქვენი გუნდისთვის ისეთი ბრენდისთვის მუშაობა, როგორიც "ასუსია"?

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალიან ამაყია იმით, რომ "ასუსის" მსგავს წამყვან ბრენდთან მუშაობს და მის ნდობას იმსახურებს; თუმცა, ამავდროულად, ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რასაც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ.

როგორ ირჩევთ გუნდის წევრებს და რა ტიპის ტრენინგებს გადიან ისინი უშუალოდ მუშაობის დაწყებამდე?

როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, აპლიკანტი ჩვენი გუნდის წევრი გახდეს, მხოლოდ გერმანულის მაღალ დონეზე ცოდნა არ კმარა, აუცილებელია ასევე ტექნიკური უნარების ქონაც, ამასთან კი, ინგლისური ენის ცოდნაც სასურველია. უშუალოდ მუშაობის დაწყებამდე ყველა ახალ თანამშრომელს 3-კვირიანი ტრენინგი უტარდება, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და ზედმიწევნით შეასწავლის ყველა საჭირო დეტალსა თუ პროცედურას, რომელიც ახალი თანამშრომლისათვის სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ყველაფერი არაა — მიმაჩნია, რომ გუნდის თითოეული წევრის პიროვნული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანიის მხარდაჭერით, პერიოდულად, სხვადასხვა სახის ტრენინგსა და ენის კურსებს ვგეგმავ.

როგორია თქვენი გუნდის წევრების ყოველდღიურობა, რა ტიპის ამოცანებთან უწევთ თანამშრომლებს გამკლავება?

პროექტის თითოეულ წევრს ყოველდღიურად უწევს "ასუსის" მომხმარებელთა ნებისმიერ ტექნიკურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც ტელეფონის, ასევე იმეილისა და ჩატის საშუალებით. ეს საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე პროცესია, თუმცა, გამოცდილების და მონდომების დამსახურებით, ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ახერხებს, ყოველდღიურობაში წამოჭრილი ტექნიკური სახის პრობლემები მომხმარებელთა უმრავლესობას ამომწურავად გადაუჭრას.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?

უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამოწვევაცა და მიზანიც მომსახურების იმ ხარისხისა და სტანდარტების შენარჩუნებაა, რომელიც საქართველოს მთელი ამ დროის განმავლობაში ევროპულ ბაზარზე სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს. ჩემთვის კი, როგორც ლიდერისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია, შევძლო გუნდის თითოეული წევრის მოტივაციის ამაღლება, რადგან პროექტის წარმატების მთავარ გასაღებს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

როგორ აისახა თქვენს ყოველდღიურობაზე პანდემია?

როგორც ნებისმიერი კომპანიისთვის, პანდემია ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ მოკლე დროში მოვახერხეთ სწორი რეაგირება და ოპერაციულად სამუშაო პროცესების ისე ორგანიზება, რომ თანამშრომლებს სახლიდან უპრობლემოდ შესძლებოდათ მუშაობის გაგრძელება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს მუშაობის ხარისხსა და შედეგებზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას — ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ გერმანელ მომხმარებლებს, არამედ "ასუსის" სხვადასხვაენოვან კლიენტებსაც.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"