You can be on Entrepreneur’s cover!

''ტენეს'' 2021 წლის შეჯამება და ახალი წლის გეგმები ალექსანდრე ლილუაშვილი - "ტენეს" დამფუძნებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: თაკო ტაველიძე

2021 წელი ერთგვარად ამოსუნთქვა იყო კორპორაციული სამყაროსთვის. ბევრი სფერო რადიკალურად შეიცვალა, ბევრმა უმნიშვნელო ნიუანსებს სახე უცვალა საიმისოდ, რომ მომხმარებლის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა და მის ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.

ENTREPRENEUR დაინტერესდა, რა ასწავლა 2021-მა წელმა ქართულ კომპანიებს, რა საკითხები გადააფასებინა და რაზე შეახედა განსხვავებული კუთხით.

ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება „ტენეს" დამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა გაგვიზიარა:

„ტენესთვის" 2021 წარმოუდგენელი გამოცდებისა და სირთულეების წელი იყო. ამ წელს კომპანია იმდენად დიდი რეპუტაციული რისკის წინაშე დადგა, რომ მისი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანდემიის გამო შემცირდა საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები და მათი ფასები კოლოსალურად გაიზარდა. ასევე, წინა წლის განმავლობაში გაჩერებული ჩინური ქარხნები 2021 წელს ერთიანად ამუშავდა და გუანდონგის პროვინციაში, რომელიც USB-კაბელების წარმოების „მექად" არის მიჩნეული, საწარმოებს შეფერხებები შეექმნა, მოულოდნელად წარმოშობილი ენერგეტიკული კრიზისის გამო.

ამ ორი ფაქტორის გავლენით გაიზარდა ჩინეთში წარმოებული კაბელის თვითღირებულება და პრობლემები შეგვექმნა იმპორტზე. შესაბამისად, გაგვიჭირდა ჩვენი დისტრიბუციის ქსელის მომარაგება.

შექმნილ ვითარებაში საჭირო გახდა ჩინურ ქარხნებზე დამოკიდებულების შემცირება და წარმოების დაუყოვნებლივ საქართველოში გადმოტანა.

სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც „კოვიდ-გაუგებრობის" გამო ბევრჯერ მქონდა გადადებული და როგორც იქნა, USB-კაბელის საწარმოო ხაზი ჩინეთიდან ჩამოვიტანე. ამ, ერთი შეხედვით წარმატებულ ნაბიჯს, თითქოს პრობლემების მოგვარება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ სინამდვილეში დაიწყო „ტენეს" ისტორიაში ყველაზე დიდი სირთულეები და გამოწვევები.

ზოგადად, აღნიშნული დანადგარების გამოწერა „ალიბაბადან" იყო შესაძლებელი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩინეთში არსებული სიტუაცია ადგილზე მინდოდა გამეცნო, პანდემიის დაწყებამდე გავემგზავრე გუანდონგის პროვინციაში (იქ, სადაც ადგილობრივები ერთმანეთთან ვაჭრობენ) და შევარჩიე დანადგარები.

მართალია, ადგილზე ჩასვლის დამსახურებით ბევრად დაბალ ფასად შევიძინე ყველაფერი, მაგრამ კონტეინერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დანადგარებს არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყვებოდა. ინფორმაცია მათი მუშაობის პრინციპების შესახებ არც Google-ში და არც ჩინურ საძიებო სისტემებში არ იძებნებოდა. ჩინური დანადგარები მართლაც „ჩინური" აღმოჩნდა ჩემთვის.

ქარხნის გამართვის ერთადერთი გზა მწარმოებლებთან ვიდეოზარით კონსულტაცია იყო, მაგრამ აქაც დაბრკოლება შემხვდა: მათ არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და არც რუსული, მე კი ჩინური არ ვიცოდი. საჭირო იყო თარჯიმნის დახმარება, მაგრამ თარჯიმნებს ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდათ და რამდენიმე წარუმატებელი ზარის შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედი უნდა მქონოდა.

ასე, 2021 წელს დაიწყო ცდებისა და შეცდომების დაუსრულებელი გზა, რომელიც რვა თვე გაგრძელდა. დილიდან დაღამებამდე ცდას ცდა მოსდევდა, მაგრამ კაბელის დამზადებას პირი არ უჩანდა. სიტუაციას ამძიმებდა ის, რომ მაღაზიებში მარაგები უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა, დისტრიბუცია თანხებს ვერ იღებდა და ბიზნესი თითქმის ჩავარდნის პირას იყო.

მახსოვს, ივლისის ბოლოს, ერთ-ერთ საღამოს, კიდევ რომ არ გამოდიოდა კაბელის დამზადება, ჩემს რწმენას ბზარი გაუჩნდა და საკუთარ თავს ვუთხარი, მე მგონი ვერ ერევი რასაც შეეჭიდე და წინ დიდი მარცხი გელის-მეთქი. უკვე ღამის პირველი საათი იყო, დაღლილი და ენერგიაგამოცლილი წავედი შინ. მეორე დილით კორონავირუსი აღმომაჩნდა, რაც ძალიან ამძიმებდა ჩემს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. მაგრამ გამოძინებამ, როგორც ყოველთვის, თავისი შედეგი გამოიღო − დილა ახალი შემართებით დაიწყო და იმ დღეს, როგორც იქნა შევძელი დამემზადებინა იდეალური კაბელი.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ამბიდან ორი კვირის თავზე დისტრიბუცია უკვე ამარაგებდა მაღაზიებს ქართული წარმოების USB-კაბელებით და ეს მარცხისგან თავის დაღწევას ჰგავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, განვლილ გამოწვევაზე დიდი კრიზისი ახლა იწყებოდა.

საქმე ისაა, რომ ჩინეთში ყოფნისას უდიდესი შეცდომა დავუშვი − ჩინელებს პროდუქციის ფასზე ვევაჭრე. ზოგადად, ეს ჩვევა ებრაელ ბიზნესმენებთან მუშაობის გამოცდილებამ შემძინა და მეგონა, რომ კარგი უნარი იყო, მაგრამ თურმე ჩინეთში ფასის დაკლება ხარისხის დაკლებასაც ნიშნავს და შევაჭრების გამო ისეთი ხარისხის ჩიპები გამომატანეს საქართველოში, რომელიც მხოლოდ 1 თვე იმუშავებდა და შემდეგ აუცილებლად გაფუჭდებოდა.

მოულოდნელად გარანტიის პირობების ქვეშ დიდი რაოდენობით კაბელების დაბრუნება დაიწყო. პირველად ბრენდის არსებობის ისტორიაში, „ტენეს" უკმაყოფილო მომხმარებლები გაუჩნდა. ქსელის მაღაზიებმა გადაწყვიტეს, რომ „კარგად დავიწყეთ და შემდეგ ხარისხი გავაფუჭეთ", და კაბელის აღებაზე უარის თქმა დაიწყეს. სიტუაცია ერთ თვეში უმართავი გახდა. კოლექტივის ყველა რგოლში დაძაბულობა და პანიკის შეგრძნება იზრდებოდა. წლების განმავლობაში მოხვეჭილი სახელი, ნელ-ნელა ილახებოდა და კომპანია უკან-უკან მიდიოდა.

კიდევ ერთხელ საჭირო გახდა სრული მობილიზაცია და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება: წარმოების შეჩერება, პრობლემის მიზეზის დადგენა, ბრუნვიდან უხარისხო კაბელების ამოღება და ახალი მომწოდებლების მოძებნა. ამ ყველაფერს თვეები დასჭირდებოდა, რომლის განმავლობაშიც „ტენეს" სახელისგან ალბათ აღარაფერი დარჩებოდა.

არ ვიცი როგორ, ალბათ უზომო მონდომების, ჩინეთში შეძენილი კავშირებისა და „ფედექსის" წყალობით, ყველა ეს ეტაპი ორ თვეში გავიარე და ოქტომბრიდან განახლებული კაბელებით დავიწყეთ მაღაზიების მომარაგება. ძველი კაბელები შევუცვალეთ ყველას, ვისაც კი ხმა მივაწვდინეთ, განაწყენებული მომხმარებლები და მაღაზიები ნელ-ნელა უკან დავიბრუნეთ. საბოლოო ჯამში, წლის დასასრულამდე მოვახერხეთ შელახული სახელი აღგვედგინა და უკვე ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ გაყიდვების ზრდა.

ამრიგად, 2021 წელი პანდემიის გამო იყო წარმოუდგენელი გამოწვევების და სირთულეების წელი, რომელთა დაძლევა საბედნიეროდ შევძელით და 2022 წელს ბევრად ძლიერები შევხვდით, ვიდრე მის წინამორბედს. ვფიქრობ, ახალი 2022 წელი „ტენესთვის" იქნება ძალიან დიდი ზრდისა და სიახლეების მომტანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი