AccountAnts - როგორ გახადა სამმა მეგობარმა პრემიუმ ხარისხის ბუღალტერია ხელმისაწვდომი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესსამყაროში, ნებისმიერი კომპანიის გამართული და წარმატებული ოპერირების უკან ფინანსების სწორი მართვა დგას, რომელსაც კვალიფიციური გუნდი ახორციელებს. სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა საგადასახადო რისკის შეფასება, ფინანსური ინფორმაციის მიღება და მისი სწორი ანალიზი, რაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს.“ენთების” გუნდი უკვე 6 წელია რაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო, ფინანსურ მომსახურებას და პრემიუმხარისხის სერვისს მათთვის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად აქცევს.

AccountAnts

Ant ინგლისურად „ჭიანჭველას“ ნიშნავს, რაც ამ კომპანიის ბრენდინგის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. „ჭიანჭველა ასოცირდება შრომისმოყვარეობასთან და ორგანიზებულობასთან, ანუ იმ თვისებებთან, რომლებთანაც ვაიგივებთ ჩვენს დამოკიდებულებას საქმესთან. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ორი თვისება ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს თავს ვხედავთ სწორედ ამ თვისებების მატარებლად. ჩვენი ორგანიზაციული კულტურაც ჩვენი იდენტობის გარშემო არის განვითარებული“, − აცხადებს AccountAnts-ის თანადამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

ეს „აუთსორს“ ბუღალტრული კომპანია 6 წლის წინ სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა დააფუძნეს. ნიკა წიკლაური წლების განმავლობაში Big 4-ის წევრ აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-ში მუშაობდა უფროს აუდიტორად. მოგვიანებით, იგი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ გადავიდა, რომელიც აერთიანებს არაერთ მსხვილ კომპანიას („ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „იმედი L“, „ევექსის ჰოსპიტლები“, „ევექსის კლინიკები“ და „ექიმო“) და დღესდღეობით, ამ დიდი ოჯახის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს.

AccountAnts-ის თანადამფუძნებელ ნიკა მჭედლიშვილს საქართველოს წამყვან ბანკებში მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დღეს კი იგი „ლიბერთის“ რეპორტინგისა და ფასს-სტანდარტების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება „ენთების“ დირექტორს დიმა ბასილაშვილს, იგი 2 წელი მუშაობდა „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მოგვიანებით, 2 წლის განმავლობაში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც AccountAnts-ის მმართველ პარტნიორად დაინიშნა და უკვე 6 წელია, რაც „ენთების“ გუნდს უდგას სათავეში.

ეს ბუღალტრული კომპანია, ძირითადად ბაზარზე არსებული პრობლემის ინოვაციური ხერხით მოგვარებას ისახავს მიზნად. AccountAnts-ის დაარსების იდეაც სწორედ ასე დაიბადა. სამი მეგობარი, რომელთა ურთიერთობა უნივერსიტეტის პირველი კურსიდან იწყება და უკვე 15 წელს ითვლის, ფინანსური სფეროთი დაინტერესდა და ამ მიმართულებით არაერთ მსხვილ ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობდა. მათი დამკვეთები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს თავიანთი ბუღალტრების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და კვალიფიციურ დახმარებას სთხოვდნენ მომავალ „ენთებს“. მათაც გადაწყვიტეს ბაზარზე არსებულ პრობლემას თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეპირისპირებინათ, და 2015 წელს კომპანია AccountAnts დააფუძნეს.

„6 წლის წინ, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ბაზარზე არსებული მსხვილი ბუღალტრული და ფინანსური კომპანიების უმრავლესობა საერთაშორისო ბრენდის (მაგ. „დიდი ოთხეული“) წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლდათ, რომ ბიზნესების მფლობელებისა და მენეჯერებისთვის დაგვენახვებინა უშუალოდ ჩვენი, ქართული კომპანიის უპირატესობა“, − აცხადებს ნიკა წიკლაური.

„ჩვენ ბაზარზე შესვლისთანავე გვქონდა მკაფიო მიზანი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგვეთავაზებინა იმავე ხარისხის ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო მომსახურება, როგორზეც ჰქონდათ წვდომა მსხვილ კომპანიებს. ეს უთანასწორობა იწვევდა მსხვილი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ პრობლემებს. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დავინახეთ ჩვენი თავი და ავიღეთ ეს გამოწვევა. „ენთების“ სამივე დამფუძნებელს გვქონდა უმსხვილეს ბიზნესებში წამყვან ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის მენეჯერული გამოცდილება და სწორედ ამიტომ მტკიცედ გვჯეროდა, რომ ჩვენ ამ მიზნის მიღწევას შევძლებდით“.

