You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ უნდა გავზარდოთ Instagram-ჩართულობა

By Hayden Wadsworth

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მარკეტინგი აუცილებელია ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისთვის, Instagram კი ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ Instagram-ზე მარკეტინგის გასაღები დამატებითი ღირებულების შექმნაა...

ფაქტია, რომ სოციალური მედია გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ხელმისაწვდომი ვარიანტი თქვენი კომპანიის აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. კერძოდ, Instagram გასაოცარ შესაძლებლობებს გთავაზობთ თქვენი ბრენდის, ბიზნესის გასაზრდელად და თქვენს მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად. Instagram დამატებითი ღირებულების შექმნის შანსს გაძლევთ სხვადასხვა მიმართულებით, ამის გამო ვაქციეთ იგი ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად. გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს პლატფორმა დამწყებმა კომპანიებმა ისე, რომ წარმატება მოუტანოთ თქვენს ბიზნესს და Instagram-მომხმარებლებისთვისაც სასარგებლო ბრენდად იქცეთ.

რატომ Instagram?

მხოლოდ ციფრებზე რომ ვიმსჯელოთ, Instagram აერთიანებს 600 მილიონზე მეტ ანგარიშს და ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდა სეგმენტზე გასასვლელად. პლატფორმას 18-24 წლის 320 მილიონი და 25-34 წლის 354 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

მოზარდების 73% ამბობს, რომ Instagram საუკეთესო საშუალებაა ბრენდებისთვის მათთან ურთიერთობის დასამყარებლად. ყოველთვიურად 130 მილიონი ანგარიში ხსნის კომპანიების კომერციულ პოსტებს, მეტი ინფორმაციის მისაღებად პროდუქტებზე. მომხმარებლები ისტორიებსა და ანგარიშებს ეცნობიან, იწერენ და აზიარებენ ინფორმაციას. თუ რაიმე საინტერესო გამოჩნდება, აუცილებლად აქცევენ ყურადღებას. Instagram მილიონობით ადამიანის პლატფორმაა, რომლებიც მზად არიან თქვენს ბრენდს ენდონ და რაიმე შეიძინონ.

ფუნდამენტური წესი: შექმენით დამატებითი ღირებულება ყველა მიმართულებით

Instagram-ზე წარმატების მისაღწევად, თქვენს მთავარ პრიორიტეტად ღირებულების შექმნა დასახეთ. არ აქვს მნიშვნელობა, საჩუქრები იქნება ეს თუ თანამშრომლობა ინფლუენსერებთან, მომხმარებლებს ნებისმიერმა მათგანმა უნდა მისცეს რაიმე მნიშვნელოვანი. ამისათვის კი, წამით უნდა მოაცილოთ ყურადღება თქვენს პროდუქტს და მთლიანად მომხმარებელზე გადაერთოთ. კერძოდ, უნდა დაადგინოთ, როგორია მათი ჩვეულებრივი დღე? რომელი ჰობი აქვთ? რის საშუალებას ფლობენ და როგორი მიზნები დაუსახავთ?

დამატებითი ღირებულების შექმნის იდეა იმ ადამიანებზეც ვრცელდება, რომლებიც კლიენტებს აწვდიან თქვენს პროდუქტს. თუ ინფლუენსერთან თანამშრომლობთ, ამ ურთიერთობით ორივე უნდა გაიზარდოთ. ნებისმიერი ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორ აუმჯობესებს თქვენი პროდუქტი ან სერვისი იმას, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, და პირიქით.

Instagram-მარკეტინგი მხოლოდ მასშტაბის გაზრდაზე ზრუნვაა. ყველა სივრცის მოძებნა, სადაც თქვენი ბრენდი სხვა ბრენდებს კვეთს და იმის დადგენა, რეალურად რას აკეთებენ მომხმარებლები თავიანთ ცხოვრებაში. რაც მეტი ღირებულების მოტანას შეძლებთ, მით უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება თქვენი Instagram-ანგარიში და მით უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ მიმდევრები და თანამშრომლები თქვენი ერთგული დარჩებიან.

