You can be on Entrepreneur’s cover!

10 ფილმი, რომელმაც ტექნოლოგიური ტრენდები ''იწინასწარმეტყველა'' "მინდოდა, ფილმში არსებული ყველა სათამაშო ერთ დღეს სინამდვილედ ქცეულიყო", - სტივენ სპილბერგი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გარდამტეხი გამოგონებებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შთაგონებაა − ფანტაზია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის შორეულ მომავალთან ასოცირდება... თუმცა, არსებობენ ადამიანები განსაკუთრებული წარმოსახვის უნარით, რომლებიც, მართალია თავად ხორცს არ ასხამენ სხვადასხვა გამოგონებას, თუმცა უამრავ ინოვატორს ანიჭებენ ინსპირაციას, შექმნან რაიმე ახალი და ღირებული. ფართო წარმოსახვის უნარით გამორჩეულნი კი სწორედ რეჟისორები არიან, რომლებიც ცდილობენ, ფილმების მეშვეობით წინ წამოსწიონ ტექნოლოგიური იდეები, რომლებზე დაფუძნებითაც, მომდევნო წლებში უამრავ ტექნოლოგიურ სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. Entrepreneur წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომლებმაც მომავლის გამოგონებები „იწინასწარმეტყველა".

Star Wars და 3D-ჰოლოგრამა

ჰოლოგრამების გამოყენება George Lucas-ის 1977 წლის ფილმ Star Wars: A New Hope-ში ფიქსირდება, როდესაც ერთ-ერთ მთავარი გმირის, პრინცესა ლეიას გამოსახულება R2D2-ის მოწყობილობიდან შუქდება და კომუნიკაციას ამყარებს გარშემომყოფებთან. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ საფუძველი დაუდო ჰოლოგრამების მასშტაბურ გამოყენებას, მათ შორის, ერთ-ერთი აღსანიშნავი გამოვლინება 2014 წელს Billboard Music Awards იყო, რომლის ფარგლებშიც მაიკლ ჯექსონის საკონცერტო ჰოლოგრამა გაუშვეს. მას შემდგომ, ბიზნესები ჰოლოგრამულ მოწყობილობებს კომერციული და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით იყენებენ.

Minority Report − ჟესტების კონტროლი და პერსონალიზებული რეკლამებისტივენ სპილბერგის 2002 წლის ფილმი Minority Report მდიდარია მოწინავე ტექნოლოგიების პასაჟებით. ფილმში მოცემულ მთავარ ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. როდესაც რეჟისორი აღნიშნულ ფილმზე მუშაობდა, მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების სფეროში მომუშავე 15 წარმატებული ექსპერტი მოიწვია. გადაღებების პროცესში მსჯელობდნენ როგორი იქნებოდა სამყარო 2054 წლისთვის და გამოთქმული ფანტაზიები კინოშედევრად აქციეს. სპილბერგი სხვადასხვა შეხვედრაზე მუდამ ახსენებდა, რომ სურდა, თითოეული მოწყობილობა და სათამაშო, რომელსაც ფილმში იყენებდა, ერთ დღეს სინამდვილედ ქცეულიყო.

აღსანიშნავია, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Apple, Nike და Microsoft აღნიშნული სამეცნიერო ფენტეზის სცენარის ავტორებიც კი დაიქირავეს, რათა მათი დეველოპერებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია − როგორი იქნებოდა სამყარო და საით მივყავართ ტექნოლოგიურ ტრენდებს?

ერთ-ერთი აღსანიშნავი სცენის მიხედვით, მთავარი გმირი, რომლის როლსაც ტომ კრუზი თამაშობს, სავაჭრო ცენტრში მიდის. ბილბორდები კი მის ყურადღებას იქცევენ: ამბობენ გმირის სახელს და სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტს ჟესტებზე დაფუძნებით. ტექნოლოგიური ბილბორდები მონიტორინგს უწევენ გმირის სახის მიმიკებსა და ქცევებს და სწორედ მის მიხედვით სთავაზობენ პერსონალიზებულ რეკლამებს. მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებული ინტერაქციული მოწყობილობები უკვე რეალობაა და მას წარმატებით ნერგავენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის: Microsoft, რომელმაც HoloLens-ის გამოყენებით ელექტრონული ვაჭრობა მომხმარებელზე ბევრად მორგებული და ინტერაქციული გახადა.