მოგეხსენებათ, ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები კომპანიის ბუღალტერიას როგორც წესი, ამ სფეროს სპეციალისტებს ანდობენ, თუმცა დაბალი კვალიფიკაციის ბუღალტრების გამო, ხშირად კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის წინაშე დგებიან. საგადასახადო ჯარიმა და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის შესაძლოა გაკოტრების მიზეზიც კი გახდეს. როგორც ნიკა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, ბოლო წლებში ბიზნესის მფლობელები უფრო მეტად აცნობიერებენ ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურების მნიშვნელობას და იმას, თუ რა როლს თამაშობს ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისათვის დროული და ზუსტი საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება.

AccountAnts, ამჟამად 180-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და კვალიფიციურ ბუღალტრულ სერვისს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის პარტნიორთან ურთიერთობა და მაღალი ხარისხის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რის შესახებაც ნიკა გვიამბობს:

„AccountAnts საკუთარ საქმიანობაში იყენებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტებიდან ინფორმაციის ავტომატურად გენერირებას საბუღალტრო პროგრამაში ასატვირთად. ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, ახდენს პროცესების ავტომატიზაციას და მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ალბათობა, ხოლო თუ შეცდომა მაინც გაიპარა, საკუთარ თავზე ვიღებთ ჩვენსავე ბრალეულობით გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებისა და საურავების რისკს“.

მიმდინარე წელს, კომპანიამ ფინანსური დეპარტამენტის სრული „აუთსორსის“ სერვისი დაამატა, რაც ფინანსურ რეპორტინგს, ბიუჯეტირებასა და ანალიზს აერთიანებს. როგორც „ენთები“ აღნიშნავენ, ამ სერვისით ისინი კიდევ უფრო მეტად დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესებს თავიანთი მიზნების მიღწევაში და ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

AccountAnts-ში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესს წარმატების მიღწევაში დაეხმარონ, ვინაიდან მათი წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. „ეს მიზანი გვანიჭებს ბედნიერებას, რადგან ჩვენ არა მხოლოდ შემოსავლების მიღებას, არამედ რაღაც დიდს ვემსახურებით“.

რაც შეეხება კომპანიის 2022 წლის გეგმებს, მათ არსებული კლიენტების რაოდენობის 300-მდე გაზრდა სურთ. მასშტაბური მიზნის მისაღწევად, „ენთები“ მომავალი წლის განმავლობაში ბიზნესების მფლობელებთან და მენეჯერებთან სისტემატურ შეხვედრებს და მათთვის ხარისხიანი ბუღალტერიისა და საგადასახადო მომსახურების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას გეგმავენ. ამის პარალელურად, AccountAnts აპირებს საკუთარი ახალი მიმართულებების უპირატესობების თაობაზე, ბაზართან კომუნიკაციის გაძლიერებას.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა ნიკა წიკლაური დამწყებ ქართველ ანტრეპრენერებს:

„ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით მომუშავე კომპანიასთან. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად კარგად იცნობს ანტრეპრენერი იმ საქმეს, რომლის დაწყებასაც გეგმავს. სტატისტიკურად, წარმატებული სტარტაპები ხშირად არიან სწორედ ისინი, რომელთა დამფუძნებლებმაც საკუთარი ხუთი თითივით იციან საქმიანობის სფერო. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები როცა სტარტაპი წარმატებას აღწევს მაშინაც კი, როდესაც დამფუძნებელი სფეროში კარგად ვერ ერკვევა, თუმცა ასეთი მაგალითები სტატისტიკურად საკმაოდ იშვიათია.

ასევე, გვაქვს მაგალითები, როცა დამფუძნებელი კარგად ერკვევა საკუთარ სფეროში, მაგრამ რომელიღაც დიდი შეცდომის გამო, ბიზნესი კოტრდება. სხვათა შორის, ეს მიზეზი შეიძლება გახდეს საგადასახადო და საბუღალტრო მხარის გაუმართავი ფუნქციონირება. სწორედ ამ პროცესების გამართვაში ვეხმარებით დამწყებ ბიზნესებს.

ჩემი მიკერძოებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ობიექტური რჩევა იქნება, ანტრეპრენერებმა დროულად იფიქრონ საგადასახადო და საბუღალტრო მხარის გამართვაზე, რათა ამ სახის პრობლემებმა მომავალში არ შეაფერხოს კომპანიის განვითარება“.