You can be on Entrepreneur’s cover!

რა გვამუხრუჭებს? რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

წარმოიდგინეთ, მართავთ ავტომობილს, რომლის მუხრუჭები მუდმივად მოქმედებაშია. ასეთ დროს ხომ შეუძლებელია მაქსიმალური სიჩქარით სვლა, მეტიც − შენი მანქანა ძალიან მალე მწყობრიდან გამოვა და წინ ვეღარ წახვალ. იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მიაღწიო და მანქანაც არ დაზიანდეს, ერთადერთი გამოსავალი მუხრუჭების აშვებაშია, როცა ავტომობილი სრული სვლით გააგრძელებს მოძრაობას და შენც დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და სწრაფად მიაღწევ.

ხშირად ასე ხდება ადამიანების ცხოვრებაშიც, როცა მათ მუდმივად ჩართული აქვთ ერთგვარი ემოციური მუხრუჭების რეჟიმი და საკუთარ თავს არ აძლევენ საშუალებას, სწრაფად და უსაფრთხოდ იმოძრაონ დასახული მიზნებისკენ. ასეთი მუხრუჭები ბევრია და ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს, თუმცა ზოგს მეტად, ზოგს − ნაკლებად.

სწორედ ამ ნიშნით განსხვავდებიან ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, ახალ, უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობენ და ადამიანები, რომლებიც ეგუებიან მოცემულობას და ერთ ადგილზე გაჩერებას არჩევენ, რაშიც მათ საკუთარი ემოციური მუხრუჭები ეხმარებათ.

და მაინც, რა შეიძლება იყოს ასეთი მუხრუჭები, რა არის ის დამაბრკოლებელი, შემაფერხებელი ფაქტორები, რაც წინსვლის ნაცვლად უკან გვხევს, უკან გვექაჩება და არ გვიშვებს წარმატებული მომავლისკენ? რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას?

ადვილად დანებება

ცნობილი ამერიკელი პოეტი და ფილოსოფოსი რალფ ვალდო ემერსონი ამბობდა: „ადამიანი იმიტომ კი არ ხდება გმირი, რომ სხვაზე მამაცია, არამედ იმიტომ, რომ მისი სიმამაცე ათი წუთით მეტხანს გრძელდება". ასეა! ვინც გაუძლებს, ის მოიგებს! ადამიანების უმრავლესობა კი პირველსავე დაბრკოლების, პირველსავე წინააღმდეგობის შეხვედრისას ნებდება და აღარ აგრძელებს სვლას დასახული მიზნისკენ. ამიტომაცაა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას და მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მაღალი მწვერვალების დაპყრობას. გახსოვდეთ! ეს უმეტესწილად შეუპოვრობის, მოთმინებისა და ნებისყოფის დამსახურებაა.

ზედაპირულობა

ხშირად შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც თავს არ იწუხებს, ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საკითხს, დახარჯოს მეტი დრო და ენერგია მის გამოსაკვლევად, სიღრმისეულად შესასწავლად, პრობლემის არსში ჩასაწვდომად, კომპლექსურად გასაანალიზებლად და ნაცვლად იმისა, რომ დაისახოს კონკრეტული, რეალისტური, შესრულებადი მიზნები, მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით შემოიფარგლება. ასეთი ადამიანები სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი იგავის „სოფლის მაშენებლების" პერსონაჟებს მაგონებენ, რომლებსაც სწამთ, რომ „შენ იყეფებ, მე ვიყივლებ და სოფელიც აშენდება"...

