You can be on Entrepreneur’s cover!

ელდარ პირმისაშვილი - PR-ანტრეპრენერი ელდარმა ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო საქართველოში, "პერიტუს ჯგუფი" 14 წლის წინ შეიქმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღეს, ქართულ საქმიან სივრცეში, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას უკვე მყარად აქვს ფესვები გადგმული და საკმაოდ მაღალი ტემპითაც ვითარდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინა, საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და ადგილობრივ კულტურულ თუ სოციალურ თავისებურებებთან შერწყმით, ბიზნესის წარმოების განუყოფელ შემადგენელ ნაწილებად იქცა.

გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, ელდარ პირმისაშვილია, რომელიც ათწლეულზე მეტია რაც ერთგულად ემსახურება ამ დარგს, მუშაობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ბიზნესის მნიშვნელოვან პროექტებზე, მართავს საკუთარ კომპანიებს და ამავდროულად, აქტიურად აზიარებს დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას აკადემიურ-საგანმანათლებლო სივრცეებში. Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ეს მაღალი დონის პროფესიონალი და მისი წარმატების გზის შესახებ გიამბოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ელდარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაციის დამყარება და საქმის ორგანიზება ბავშვობიდან კარგად გამოსდიოდა, ამ უნარების პროფესიად ქცევის სურვილი მას მხოლოდ სკოლის დამამთავრებელ კლასში გაუჩნდა. გადამწყვეტი ფაქტორი კი სემ ბლექის წიგნი − „ყველაფერი PR-ის შესახებ" აღმოჩნდა, რომელიც ელდარს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, თუმცა იმდენად მოიხიბლა ამ მიმართულებით, რომ გადაწყვიტა უმაღლესი განათლება PR-ის კუთხით მიეღო და 27 წლის ასაკში, იგი უკვე სოციალურ მეცნიერებათა (საზოგადოებრივი ურთიერთობები) დოქტორიც გახდა.

ელდარ პირმისაშვილისთვის თბილისში მიღებული განათლება საკმარისი არ აღმოჩნდა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპაში გაემგზავრა. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე, იგი საზოგადოებასთან ურთიერთობის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც მისთვის ბარსელონაში, ტურინში, ბუქარესტში და ევროპის სხვა ქალაქებში სწავლის წინაპირობა გახდა. PR-ის კუთხით მიღებული ევროპული ცოდნითა და გამოცდილებით, ელდარი საქართველოს დაუბრუნდა და ადგილობრივ ბაზარზე ამ დარგის განვითარებას მიჰყო ხელი.

დღესდღეობით, ელდარ პირმისაშვილი სამი უნივერსიტეტის ლექტორი, რამდენიმე ღია ლექციის, ცხრა სამეცნიერო სტატიის და წიგნის − „10 ნაბიჯი PR-გეგმის შესადგენად" ავტორი გახლავთ.

საგანმანათლებლო საქმიანობის მიღმა, ელდარი აქტიურადაა ჩართული პროფესიულ რუტინაში. 14 წლის წინ, როდესაც საქართველოში PR-ის შესახებ მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრეებში საუბრობდნენ, მან დააფუძნა საკომუნიკაციო სააგენტო „პერიტუს ჯგუფი", რომელსაც უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კამპანიის განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„პერიტუს ჯგუფი" იყო ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო საქართველოში, რომელიც 14 წლის წინ შეიქმნა. ჩვენთვის, ისევე, როგორც ორგანიზაციებისთვის, მთავარი იყო იმ დროისთვის ინოვაციური პროექტების მომზადება და საკომუნიკაციო დარგის განვითარება. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ლატვიის დღეების ორგანიზება, რომელიც მოიცავდა საკომუნიკაციო კამპანიას და ლატვიის პრეზიდენტისა და ბიზნესდელეგაციის ვიზიტის აქტივობების დაგეგმვას. აღვნიშნავდი, რომ „პერიტუს ჯგუფმა" ლატვიის განვითარების სააგენტოდან მადლობის წერილიც მივიღეთ წარმატებულად ჩატარებული კამპანიისთვის. წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდით ჩვენს რეპუტაციაზე და შემდეგ რეპუტაციამ იმუშავა ჩვენზე", − Entrepreneur-თან საუბრისას აცხადებს ელდარ პირმისაშვილი.

გარდა ამისა, 3 წლის წინ, ელდარ პირმისაშვილმა დააარსა სააგენტო Influencer.ge რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი და ინოვაციური სერვისია ქართულ ბაზარზე.

„Influencer.ge ერთ-ერთი პირველი და წამყვანი მომსახურებაა, რაც ინოვაციურ და თანამედროვე კომუნიკაციის ფორმებს მოიცავს. ჩვენ შექმენით მნიშვნელოვანი და დღეისათვის საკმაოდ აქტუალური პლატფორმა, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული და ტრენდული გახდა. ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს ტენდენციები გადმოიტანა საქართველოში და ქართულ რეალობას მაქსიმალურად მოარგო. სამი წლის განმავლობაში, განვახორციელეთ 40-მდე პროექტი, მათ შორის საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Bosch, CK, Apple და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Influencer.ge-მ მოახდინა გავლენიანი ადამიანების გააქტიურება ბრენდების ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად", − გვიამბობს ელდარი.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა ქართული PR-სფეროს წამყვანი სპეციალისტი ანტრეპრენერებს, რაზეც ელდარ პირმისაშვილი გვპასუხობს:

„მოძებნეთ საყვარელი საქმე, გახდით კომპეტენტური და იმუშავეთ მიზანმიმართულად კონკრეტული შედეგის მისაღწევად. აქციეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ, თქვენს მთავარ საქმიანობად და წარმატება თქვენი თანმდევი იქნება. მიიღეთ ცოდნა კონკრეტულ სფეროში, დაიწყეთ საკუთარი იდეების განხორციელება და მუდმივად იმუშავეთ. იყავით ადეკვატური დროსთან მიმართებაში".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია