მარია დოლიაშვილი - Theneo-ს ტექნოლოგიური დირექტორი Google-ში, Microsoft-სა და Facebook-ში მუშაობის გამოცდილებით

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ მარია დოლიაშვილი, წარმატებული ქართული სტარტაპის, Theneo-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ  Theneo-მდე მისი სამუშაო გამოცდილება არაერთ საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ გიგანტს უკავშირდებოდა, როგორებიცაა: Google, Microsoft, Facebook და ა.შ. დღესდღეობით კი, მარია ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელია.

ფოტო: მარია დოლიაშვილი

მარია თიანეთში დაიბადა. ის ბავშვობიდან გაიტაცა მათემატიკამ და კომპიუტერულმა მეცნიერებამ, ამიტომ გადაწყვიტა კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში გაეგრძელებინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ის აქტიურად მონაწილეობდა ჰაკათონებსა და პროგრამულ ოლიმპიადებში. როგორც თავად ამბობს, უმჯობესია დამწყებმა დეველოპერმა რაც შეიძლება მეტ კონფერენციაში, ჰაკათონსა და შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რადგან  პიროვნული თუ კარიერული განვითარების გარდა, ამ გზით დეველოპერი გაიცნობს მომავალ თანამშრომლებს, კოლაბორატორებსა და მენტორებს.

2015 წელს მარია საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, რათა სწავლა ჰავაის უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერების განხრით გაეგრძელებინა. მალევე Google-ის სტაჟიორი გახდა, რასაც მოჰყვა Deepmind, Twitter და Facebook. მას შემდეგ, მარია Microsoft-ის სიეტლის ფილიალში დაფუძნდა, როგორც მანქანური სწავლების ინჟინერი.

Google-სა და Facebook-ში მუშაობისას მარიასთვის ყველაზე შთამბეჭდავი იმის გაცნობიერება იყო, რომ მის მიერ დამუშავებულ მოდელებს სამომავლოდ მილიონობით ადამიანი გამოიყენებდა. Google-სა და DeepMind-ში  მუშაობისას მარიას ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის გამოჩენილ ექსპერტებთან და „ტურინგის“ დაჯილდოების პრიზიორებთან. გარდა ამისა, მან საკუთარი წვლილი შეიტანა Google Maps-ისა და Safe Search-ის გაუმჯობესებაში. მარია ამავდროულად მუშაობდა ტექსტში ობიექტების (topic/entity) სწორად ამოცნობაზე, რათა გაეუმჯობესებინა Google Search-ის მუშაობა. მოგვიანებით ის მუშაობდა Twitter-ში ტოქსიკური, საზიანო შინაარსის ტექსტის ამოცნობაზე. თუმცა, ამბობს, რომ ყველაზე დიდი კმაყოფილება მაშინ იგრძნო, როცა შეძლო საკუთარ სტუდენტებს დახმარებოდა, კარიერა საოცნებო სამსახურებში გაეგრძელებინათ.

კარიერის განმავლობაში მარია არაერთი გრანტისა და ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორისაა Twitter Fellowship, Google Women Techmakers grant, Fred and Annie Chan Scholarship, Google scholarship და სხვ.

2021 წელს მარიამ, ანა რობაქიძესთან ერთად დააფუძნა Theneo - ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც API სექტორში მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხარისხიანი, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად Theneo პირველი კომპანიაა, რომელიც API დოკუმენტაციის ავტომატიზაციაზე მუშაობს. API დოკუმენტაცია კორპორაციებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა პლატფორმების ეფექტური ინტეგრაციის გასამტკიცებლად. აღნიშნული პრობლემის მარიას მიერ მოფიქრებული გზა უნიკალურია და აქვს პოტენციალი, რომ ის მილიონობით დეველოპერმა გამოიყენოს.

მარიას ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა დამწყებ პროგრამისტებს, რაზეც იგი გვპასუხობს: „არსებითია, დეველოპერს ესმოდეს, თუ როგორ იქმნება პროდუქტი თავდაპირველი იდეიდან უკანასკნელ შტრიხამდე, თუნდაც ეს ერთი უბრალო აპლიკაცია იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, დამწყებმა დეველოპერებმა CV გაგზავნონ ისეთ პოზიციებზეც კი, რომლისთვისაც ფიქრობენ, რომ მზად არ არიან. ეს ყოველთვის კარგი გამოცდილებაა პიროვნული თუ კარიერული განვითარებისთვის, უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც“.