რა უნდა გაითვალისწინოთ პარტნიორებთან

როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებზე მიდგება საქმე, ჯერ იმას შეხედეთ, რამდენი მიმდევარი ჰყავს ან მოწონებები აქვს თქვენს პოტენციურ პარტნიორს. რაც უფრო ძლიერად არიან ისინი წარმოდგენილნი ინტერნეტში და რაც უფრო მეტად არიან ჩართულნი, მით უკეთესი. მაგრამ ციფრებზე მნიშვნელოვანია იმის გადახედვა, თუ რამდენად შეესაბამება ქონთენთი თქვენს ბრენდს. თუ ქონთენთი ზუსტად თქვენზეა მორგებული, შესაძლოა ნებისმიერი ინფლუენსერი ან კომპანია აღმოჩნდეს შესანიშნავი არჩევანი, თუნდაც მცირე რაოდენობის მიმდევრები ჰყავდეს, რადგან მათი მიმდევრები დაინახავენ, რამდენად ერგება თქვენი პროდუქტები მათ ცხოვრებას. როგორც კი ამას დაინახავენ, აუცილებლად შეიძენენ და თქვენი კონვერტაციის მაჩვენებელი გაიზრდება.

იმაზეც დაფიქრდით, თუ როგორ უნდა განვითარდეთ. თავიდან, შესაძლოა უფრო რთული იყოს ადამიანებს უბიძგოთ თქვენთან იმუშაონ, რადგან ჯერ არც დიდი გავლენა გაქვთ და არც ძლიერი რეპუტაცია. კრეატიულობისა და მიზანდასახულობის წყალობით, დროთა განმავლობაში თქვენი რეპუტაცია უფრო გაიზრდება და ახალ ადამიანებსა და ბიზნესებს მოიზიდავთ. ეს ახალი ხალხი და ბიზნესი შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს თქვენი პირველი პარტნიორებისგან, მაგრამ თქვენივე ძირითადი ფასეულობები არ უნდა შეიცვალოს.

იფიქრეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ ადამიანების დასაინტერესებლად

ხშირად Instagram ან სხვა სოციალური მედიაანგარიშები წარმატებას ვერ აღწევენ. მიზეზი ის არის, რომ ისინი ერთ ადგილს ტკეპნიან, უბრალოდ სხვების ინფორმაციას აქვეყნებენ და სერიოზულად არასოდეს უფიქრდებიან, თუ რას აკეთებენ ღირებულების დამატების თვალსაზრისით. ეს არ ამართლებს, რადგან ადამიანებს ის აინტერესებთ, რამდენად აქტიური ხართ და როგორ ცვლით ვითარებას. მათ თავიანთი მსგავსი ადამიანების დანახვა სურთ, რომლებიც თქვენს პროდუქტს იყენებენ, რადგან ამ შემთხვევაში წარმოიდგენენ ნათლად, როგორ გამოიყენებენ თვითონაც.

მათ მხოლოდ თქვენი კომენტარების წაკითხვა კი არა, საუბარი სურთ, რომელშიც ჩართვას შეძლებენ. თუ თქვენ უბრალოდ ავრცელებთ ქონთენთს, რომელშიც რეალურად არც მიგიღიათ მონაწილეობა, ნაკლებად სავარაუდოა, ადამიანებმა გააზიარონ ის ან რაიმე სახით მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში.

მაგრამ სხვაგვარადაც შეიძლება მოხდეს. იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ იყენებთ Instagram-ს პირადად თქვენ. რატომ შედიხართ ამ პლატფორმაზე და რატომ ადევნებთ თვალს გარკვეულ გვერდებს? გაძლევთ თუ არა ეს გვერდები გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად მოგწონთ? რომელი კონკრეტული პროდუქტები აქვთ მათ, რაც თქვენს აღფრთოვანებას იწვევს? ეს გზა გამოიყენეთ სათაურების შესარჩევად, Instagram-ის საშუალებით უფრო მეტი დეტალისა და ინფორმაციის წარსადგენად, იმაზე მეტისაც კი, რასაც მომხმარებლები თქვენს ვებგვერდზე მიიღებენ თვალის ერთი გადავლებით.

დრო გამოყავით და ადამიანები მოამზადეთ. საჭიროა მათ იცოდნენ, უნდა ენდონ თუ არა თქვენს ანგარიშს, როდესაც განახლებული ინფორმაციის მიღება სურთ. ეს ყველაფერი თქვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან გააერთიანეთ, რათა თქვენმა მხარდაჭერის ჯგუფმა იცოდეს, რა არის თქვენს ანგარიშში, და როდესაც საჭიროა, ადამიანები Instagram-ზე გადაიყვანონ.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან