როგორ ''უმკლავდებიან'' ქართული კომპანიები Big Data-ს?

რა არის ის ძირითადი მიდგომები, რომელსაც ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ?

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, ელექტრონული ფორმით, მასშტაბური რაოდენობის ინფორმაცია გროვდება, რომელსაც „დიდ მონაცემებს“ ვუწოდებთ, უფრო ხშირად გავრცელებული ტერმინით კი – Big Data-ს. უზარმაზარი მოცულობის მასალების შეგროვება, სტრუქტურირება, დამუშავება, ტრანსფორმაცია, გადაცემა და გაანალიზება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს კომპანიებისთვის. მონაცემების წარმოქმნის სისწრაფე დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ვერ ხორციელდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროული და ეფექტური ინტეგრირება მონაცემთა დამუშავებისას. მონაცემების გამოყენებით კი მენეჯერებს შეუძლიათ გაცილებით სწრაფად მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და დააჩქარონ კომპანიის განვითარება. ამ მხრივ, საინტერესოა, როგორ „უმკლავდებიან“ ქართული კომპანიები დიდ მონაცემებს და რაში ეხმარებათ ინფორმაციის გაანალიზებისას ტექნოლოგიების გამოყენება?

entrepreneur.ge

რატომ არის მნიშვნელოვანი, ბიზნესმა აწარმოოს საკუთარი საქმიანობა მონაცემებზე დაყრდნობით? ამ შეკითხვით Entrepreneur სამ წარმატებულ ქართულ კომპანიას ესაუბრა.

„Big Data რელევანტური ანალიტიკისა და ანალიზის გარეშე არ წარმოადგენს ბიზნესისთვის საინტერესო სტრატეგიულ თუ საოპერაციო მექანიზმს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა ის, რომ მოახდინო დიდი მონაცემების აგრეგაცია, არამედ ის, რომ არსებული ინფორმაცია სწორად გააანალიზო. Big Data-ს გამოყენება ბიზნესსაქმიანობის ეფექტურობის გაზრდისთვის ნამდვილად საინტერესო სტრატეგიაა. თუმცა, კომერციული თვალსაზრისით, ორგანიზაციების უდიდესი ნაწილისთვის არ არის საინტერესო, რადგან მონაცემების ანალიზი და დამუშავება დიდ და ხანგრძლივ ინვესტიციას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში კი, მონაცემებით გენერირებული ოპტიმიზაციის სტრატეგია ვერ ქმნის უპირატეს მონეტარულ შედეგს. ქართული ორგანიზაციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან უცხოური კომპანიებისგან. ორივე შემთხვევაში, მეტნაკლებად არაეფექტურად იყენებენ იმ შესაძლებლობებს რომელიც Big Data-ს სწორი ანალიზის შედეგად შესაძლოა გენერირდეს“, – გივი ჩხარტიშვილი, Noxtton-ის დამფუძნებელი.

„თუკი გაქვთ კარგი მოცულობის, სიმარდის (velocity), და არაერთგვაროვანი (variety) მონაცემები, უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობთ გაზარდოთ კომპანიის ეფექტურობა, მომგებიანობა და გამოცდილება. განსაკუთრებით დღევანდელ ციფრულ ერაში, სადაც მონაცემების უამრავი წყარო გვაქვს (ონლაინპლატფორმები, სმარტსაათები, მობილური მოწყობილობები, კამერები, მანქანებიც კი), ყველაფერი ჩვენ გარშემო ქმნის მონაცემებს. ქართულ ბაზარზეც უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინფორმაციის შეგროვება/გამოყენება, განსაკუთრებით ისეთ კომპანიებში, რომელთაც დიდი სამომხმარებლო ბაზა აქვთ (ბანკები, მობილური ოპერატორები, დიდი საცალო გაყიდვების ქსელები). ვიტყოდი, რომ პანდემიამდე საკმაოდ დიდი დეფიციტი იყო ქართულ ბაზარზე მსგავსი კომპეტენციის კადრების, თუმცაღა ბოლო ორმა წელმა ბიზნესებს დაანახვა, რომ მთელი მსოფლიო მათი პოტენციური ადამიანური რესურსია“, – ლიკა ჩხიროძე, MaxinAI-ის პროექტების მენეჯერი.

„ამ ეტაპზე კლასიკური გაგებით Big Data ანალიტიკას მხოლოდ რამდენიმე კომპანია აკეთებს. აღნიშნული კომპანიები ძირითადად გვხვდებიან საფინანსო სექტორში და ასევე, ეს არიან მსხვილი ციფრული მოთამაშეები. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: უპირველესად, Big Data ანალიტიკა გულისხმობს, რომ კომპანიას აქვს დიდი მოცულობისა და საკმაოდ მრავალფეროვანი მონაცემები, რაც ბევრ კომპანიას არ გააჩნია და მეორე – ამ ტიპის ანალიტიკის წარმოება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, როგორც ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული გაგებით, ასევე კომპეტენტური ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ Big Data ანალიტიკა პანაცეა ნამდვილად არ არის – მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეუძლიათ ნაკლებად კომპლექსური, თუმცა ეფექტური ანალიტიკა აწარმოონ, რისი მომსწრე ნამდვილად ვართ და ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი კომპანია აკეთებს ინვესტირებას როგორც ტექნოლოგიებში, ასევე ადამიანებში“, – კონსტანტინე ხოფერია, TBC ბანკის მონაცემთა ანალიზის ექსპერტიზის ცენტრის ლიდერი.

როგორ უნდა ვიმუშაოთ მონაცემებთან და რა არის ის ძირითადი მიდგომები, რომელსაც ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ? პირველი ნაბიჯი, როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, არის მონაცემების მნიშვნელობის დანახვა და მისი იდენტიფიცირება: რა ტიპის მონაცემებს ვფლობთ ამჟამად და რა ინფორმაციის ფლობა გამოგვადგებოდა დასახული მიზნების მისაღწევად? ამასთან, აუცილებელია, შევიმუშაოთ არსებული რესურსების აღრიცხვისა და შეგროვების პროცესი, რომელსაც სწორი ინსტრუმენტების შერჩევითა და ეფექტური არქიტექტურის შექმნით უზრუნველვყოფთ... დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მონაცემები არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ვითარდება და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს სხვადასხვა დროსა და ვითარებაში.

ქართულ სივრცეში უკვე არსებობს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ იყენებენ მონაცემებს ორგანიზაციის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ თითოეული კომპანია ამ პროცესებს მუდმივად აგრძელებს და მონაცემთა მეცნიერებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მოიაზრებენ:

„Noxtton-ში Big Data-ს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა როგორც სერვისის, ასევე ჩვენი ანალიტიკური ხელსაწყოების თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებსა და ენტერპრაიზებს ვეხმარებით მათი მონაცემების ეფექტურად დამუშავებასა და მენეჯმენტში, ვქმნით ანალიტიკურ ხელსაწყოებს, რომელიც მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მეთოდოლოგიების გამოყენებით აკეთებს მონაცემთა ანალიზსა და მნიშვნელოვანი ტრენდების, ინდიკატორების იდენტიფიკაციას“, –  განმარტავს გივი ჩხარტიშვილი.

„Maxin AI-ისთვის დიდ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კომპანიის განვითარების გეგმაში, ვინაიდან ეს სწრაფად მზარდი სფეროა. ჩვენი მიზანია, დავაგროვოთ მაქსიმალური გამოცდილება სწორედ ამ პერიოდში, სანამ ბაზარი გაჯერდება ახალი მოთხოვნებით. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი სტრატეგიაა, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც აქამდე უკვე მივიღეთ მომხმარებლებისგან, შევთავაზოთ ახალ ბაზარს ჩვენი სერვისები როგორც ქართულ, ისე - საერთაშორისო ბაზარზე“, – გვპასუხობს ლიკა ჩხიროძე.

„TBC, როგორც ციფრული ორგანიზაცია, მის შემდგომ განვითარებად და წარმატების საწინდრად განიხილავს სამ ძირითად საყრდენს. ესენია: საუკეთესო ადამიანები (თანამშრომლები), მოწინავე ტექნოლოგიები და კმაყოფილი კლიენტები. აქვე გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ რა კავშირშია მონაცემები? ჩემთვის კმაყოფილ კლიენტებსა და მონაცემებს შორის დგას ტოლობის ნიშანი. სწორედ მონაცემებია ჩვენი მომხმარებლის ანარეკლი, რომლის საშუალებით ვიგებთ საჭიროებებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ მათთან კომუნიკაციას, რელევანტური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით. ვიტყოდი, რომ TBC დღეს უპირობო ლიდერია მონაცემთა ანალიზის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის კომპონენტებს გადაწყვეტილებების პროცესში, რასაც წლებია მოაქვს მნიშვნელოვანი შედეგები და გამოგვარჩევს ბაზარზე, როგორც მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ კომპანიას“, – აცხადებს კონსტანტინე ხოფერია.