Hackers და ვირტუალური რეალობა

ვირტუალური და გაფართოებული რეალობა უკვე ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი, თუმცა რეალური სამყაროს ციფრულად გარდაქმნა 1995 წელს ნამდვილად გარდამტეხი სიახლე იყო. ფილმ Hackers-ში რეჟისორმა სრულიად ახალი სივრცე წარუდგინა მაყურებელს. სივრცე, რომელიც ვირტუალური რეალობა იყო, თუმცა სინამდვილის შეგრძნებას ტოვებდა. ეს ახალი გამოცდილება და შეგრძნებები, რაც მოწყობილობამ მოუტანა მაყურებელს, უამრავი მზარდი კომპანიისთვის გახდა ინსპირაცია, გამოეყენებინათ ვირტუალური რეალობის სათვალეები საქმიანობაში და გაეხადათ საქმიანობა მეტად აღქმადი.

Metropolis და ვიდეოზარები

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ვიდეოზარების ფუნქციას უკვე აქტიურად იყენებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა Covid-19 პანდემიის დროს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის, რასაც დღეს თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ, ადრეულ წლებში გამოჩნდა კინოინდუსტრიაში. 1927 წელს გამოშვებულ ფილმ Metropolis-ში ნაჩვენებია ე.წ. „ვიდეოტელეფონი", რომლითაც ადამიანები არა მხოლოდ ხმით, არამედ გამოსახულებითაც ესაუბრებიან ერთმანეთს.

Blade Runner და ციფრული რეკლამა

თანამედროვე სამყაროში ტრადიციულმა რეკლამამ ტრანსფორმაცია განიცადა და მეტწილად, ციფრულ ფორმატზე ადაპტირდა. დღეს რთულია, იპოვო წარმატებული კომპანია, რომელიც არ იყენებს ციფრულ არხებსა და თანამედროვე რეკლამისა და პრომოციის ხელსაწყოებს. ინგლისელმა რეჟისორმა Ridley Scott-მა 1982 წლის ფილმში Blade Runner მასიური ციფრული ბილბორდები წარმოადგინა, რომელიც დღეს რეკლამირების სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ტექნოლოგიური გადაწყვეტაა. მომდევნო წლებში, ქალაქის შენობებზე დატანილი მოძრავი რეკლამების კონცეფცია ბევრი კომპანიისთვის გახდა წარმატების მომტანი.

2001: A Space Odyssey და პლანშეტური კომპიუტერები

სამეცნიერო ფანტასტიკისა და ინოვაციების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი Stanley Kubrick-ის საკულტო ფილმს − 2001: A Space Odyssey უჭირავს. გარდა კოსმოსის ათვისების წინასწარმეტყველებისა, ფილმის ფარგლებში ეკრანებზე ე.წ. პლანშეტური კომპიუტერები გამოჩნდა. რეჟისორმა აჩვენა მცირე ზომის მოწყობილობები, სახელწოდებით Newspad, რომელსაც ასტრონომები იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის ფოტოსურათები კომპანია Samsung-მა Apple-ის წინააღმდეგ გამოიყენა სასამართლოში, რითაც ამტკიცებდა, რომ iPad-ების მოდელი სრულად იყო დაფუძნებული Stanley Kubrick-ისეულ პროტოტიპზე. Samsung ამტკიცებდა, რომ Apple-ის პატენტის დიზაინი და სტრუქტურა იყო იდენტური ფილმში ნაჩვენები მართკუთხა ფორმის კომპიუტერთან, რომელსაც მსუბუქი კორპუსი აქვს და კონცეფციით განსხვავდება აქამდე არსებული კომპიუტერული მოწყობილობებისგან.

Star Trek და უნივერსალური მთარგმნელი

Star Trek-ის სატელევიზიო სერიები 1960-იან წლებში გამოვიდა ეკრანებზე და მას შემდეგ იქცა პოპკულტურის ფენომენურ შედევრად. მასში რამდენიმე შთამაგონებელი გამოგონებაა ნაჩვენები, მათ შორის: „ჭკვიანი" საათები, ფარული მოწყობილობები და სხვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება უნივერსალური მთარგმნელი გახდათ. ფილმის მთავარი გმირი თავის რაზმთან ერთად მთელი გალაქტიკის გარშემო დაფრინავს და უწევს, გამოიყენოს მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად თარგმნის ნებისმიერ ენაზე.

იდენტურ სერვისს უკვე უამრავი ტექნოლოგიური გიგანტი გვთავაზობს, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, როდესაც კონფერენციები მეტწილად დისტანციურ რეჟიმში ტარდება. მაგალითად, Skype-მა შეიმუშავა Software ტექნოლოგია, რომელიც როგორც კომპიუტერზე, ისე მობილურ მოწყობილობაზე, რეალურ დროში თარგმნის ნებისმიერ საუბარს ჩვენთვის სასურველ ენაზე. გლობალური მასშტაბით კომუნიკაციის შესაძლებლობა კი მოწინავედ სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმში იყო ნაჩვენები.

Total Recall და თვითმართვადი ავტომობილები

ეპოქაში, რომელშიც Elon Musk ცხოვრობს, თვითმართვადი ავტომობილები უკვე რეალობაა, თუმცა როდესაც Paul Verhoeven-ის 1990 წლის ფილმში Total Recall გამოჩნდა, მაყურებელთა უმეტესობისთვის მანქანის მძღოლის გარეშე მართვა უტოპიურად ჟღერდა. რეჟისორმა წარმოადგინა ახალი იდეა ავტომობილებისა, რომელიც თავად იმართება და იქმნება საზოგადო წესრიგი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები მინიმუმამდე არის დაყვანილი. მიმდინარე წლებში ავტოინდუსტრია სრულად არის ორიენტირებული, დახვეწონ და განავითარონ ავტომობილების ფუნქციები და შექმნან ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეუფერხებლად „აღიქვამს" გარემოს და ეხმარება ადამიანებს, გადაადგილდნენ სწრაფად და უსაფრთხოდ.

Back to the Future (II ნაწილი) და ჰოვერბორდები, დრონები და თვითშეკვრადი ფეხსაცმლის თასმები

ბავშვობაში ვფიქრობდით, რა მოხდებოდა, თუკი შევძლებდით ფრენას, ტელეპორტაციას ან კლონირებას? წარმოვიდგენდით შესაძლო ვარიანტებს და გასაქანს ვაძლევდით ჩვენს ფანტაზიებს. ყველა ეს ბავშვური ოცნება ნაჩვენებია საკულტო ფილმ Back to the Future-ის მეორე ნაწილში. მაყურებელი ფილმის მიმდინარეობისას ხედავს ე.წ. ჰოვერბორდებს, საფრენ მოწყობილობებს, ძაღლის გასასეირნებელ დრონებს, ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს და სხვა. ამ ხედვებს ხორცი შეასხეს გამომგონებლებმა და დღეს უკვე აქტიურად ვიყენებთ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი წარმოსახვითი ნივთი, რომელიც ფილმში ჩანს, თვითშეკვრადი ფეხსაცმელია, რომელზე ინტერესი 2016 წელს კომპანია Nike-მა გამოთქვა. გარდა ამ სერვისისა, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, შეექმნა ფეხსაცმელი, რომელიც რეალურ დროში მოერგებოდა მყიდველის პარამეტრებსა და ზომებს.

The Demon Seed და „ჭკვიანი" სახლი

„ჭკვიანი" სახლის კონცეფცია დღითი დღე იხვეწება და თუ სრული სახლი არ გვაქვს ტექნოლოგიურად ადაპტირებული, ზოგიერთი ნივთი მაინც მოგვეპოვება, რომელიც წინამორბედი მოწყობილობებისგან ბევრად განვითარებულია. შესაძლოა, ეს იყოს: ტელევიზორი, საათები, მაცივარი და სხვა. ასევე, ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი ციფრული ასისტენტების − Alexa-სა და Siri-ის, მუშაობის მექანიზმი, თუმცა 1977 წელს, როდესაც მაყურებელმა ფილმი The Demon Seed იხილა, „ჭკვიანი" სახლის ტექნოლოგია ნამდვილად სიახლე და აუთვისებელი სექტორი გახლდათ. ნივთების ინტერნეტის წარმატებულმა წარმოჩინებამ უამრავ ინოვატორს მისცა ბიძგი, გამოეყენებინათ აღნიშნული ტექნოლოგიის სრული რესურსი და გაეხადათ ადამიანთა ცხოვრება ბევრად კომფორტული და მოხერხებული.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"