მარტივად გამოძრომა

წარუმატებელი ადამიანები მუდმივად მარტივი გამოსავლის ძიებაში არიან. წარმატებულები კი რთულსა და მარტივს შორის რთულს არჩევენ, რადგან სწამთ, რომ ადამიანს სწორედ რთულთან შეჭიდება აძლიერებს, უფრო უნარიანს, გამბედავს, მამაცსა და მეტის შემძლეს ხდის. ისინი ყოველდღიურად ძლიერდებიან, მუშაობენ საკუთარ თავზე, აუმჯობესებენ საკუთარ უნარებს, შესაძლებლობებს და ემზადებიან უფრო რთული ამოცანების გადასაჭრელად, უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად. ისინი პრობლემაში შესაძლებლობას ხედავენ და რაც უნდა რთული იყოს არსებული ვითარება, მზად არიან მთელი შინაგანი რესურსი და პოტენციალი გაიღონ მის გამოსასწორებლად და წარმატების მისაღწევად! მათ იციან, რომ თუ მეტის გაღებაზე უარს იტყვიან, მეტსაც ვერ მიიღებენ! მათ იციან, რომ სწრაფად და მარტივად არაფერი ხდება, რომ ბევრად მეტი შრომა და ბევრად მეტის თმენაა საჭირო!

საქმის გადადება

„გადადებული საქმე ეშმაკისაა", – ეს გამოთქმა ყველას გვსმენია, მაგრამ მაინც არ გველევა მიზეზი, გადავდოთ ის, რაც დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ. მიზეზებს რა დალევს? უქმად მყოფი ადამიანებისგან მათივე უქმად ყოფნის გამამართლებელ რა მიზეზს აღარ გაიგონებ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს ფრაზაა: „რაღაცას ველოდები..." „რაღაცას ელოდება" ადამიანი და რას ერჩი? ეს ადამიანი შეგხვდებათ რამდენიმე თვეში და ისევ გეტყვით: „რაღაცას ველოდები..." შეიძლება გავიდეს კიდევ რამდენიმე თვე და კვლავაც თავდაჯერებულად მოგიგებთ: „რაღაცას ველოდები..." არადა, ამ „რაღაცის მოლოდინში" გადის დღეები, თვეები, წლები და მთელი ცხოვრება. ადამიანები კი მაინც ელიან. ელიან რაღაც დიდს და გრანდიოზულს, პატარა საქმის კეთება კი ეთაკილებათ.

უიღბლობის დაჯერება

ბევრი ადამიანი საკუთარ წარუმატებლობასა და ხელმოცარულობას უიღბლობას აბრალებს და გულხელდაკრეფილი ელოდება დროს, როდის მოიცლის მისთვის ბედი და იღბალი! არ სურს დაიჯეროს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მისსავე ხელშია და მხოლოდ ბედის წყალობის იმედადაა დარჩენილი! მათ ავიწყდებათ, რომ წარმატება მხოლოდ შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის, საკუთარი პროფესიისადმი თავდადებითა და ბევრი შრომით მიიღწევა, როგორც ამას გოლფის ლეგენდა გერი ფლეიერის სიტყვებიც მოწმობს: „რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები"!

პასუხისმგებლობისგან გაქცევა

წარუმატებელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისება პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. მათ არ სურთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კრიზისულ სიტუაციებში, ნაცვლად იმისა, რომ „თამაში საკუთარ თავზე აიღონ" და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ხელს სხვისკენ იშვერენ. წარმატებულ ადამიანებს კი ახსოვთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად არიან! სწორედ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არის ლიდერისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომლის ნაკლებობის გამო ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას და პასიური მოწმის პოზაში მყოფ რიგითთა შორის არჩევს ცხოვრების გატარებას.

მარცხის კომპლექსი

ადამიანების უმრავლესობა მარცხის შიშით უარს ამბობს ახალი, ინოვაციური იდეების განხორციელებაზე. არ სურს გარისკოს, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და თამამად შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს. მათ არ იციან ან არ სურთ აღიარონ, რომ მარცხი წარმატების განუყოფელი ნაწილია, რომ ადამიანი ვერ გახდება წარმატებული, თუ უარს იტყვის მარცხზე, რადგან მარცხზე უარის თქმა წარმატებაზე უარის თქმასაც ნიშნავს!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია