You can be on Entrepreneur’s cover!

ახალი ქართული სტარტაპი Upway.ge - მრავალფეროვანი და სანდო კურსები ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სწორედ ახალი, ძალიან უცნაური და კიდევ უფრო აჩქარებული რეალობის საპასუხოდ, შეიქმნა Upway. რეალობის, სადაც შეიცვალა ჩვენი სწავლებისა და მუშაობის გარემო.

განათლების სექტორში ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვა სულ უფრო ხშირად გვხდება, რასაც, გარკვეულწილად, Covid-19 პანდემიამაც შეუწყო ხელი. ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაშიც განათლების ტექნოლოგიების კუთხით ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - Upway გამოჩნდა. Upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, Upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

პლატფორმის შექმნის იდეა 2020 წელს, სამმა მეგობარმა: მარიშა გოგოლაურმა, მარიამ ცანავამ და მარიკა აბულაძემ შეიმუშავეს. Upway-ის განვითარების გეგმებისა და უნიკალური სერვისების შესახებ Entrepreneur სტარტაპის თანადამფუძნებლებს გაესაუბრა:

რა გამოწვევებს შეხვდით პროექტის განხორციელების პერიოდში? განსაკუთრებით, Covid-19 პანდემიის პირობებში?

„პროექტის განხორციელება ერთი დიდი როლეკოსტერია, რომელსაც თან ახლავს ბევრი სიხარული და კიდევ უფრო მეტი გამოწვევა. ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ, იმის დაჯერება იყო, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან მოგვწონდა, ყველასთან გამოგვეჩინა და ხმამაღალი განცხადება გაგვეკეთებინა მის შესახებ. ალბათ, სულ არსებობს შიში, რომ ვიღაცას არ მოეწონება და გაგაკრიტიკებს და პირველი გამოწვევის გადალახვაც სწორედ ეს გახლდათ.

კიდევ ერთი დიდი გამოწვევა სამსახურთან ერთად სტარტაპერობის შეთავსება იყო და გვიწევდა, ყოველ ღამე გვემუშავა და მწირი რესურსებით მოგვეფიქრებინა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი სტარტაპი. „თიბისის სტარტაპ დეკრეტში" გამარჯვებამ მოგვცა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - დრო. ნოემბრიდან ვიმყოფებით სტარტაპ დეკრეტში და სრულ რესურსს ვუთმობთ პროექტის განვითარებას.

სტარტაპერობამ, ალბათ, ყველაზე მეტად გამოწვევების შესაძლებლობებად ქცევა გვასწავლა. თავიდან ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობდით - ახლა კი, პროცესს უფრო აზარტულად ვუყურებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო გამოცდილება მივიღოთ პროცესით.

პანდემიასაც ამ ჭრილში შევხედეთ. დასაწყისში გვქონდა პაუზა, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენი დაკვირვებით, ამ ძალიან უცნაურმა და სტრესულმა ვითარებამ ადამიანებს მისცა მეტი დრაივი, რომ ახალი უნარები ესწავლათ. ახლის შესწავლა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, გვაძლევს ძალაუფლებას, რომ ცხოვრების გამოწვევებს მედგრად შევხვდეთ და ჩვენი ცხოვრება ვმართოთ საკუთარი სურვილისამებრ.

სწორედ ახალი, ძალიან უცნაური და კიდევ უფრო აჩქარებული რეალობის საპასუხოდ, შეიქმნა Upway. ეალობის, სადაც შეიცვალა ჩვენი სწავლების და მუშაობის გარემო", - აცხადებენ Upway-ის გუნდში.

რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა საგანმანათლებლო პლატფორმებთან შედარებით?

„Upway-ის უპირატესობა მის მრავალფეროვნებასა და სანდოობაში მდგომარეობს. პირველად საქართველოში, თვითგანვითარების მსურველებს 1 სივრცეში შეეძლებათ რომ აარჩიონ, შეადარონ და შეიძინონ ყველაზე სანდო კურსები და გამოცდილებები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე - შვილებისთვის, გუნდის წევრებისთვისა და კორპორაციებისთვის.

სტარტაპის მთავარი უპირატესობა გუნდია, რომელიც აერთიანებს know-how-ს, რომელიც მსგავსი პროდუქტის გამრთვისთვისა და განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი", - განმარტავენ თანადამფუძნებლები.

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და თიბისის პროექტის, "სტრატაპ დეკრეტის" გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს როგორც, ლოკალური, ისე - საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.

სამომავლო გეგმები: რა მიმართულებით ფიქრობთ სტარტაპის განვითარებას?

„Upway მუდმივად განვითარდება მომხმარებლებისთვის და მომხმარებელთან ერთად. ვაპირებთ ძალიან საინტერესო პროექტებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომელიც კიდევ უფრო დაეხმარება ადამიანებს, აღმოაჩინონ მათთვის საჭირო მიმართულებები და ტრენდები. ვგეგმავთ, გავაღრმავოთ სტარტაპის მიმართულებები და დავამატოთ კონსულტაციის თუ კორპორატიული სერვისები.

შემდეგ ეტაპზე მოაზრებული გვაქვს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც, რომლისთვისაც მოკვლევა უკვე დავიწყეთ.

სწავლა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვაპირებთ სხვადასხვა აქსელერატორში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ინვესტირების სხვადასხვა რაუნდი, იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი", - აცხადებენ გუნდის წევრები.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"