You can be on Entrepreneur’s cover!

ფაბრიკამ საშობაო ბაზრობას უმასპინძლა გაიცანით საშობაო ბაზრობის რამდენიმე მონაწილე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველასათვის საყვარელმა თავშეყრის ადგილმა „ფაბრიკამ", 25-26 დეკემბერს საშობაო ბაზრობას უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში „ფაბრიკაში" მისულ სტუმრებს ქართველი სტარტაპერები ხვდებოდნენ და თავიანთ ნამუშევრებს აცნობდნენ. „ფაბრიკის" საშობაო ბაზრობა არაერთი დამწყები თუ უკვე საკმაოდ გამოცდილი ბიზნესისათვის შესაძლებლობად იქცა, წინასაახალწლო პერიოდში წარმდგარიყო მომხმარებელთა წინაშე, შეეთავაზებინა მათთვის თემატური პროდუქცია და სასარგებლო უკუკავშირიც მიეღო მათგან. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ საშობაო ბაზრობის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და მათი ბიზნესის სამომავლო გეგმებს გაგვიზიარებენ:

ზიზილა - 2017 წელს, სოფო კაჯილაშვილის მიერ დაწყებული სხვადასხვა ნაჭრისგან შეკერილი პლედების ბიზნესი, დაახლოებით ერთ წელიწადში, დიზაინერული პრინტებით გამშვენებულ ჩანთების ბრენდად იქცა. დღესდღეობით, „ზიზილა" სხვადასხვა ქსოვილისგან, ორიგინალური ილუსტრაციებით მორთულ ჩანთებს აწარმოებს, რომელიც მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში და ქუჩის ბაზრობებზეა ხელმისაწვდომი. „მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ონლაინ სივრცის მიღმა გავაცნო მომხმარებელს პროდუქციის ხარისხი და დიზაინი. „ფაბრიკის" მარკეტთან დაკავშირებით უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, მეტ ადამიანს ველოდი, თუმცა პანდემიის გამო ღონისძიებას ნაკლები ტურისტი და ადგილობრივი ვიზიტორი დაესწრო. ამის მიუხედავად, ბაზრობაში მონაწილეობა ჩვენი სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით ბევრმა ადამიანმა მიიღო და „ზიზილას" ჩანთებით „ფაბრიკის" მომხმარებელიც დაინტერესდა. გასული წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია საგრძნობლად გავამრავალფეროვნეთ, ხოლო მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი არჩევანის შეთავაზებას ვაპირებ მომხმარებელთათვის", - ამბობს სოფო კაჯილაშვილი.

კოდალა - სოციალური საწარმო "კოდალა" ქართულ ბაზარზე 2016 წელს, კოტე სვანაძემ, დააფუძნა და მას შემდეგ აქტიურად ეწევა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას. „კოდალა" ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება სათამაშოების უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს და თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. 2020 წლიდან, ორგანიზაციამ დაიწყო საბავშვო ხის ავეჯისა და დეკორაციული ნივთების წარმოებაც. გარდა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებისა, კომპანია ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დასაქმებას. ამ ეტაპისთვის საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთაგანაც 16 არის შშმ პირი. „ასეთი აქტივობები ცნობადობის გაზრდაში ეხმარება ბრენდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა დავამყაროთ ახალ მომხმარებლებთან და ეს ფესტივალები შესაძლებლობას გვაძლევს B2B კონტაქტები გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან. მსგავსი ბაზრობები დამატებით სამუშაო ადგილებსაც ქმნის და ადამიანებს შემოსავლის წყარო უჩნდებათ, თუნდაც ერთჯერადი. „კოდალას" ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა და მარაგების დამატებაც მოგვიწია. მომხმარებელი ძალიან დაინტერესებული იყო და ჩვენი მოლოდინიც გამართლდა. ჩვენ გვქონდა საახალწლო თემატური და განმავითარებელი სათამაშოები და ორივეზე თანაბარი მოთხოვნა შეინიშნებოდა", - ამბობს კოტე სვანაძე.

სლაში - ეს ქართული ბრენდი 2017 წელს, თბილისში შეიქმნა და მას შემდეგ არ წყვეტს ზრდასა და განვითარებას. კონსერვანტების გარეშე დამზადებული ნახევრად გაყინული დესერტები, „სლაშის" გამორჩეული სოციალური მარკეტინგის წყალობით, დღეს ახალგაზრდებისა და ბავშვების საყვარელი ნუგბარია. მომავალი წლისათვის, კომპანია საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და საზღვრებს გარეთ გასვლასაც გეგმავს. „სლაში აქტიურად მონაწილეობს მსგავს ფესტივალებში და ბაზრობებში. ამ შემთხვევაში, ჩვენი რეგულარული პროდუქციის გარდა წარმოდგენილი გვქონდა სეზონის შესაბამისი ცხელი შოკოლადიც. „ფაბრიკაში" გამართული ღონისძიება გვეხმარება ახლო კომუნიკაცია დავამყაროთ მომხმარებელთან, ახალ სეგმენტზე გავიდეთ, დავარიგოთ ვაუჩერები და ცოცხალი ბრენდი ვიყოთ მომხმარებლებისათვის. ჩვენი ბიზნესის წარმატების საიდუმლოც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მიზნად დავისახეთ ახალგაზრდებთან და ბავშვებთან ახლო კომუნიკაციაში ყოფნა და ამ დავალებას კარგად ვართმევთ თავს", - სოფი კილაძე, „სლაშის" დამფუძნებელი.

ბაბალე - ეს სოციალური საწარმო, შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ, ხოლო მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. საწარმოში მზადდება ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები, თითოეული მათგანი გამორჩეული, უნიკალური და ხელნაკეთია. „ბაბალე" პირველი სოციალური საწარმოა, რომლის პროდუქტიც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის „ამაზონზე" იყიდება. „ჩვენი სოციალური საწარმოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საშობაო ბაზრობებსა და გამოფენებს. უკვე ნოემბრიდან ბაბალე ჯადოსნურ საამქროდ გადაიქცევა ხოლმე, საახალწლო დეკორატიული ნივთებისა და ნაძვის ხის სათამაშოების ათასობით დეტალს ვამზადებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების დახმარებით. შესაბამისად, როდესაც გვაქვს საშუალება ეს ემოციები და ჩვენ მიერ დამზადებული სილამაზეები უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ, რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია", - აცხადებს ანი ჩაჩუა, - „ჩვენ და „ფაბრიკის" საშობაო ბაზრობას უკვე რამდენიმეწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ის ყოველთვის მზად არის ჩვენი, როგორც სოციალური საწარმოს მხარდაჭერისთვის და ძალიან მოხარულები ვართ. რაც შეეხება მომხმარებლების მხრიდან დაინტერესებას, ბევრი უკვე კარგად ნაცნობი მეგობარი ვნახეთ და თავიც გავახსენეთ, ბევრი აღმოვაჩინეთ ვინც არ გვიცნობდა და მოვუყევით ჩვენს შესახებ. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი ორი დღე გამოგვივიდა"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"