You can be on Entrepreneur’s cover!

ხატია არველაძე - Miami Ad School Europe-ის სტუდენტი ამბიციური გეგმებით კრეატიულ ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

შემოქმედ, საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, რომლებიც კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით განვითარების, განათლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს ეძებენ, „საქართველოს ბანკი" და Miami Ad School Europe არაჩვეულებრივ შანსს სთავაზობს.

სტუდენტებს, რომლებიც Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებენ, ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ Art Direction-ის, Copywriting-ისა თუ Creative Technology-ს ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკმა" უკვე გამოავლინა ორი გამარჯვებული, ახლა კი გვინდა მისი პირველი სტიპენდიატი − ხატია არველაძე გაგაცნოთ.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2020 წლის გამარჯვებული ხატია არველაძე უკვე მეორე წელია, რაც „საქართველოს ბანკის" დაფინანსებით Miami Ad School Europe-ში, Art Direction-ს სწავლობს.

როგორც ხატია Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, Miami Ad School Europe-ში სწავლის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება თეორიული ცოდნის მიღებით და პირველ წელს დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტები მეორე წელს უკვე პრაქტიკაში, სხვადასხვა სააგენტოში იყენებენ. „შეიძლება ითქვას, რომ ვართ ინდუსტრიის ცენტრში და ვსწავლობთ სამუშაო პროცესში იმ ადამიანებისგან, რომელთა ნამუშევრებსაც ძალიან ხშირად „ვგუგლავდით" ინსპირაციისათვის", − ამბობს ხატია არველაძე.

ხატიას დამთავრებული აქვს თბილისის 23-ე საჯარო სკოლა. მიუხედავად მაღალი აკადემიური მოსწრებისა, მისი თქმით, სკოლას და სასკოლო განათლებას არანაირი კავშირი არ ჰქონია მომავალი პროფესიის შერჩევის პროცესში. „ვცდილობდი სასკოლო რუტინას ხატვაში ან რაიმე ხელსაქმეში გავქცეოდი. ბავშვობაში მინდოდა ტანსაცმლის დიზაინერი გამოვმხდარიყავი და ალბათ, ბავშვობის სურვილებმა უფრო დიდი გავლენა იქონია ჩემს მომავალზე, ვიდრე სკოლამ. ტანსაცმლის დიზაინერი არა, მაგრამ გრაფიკული დიზაინერი გავხდი", − აღნიშნავს ხატია.

Miami Ad School Europe-ში სწავლის გაგრძელებამდე, ხატია სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ში მუშაობდა არტდირექტორის თანამდებობაზე. იგი იდეიდან მის განხორციელებამდე ჩართული იყო პროექტებზე მუშაობის კრეატიულ პროცესში და საბოლოო პროდუქტის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხატიამ გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება თეორიული ცოდნითაც გაემყარებინა და კრეატიულ ინდუსტრიაში მსოფლიოში აღიარებულ სასწავლებელში, Miami Ad School Europe-ში ეცადა ბედი, რაც ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოპოვებით, რეალობად აქცია. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია თავად ნიკას ძალიან კეთილშობილი სურვილია, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს შანსი პროფესიას საუკეთესო გარემოში დაეუფლოს. ეს არის გზა, მართლაც რომ უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ", აცხადებს ხატია არველაძე.

რაც შეეხება ხატიას სამომავლო გეგმებს, გრძელვადიანი გეგმების დასახვა ზოგადად არ უყვარს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში იგი Miami Ad School Europe-ის წარჩინებით დამთავრებას აპირებს. „მოხარული ვიქნები, თუ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მოვახერხებ და ამ ინდუსტრიის განვითარებაში ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან".

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად − „ცდა ბედის მონახევრეა". თუ რაიმე გვინდა, უნდა ვეცადოთ და თუ ძალიან გვინდა და საკმარის ძალისხმევას გავიღებთ საქმისთვის, აუცილებლად გამოგვივა კიდეც (მოკლე თუ არა, გრძელ ვადაში მაინც). ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც შეიძლება მეტი გაიღონ და დასახული მიზნისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიონ", ხატია არველაძე.

ინფორმაციისთვის, Miami Ad School ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და „საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილებით 2019 წელს დაარსდა.

დამატებითი დეტალები „საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia