You can be on Entrepreneur’s cover!

Artisio – ახალი ტექნოლოგიური სიტყვა აუქციონების ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Artisio

აუქციონის სახლების ინდუსტრია ქართველი მომხმარებლისთვის ჯერჯერობით უცხო და ნაკლებად განვითარებული სფეროა, თუმცა დასავლურ ქვეყნებში ეს დარგი საკმაოდ დიდ კაპიტალს მოიცავს და აუქციონებში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. მაგალითისთვის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის აუქციონების ინდუსტრიის საბაზრო ღირებულება ყოველწლიურად $50-დან $60 მილიარდამდე მერყეობს და ამასთანავე, მოიცავს მომხმარებელთა საკმაოდ ფართო სპექტრს − დაწყებული ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების ინდივიდუალური კოლექციონერებით, დამთავრებული დიდი ზომის ინდუსტრიული ბიზნესების საცალო ვაჭრობით.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტით დაკავებული ქართული კომპანია Apollo 11-ისა და Centigen UK-ის (ბრიტანული IT-საკონსულტაციო კომპანია) გუნდში გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ცენტრალიზებული ბიზნეს-ეკოსისტემა, რომელიც დააკმაყოფილებდა აუქციონების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მოთხოვნებს და დააკავშირებდა მათ ერთმანეთთან. სწორედ ამ იდეის გარშემო, 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა Artisio, რომლის პირველი ვერსია საერთაშორისო ბაზარზე გაეშვა.

„Artisio-ზე მუშაობისას, ჩვენი მიზანი იყო აუქციონების მსოფლიო ინდუსტრიისთვის შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომლის თითოეული ფუნქციონალიც ზუსტად უპასუხებდა აუქციონების სახლების ყოველდღიურ გამოწვევებს და ერთმანეთთან დააკავშირებდა აუქციონების სფეროში ჩართულ თითოეულ რგოლს. გუნდის ტექნიკური გამოცდილება და სფეროს ბიზნეს-„ინსაითების" ცოდნა კი, ის ძირითადი ფაქტორები იყო, რამაც მთავარი როლი ითამაშა Artisio-ს წარმატებაში", − ბერდია ყამარაული, Artisio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

და მაინც, რა არის Artisio და რა სახის სარგებელს სთავაზობს იგი აუქციონების ინდუსტრიას? − Artisio არის ტექნოლოგიური ინოვაცია აუქციონების ინდუსტრიაში. იგი მოიცავს აუქციონის სახლებისთვის აუქციონების მენეჯმენტის back office-სისტემას, ონლაინაუქციონების პლატფორმასა და კოლექციის მართვის სისტემას დილერებისა და კოლექციონერებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია აუქციონების სფეროში არსებული ბიზნესრგოლებისთვის (აუქციონების სახლები, დილერები, კოლექციონერები და ა.შ.) ქმნის ახალ ბიზნეს-ეკოსისტემას და ეხმარება მათ ბიზნესპროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, აუქციონების ინდუსტრიაში პრაქტიკულად არ არსებობდა ე.წ. „ღრუბლოვან" ტექნოლოგიაზე (Cloud) დაფუძნებული თანამედროვე სისტემა, რომელიც სრულყოფილად დააკმაყოფილებდა ამ სფეროში ჩართული ყველა რგოლის მოთხოვნას. ბაზარზე არსებული სხვა სისტემები ხშირ შემთხვევაში მოძველებულია და არ არის თავსებადი ტაბლეტ და მობილურ მოწყობილობებთან. აგრეთვე, მათ არ გააჩნიათ API, რომლის არარსებობა ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელსაც ხდის მესამე მხარეებთან ინტეგრაციას, როგორიც არის ონლაინგადახდისა და ფინანსური სისტემები. ამასთანავე, არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა იმდენად რთულდება და იმხელა პრობლემებს ქმნის, რომ აუქციონის სახლები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ ბაზარზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებით და მოერგონ მოძველებულ სისტემებს.

ამის საპირწონედ, Artisio არის 100%-ით API-ზე დაშენებული თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი, რაც ამარტივებს ნებისმიერ მესამე მხარესთან ინტეგრაციას. პლატფორმის შემადგენელი სამივე სისტემა (აუქციონების მენეჯმენტის, ონლაინაუქციონებისა და კოლექციის მართვის) ერთმანეთთან სწორედ API-ით არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ API-ის არსებობა და ამ სისტემების ერთმანეთთან განუწყვეტელი კავშირი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ Artisio-ში დიდი მოცულობით მონაცემების ცენტრალიზება მოხდეს, ხოლო შემდეგ მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნას ავტომატიზებული პროცესები. მაგალითად, Artisio ურჩევს კოლექციონერს, თუ რომელი აუქციონის სახლი გაყიდის მის ნივთებს ყველაზე ხელსაყრელ ფასად ან რეკომენდაციას გაუწევს აუქციონის სახლებს, რომელ კოლექციონერებს დაუკავშირდნენ ნივთების მოსაძიებლად.

