You can be on Entrepreneur’s cover!

''უკან, მომავალში'' - რაჟდენ დათეშიძე, როგორც ანტრეპრენერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაჟდენ დათეშიძის სავიზიტო ბარათი

თანამედროვე სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის წარსულსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით შექმნეს უნიკალური გამოცდილება. გამოცდილება, რომელზეც შემდგომ დაშენდა ის მიდგომები, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებენ ანტრეპრენერები. მიუხედავად ამ ღვაწლისა, სამწუხაროდ, ცოტას თუ ახსოვს რაჟდენ დათეშიძის საქმიანობა − ადამიანისა, რომლის გვარიც მუდამ იდგა ცნობილი ქართველი მეცენატების გვერდით, როგორიც გახლავთ დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, მიტროფანე ლაღიძე და ა.შ. სწორედ ამიტომ, Entrepreneur პერიოდულად ეცდება კიდევ ერთხელ წამოსწიოს ის ფასდაუდებელი საქმიანობა, რომელსაც ძველი ქართველი ანტრეპრენერები „უკან, მომავალში" ახორციელებდნენ ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის.

რაჟდენ დათეშიძე მე-20 საუკუნეში მოღვაწე მეწარმე და ქველმოქმედი გახლდათ და ამასთან, შეთავსებული ჰქონდა ქუთაისის საურთიერთო ბანკის დირექტორისა და ფინანსისტის თანამდებობაც. ბოლოს იყო თბილისში ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი, რის შემდგომაც წავიდა ემიგრაციაში, ბერლინში, სადაც ავარიას ემსხვერპლა. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ცნობები იმის შესახებ, რომ დათეშიძე, როგორც იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ცდილობდა, საკუთარი წვლილი შეეტანა როგორც მეწარმეობის, ისე სხვა, იმ დროისთვის ინოვაციურ საქმიანობაშიც, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყნის წინსვლას, მათ შორის − კულტურასა და კინოინდუსტრიაში.

დათეშიძეების ოჯახს უკავშირდებოდა მასშტაბური ხე-ტყის ქარხნების − „ძმები დათეშიძეების" მშენებლობა, რითაც ისინი ბაღდათის სახაზინო ტყის ექსპლუატაციის პიონერები გახდნენ. წარმოების გაფართოებით შეძლეს, დაესაქმებინათ ადგილობრივი მოსახლეობა და ხე-ტყის დეფიციტური მასალით მოემარაგებინათ დასავლეთ საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქი.

„ოჰ, რაჟდენ და-თეშიძე როდის გადაგიხადოთ ჩემდამი პატივისცემა?" წერს გალაკტიონ ტაბიძე 1941 წელს, პირად დღიურში. დათეშიძემ 1919 წელს დააფინანსა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული „არტისტული ყვავილები" და პოეზიის მესვეურს დაეხმარა, კრებული გაევრცელებინა ფართო საზოგადოებისთვის, რაც გარდამტეხი პროცესი აღმოჩნდა გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის.

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება სააქტო ქაღალდი მარკებითა და გერბიანი ბეჭდით იმის შესახებ, რომ ქუთაისელმა მეცენატმა, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 25 000 ოქროს მანეთი გადასცა, რითაც თეატრი დახურვას გადაარჩინა, ხოლო დასის წევრებს სამუშაო ადგილი და საყვარელი საქმე შეუნარჩუნა.

საბანკო სფეროში მოღვაწე დათეშიძეს თანამოაზრეებთან ერთად ბანკში კრედიტიც კი გაუხსნია, რათა საქართველოში პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე" (რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა) გადაეღოთ. ამგვარად, რაჟდენ დათეშიძის ხელშეწყობით დაიწყო ახალი და გარდამტეხი ეპოქა ქართული კინოს ისტორიაში, რომელმაც შემდგომ პერიოდში მზარდ ინდუსტრიას დაუდო სათავე და კიდევ უფრო მეტი განვითარებაც პოვა.

რაჟდენ დათეშიძის ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა ხე-ტყის წარმატებულ ბიზნესს ეხებოდა, თუმცა, რომ არა მისი ქველმოქმედება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სფეროში, რთული იქნებოდა იმ პროგრესის მიღწევა, რაც დღეს გვაქვს ქართულ საზოგადოებაში და რაზეც არის ზედნაშენი პირველი ქართული პრეცედენტების შექმნა. ანტრეპრენერობაც ხომ სწორედ ესაა − არ შეგეშინდეს ცვლილებების, დაინახო დიადი მიზანი და მიჰყვე შენი იდეის ბოლომდე განხორციელებას. რაჟდენ დათეშიძეც, როგორც ანტრეპრენერი, არ შეეგუა ამქვეყნად უმოქმედოდ ყოფნას და ირწმუნა ისეთი სიახლეების საჭიროების, რომლის ფინანსურმა მხარდაჭერამაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ქართული იდეების რეალიზებაში.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან