დილის რუტინის 7 ელემენტი 2022 წელს თქვენი პროდუქტიულობის ასამაღლებლად

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წელს მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად ყველაზე დიდი ნაბიჯი საკუთარ თავზე ცოტაოდენი ზრუნვა იქნება. როგორ მოვახერხოთ შესანიშნავად ვიგრძნოთ თავი და შეზღუდულ დროში მეტი საქმის გაკეთება მოვასწროთ?

entrepreneur.ge

შესაძლოა, დილა თქვენთვის დღის ყველაზე მძიმე დროა. თუ ეცდებით, თქვენი დილის რუტინა უფრო პროდუქტიული გახადოთ, გზად აუცილებლად დაგხვდებათ დაბრკოლებები და წარუმატებლობები. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევის ჩამოყალიბებისას თანმიმდევრულობა გმართებთ, რადგან ამ შემთხვევაში ეს ცვლილებები უფრო დიდი ალბათობით გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

აპატიეთ საკუთარ თავს, თუ თქვენი დილა პირველი მცდელობისას ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორც წარმოგიდგენიათ. მიზანდასახულობა და ჟინი მთავარი ფაქტორებია დილის ახალი რუტინის შესაქმნელად. ასე რომ, იცოდეთ, სწორ გზას ადგახართ, ვიდრე ყოველ მომდევნო დილას მცდელობებსა და ახალი ჩვევების ფორმირებას დაუთმობთ.

ეს ის შვიდი ელემენტია, რომელიც საკუთარ დღის წესრიგს უნდა დაუმატოთ, რათა თქვენი დილა უფრო პროდუქტიული გახადოთ 2022 წელს.

1. გეგმა

ყველაზე მეტად, დილის გეგმის წინა ღამით შედგენა დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად მიჰყვეთ თქვენს საქმეებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა პროდუქტიული დილისთვის. შეგიძლიათ, თქვენი ჩანაწერები დაძინებამდე შეინახოთ თავში, ტელეფონში, დღიურში ან თუნდაც, ფურცელზე ჩამოწეროთ.

ეცადეთ, თქვენი დილის გეგმაში ის შეიტანოთ, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ. შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი ყავის ახალი ნაზავი იყოს, საკვები (ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტია ღამით მომზადებული შვრიის ფაფა ცილის ფხვნილით) ან დილის მედიტაცია. დილის რუტინაში იმის დამატება, რაც მოგწონთ, ჯილდო იქნება თქვენი ძალისხმევისთვის და დამატებითი მოტივაციის წყარო გახდება, რათა დროულად წამოხტეთ საწოლიდან და დღე დაიწყოთ.

2. ბუნებრივი განათება

თქვენს სხეულში ბუნებრივი მაღვიძარა ბუდობს და ამ შინაგანი საათის გასააქტიურებლად საუკეთესო გზა დილის რუტინაში ბუნებრივი განათების ჩართვაა. თქვენი სხეულის ცირკადულ რიტმს მზის შუქი ააქტიურებს, რომელიც ატყობინებს თქვენს სისტემებს, რომ გაღვიძების დროა. ამ ბიოლოგიური პროცესის გააქტიურება ბუნებრივად გაზრდის იმის ალბათობას, რომ საწოლიდან ადგებით და საქმიანობას შეუდგებით.

თქვენ შეგიძლიათ ფანჯარა ღია დატოვოთ, რათა მზის სხივებმა ამოსვლისთანავე გაანათონ თქვენი ოთახი. ან კიდევ, სანამ რომელიღაც რთულ ამოცანებს მოჰკიდებთ ხელს, გარეთ გახვიდეთ მზის სხივების მისაღებად.

შესაძლოა, ვერაფერიც ვერ გააკეთოთ, თუ თქვენს ოთახს საკმარისი ბუნებრივი განათება არ აქვს, ან თუ თქვენი გრაფიკი მზის ამოსვლის დროს არ ემთხვევა.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი რეჟიმი გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზის შუქი თქვენი რუტინისათვის ბუნებრივი განათების დამატების ერთ-ერთი შესაძლებლობაა.

3. ვიტამინი D

აშშ-ში ზრდასრულთა 40%-ზე მეტს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. მზის სხივები საუკეთესო საშუალებაა დეფიციტის შესამცირებლად, მაგრამ D ვიტამინის დანამატიც კარგი საშუალებაა მისი დონის ასამაღლებლად, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში ან იმ შემთხვევაში, თუ დღის უმეტეს ნაწილს ოფისში ატარებთ.

D ვიტამინის დეფიციტი დაღლილობის შეგრძნებასაც იწვევს და კიდევ სხვა უამრავ სიმპტომსაც, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს პროდუქტიულობაზე დილითაც და შემდეგ, მთელი დღის განმავლობაშიც. D ვიტამინის მიღება, მზის სხივების დღიურ დოზასთან ერთად, ერთ-ერთი გზაა დაღლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად და იმისათვის, რომ დილიდანვე გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

4. დილის გასეირნება

დილით ადრე სისხლის მოზღვავება კიდევ ერთი გზაა ფიზიკურად შეატყობინოთ თქვენს სხეულს, რომ გაღვიძების დრო დადგა. დილის რუტინაში ფიზიკური აქტივობის ჩართვა დაგეხმარებათ თავი მხნედ უფრო სწრაფად იგრძნოთ.  

ზოგიერთს დილით მგზავრობაც კი დაეხმარება. სამსახურში ველოსიპედით სიარული სცადეთ, ან კიდევ, ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლეთ. თუ ამ მარტივი ცვლილებებით დაიწყებთ თქვენს დღეს, დილიდანვე ენერგიით აღსავსე იქნებით.

თუ შინიდან მუშაობთ და თქვენს სამუშაო მაგიდამდე სულ 20 ნაბიჯია, კომპიუტერთან დაჯდომამდე იქნებ ადგილზე ხტომები სცადოთ ან კიდევ თქვენს შორიახლოს, კაფემდე ფეხით გაისეირნოთ.

5. თანმიმდევრულობა

წარმატების გასაღები თანმიმდევრულობაა. განსაკუთრებით, ეს თქვენს დილის რუტინას ეხება. დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ ყოველდღე, რათა თქვენმა სხეულმა ბუნებრივად გაღვიძება ისწავლოს. ამან შესაძლოა ნაკლებად მტკივნეული გახადოს თქვენი ადრიანად გაღვიძება და ამ ჩვევას უფრო დიდხანსაც შეინარჩუნებთ.

ჩვენი ცირკადული რიტმი თანმიმდევრულობაზეა დამყარებული და ამიტომ, ეცადეთ შაბათ-კვირასაც კი დაიცვათ ძილის გრაფიკი.

6. ყველაფრის გათიშვის დრო

ეკრანის ლურჯი შუქი საზიანოა თქვენი ძილის ციკლისთვის. სოციალური მედია, როგორც წესი, ცუდ გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე. ნებისმიერი თვალსაზრისით, ტელეფონი მხოლოდ ხელს შეგიშლით თქვენი დილის მაქსიმალურად გამოყენებაში. ამიტომაც დილით უმთავრესი ამოცანა მისი გათიშვა უნდა იყოს.

თქვენი ტელეფონი დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე გადადეთ გვერდით, საკმაოდ ადრე, ვიდრე დაწვებით და თვალს დახუჭავთ. მის ნაცვლად, წიგნის კითხვა, გაჭიმვები ან კიდევ, პოდკასტის მოსმენა სცადეთ. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სპეციალური ლურჯი სათვალეც, რომელიც მობილურისა და კომპიუტერის სინათლის მავნე ზემოქმედებას ამცირებს.

შეეცადეთ ცდუნებას გაუძლოთ − გაღვიძებისთანავე ნუ სტაცებთ ხელს ტელეფონს და ნურც თქვენს ელ. ფოსტას შეამოწმებთ. თქვენი დილა ხალისიანი გახადეთ − დილის რუტინის დაცვისას ეს არის მთავარი. თქვენ ვალდებული ხართ, სამსახურში წასვლამდე რამდენიმე წამი დაუთმოთ საკუთარ თავს.

7. ძილი

ღამით კარგად გამოძინება ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ზემოაღნიშნული ელემენტების დამატება დილის რუტინაში სერიოზულად დაგეხმარებათ, კერძოდ, ვარჯიში, თანმიმდევრულობა და ტელეფონისგან შორს ყოფნა.

ძილის წინ კარგი, თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული რიტუალი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დილის რუტინა.

მე ვიცნობ ანტრეპრენერებს, რომლებიც ძილის წინ დღიურში წერენ, რისთვის არიან ამ დღის მადლიერნი. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს აიძულებთ დილით, გაღვიძებისთანავე, უპირველესად იმაზე იფიქრონ, რისთვისაც მადლობლები არიან ამ ცხოვრების. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი რიტუალი, დილის რუტინის გასამდიდრებლად?!

John Boitnott

Written By

Entrepreneur Leadership Network VIP

John Boitnott is a longtime digital media consultant and journalist living in San Francisco. He's written for Venturebeat, USA Today and FastCompany.