„Artisio-ს დაგეგმარების მომენტიდანვე, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი მოქნილი არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა, რომელიც მარტივად მოერგებოდა განსხვავებული აუქციონის სახლების განსხვავებულ ბიზნესპროცესებს. თუ აქამდე აუქციონის სახლებს უწევდათ არსებულ სისტემებზე მორგება, ახლა უკვე ჩვენს სისტემას აქვს საშუალება თავად მოერგოს მათ. ეს ყველაფერი განაპირობა Artisio-ს მოქნილმა არქიტექტურამ და Custom-მიდგომის სიმარტივემ", − ზურა სეხნიაშვილი, Artisio-ს ტექნიკური დირექტორი და თანადამფუძნებელი.

Artisio დაახლოებით ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა გუნდმა ბაზარზე სრულად კონკურენტუნარიანი სისტემის შექმნა შეძლო, რომელიც აუქციონის ინდუსტრიაში ახალ ბიზნესეკოსისტემას აყალიბებს.

გასულ წელს Artisio-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა ონლაინ აუქციონების სფეროში მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია ATG, რომელსაც გადაეცა ექსკლუზიური უფლება, Artisio საკუთარ კლიენტებს მიჰყიდოს (აუქციონების სახლებს, რომლებსაც სჭირდებათ აუქციონის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა). ამან Artisio-ს ცნობადობა და სანდოობა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გაზარდა, საშუალება მისცა, ბრიტანეთის ბაზრის გარდა, აშშ-ისა და ევროპის დანარჩენი ქვეყნების ბაზრებზე გასულიყო და გაუმარტივა წვდომა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ აუქციონების სახლებთან. აღსანიშნავია, რომ Artisio-მ 2021 წლის სექტემბერში გაიმარჯვა ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო კონკურსში, რომელიც ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„მიგვაჩნია, რომ Artisio-ს წარმატების ისტორია ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში ინოვაციურ ცვლილებებს მოახდენს, გათვლილი იქნება საერთაშორისო მასშტაბზე და მსოფლიო ბაზრის საჭიროებებს წარმატებით დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, რომ Artisio-ს შექმნაზე მუშაობს ტექნოლოგიური სფეროს ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, ამიტომ ვფიქრობთ, Artisio-ს წარმატება არა მხოლოდ Apollo 11-ს, არამედ საქართველოს ტექნოლოგიური სივრცისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა", − ირაკლი სვანიძე, თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი.

რაც შეეხება Artisio-ს უახლოეს სამომავლო გეგმებს, 2022 წლიდან, პლატფორმა NFT-ით ვაჭრობის მხარდაჭერის დამატებას აპირებს. Artisio-ს საშუალებით აუქციონების სახლებს შეეძლებათ მართონ მიღებული ციფრული NFT-ნივთები ან პლატფორმის ინტერფეისიდან თავად შექმნან ახალი NFT-ები. Artisio-ში NFT მხარდაჭერის ჩაშენების მიზანია აუქციონების სახლებს მიეცეთ შესაძლებლობა, ძალიან მარტივად ჩაერთონ NFT-ით ვაჭრობის ბიზნესში.

„რადგან NFT უახლესი ტექნოლოგიაა, ამ სფეროში ჩაბმა ხშირად ბარიერი და შიშის ფაქტორია ხოლმე კომპანიებისთვის, განსაკუთრებით კი აუქციონების ინდუსტრიაში. ამის მიზეზი მარტივია − სიღრმისეულად არ ესმით NFT-ის შექმნისა და გაყიდვის პროცესი, რაც ხშირად დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა ხოლმე ამ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდის ათვისებაში. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის (აუქციონების სახლებისთვის) NFT-სფერო გავამარტივოთ და რა ტექნიკური „ბექგრაუნდიც" უნდა ჰქონდეს აუქციონების სახლს, ყველამ შეძლოს NFT-ით ვაჭრობის ბიზნესში ჩართვა", − გუგა გრიგოლია, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი და თანადამფუძნებელი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia