საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა - Axel ქართულ სტარტაპ Theneo-ში ინვესტიცია განახორციელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიასთან თანამშრომლობითა და „საქართველოს ბანკის", ვიზას და „გრანთ თორნთონის" მხარდაჭერით ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზი ინვესტორების" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკვე მოყვა მნიშვნელოვანი შედეგი. კონკრეტულად კი, სწორედ „აქსელის" საერთაშორისო „ბიზნეს ანგელოზთა" სამიტის შემდეგ, ქართულმა სტარტაპმა - Theneo საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან - Axel პირველი სინდიკატირებული ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.

სამიტზე ინვესტორების წინაშე ათი სტარტაპი წარსდგა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ Theneo იყო.

„თენეო" ანა რობაქიძისა და მარია დოლიაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია და მუშაობს კონტენტის შექმნის პროცესის ავტომატიზებაზე, რათა დეველოპერებმა სწრაფად შეძლონ მაღალხარისხიანი ინტერაქციული API (application programming interface) დოკუმენტაციის აგება. ქართული სტარტაპ-საზოგადოებისათვის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი კი ის გახლავთ, რომ როგორც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, „თენეო" ამერიკული სტარტაპ აქსელერატორ - YCombinator-ის 2022 წლის ზამთრის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვართ, რომ შევძელით, ჩვენი წევრებისთვის მიგვეცა საშუალება, ინვესტირება განეხორციელებინათ API დოკუმენტაციის არაჩვეულებრივ ხელსაწყოში, რომელიც დეველოპერებისა თუ გუნდის არატექნიკური წევრებისთვის საქმეს წარმოუდგენლად აადვილებს. ჩვენ, ასევე, ძალიან დიდი ნდობით ვართ განწყობილნი ქართველი სტარტაპერების, ანასა და მარიას მიმართ, რომლებიც „თენეოს" გლობალური მასშტაბით წარმატებულ პროექტად აქცევენ", - ამბობს „აქსელის" მმართველი დირექტორი, თათული ოქრიაშვილი.

„Theneo ძალიან მადლიერია, რომ „აქსელი" Cartool-თან კოლაბორაციით მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ჩვენს სტარტაპს. „აქსელი", ისევე როგორც Theneo, პირველ ნაბიჯებს დგამს. დიდი იმედებითა და ინტერესით ველოდებით იმ ერთობის ხილვას, რომელსაც მომავალში შევქმნით", - ამბობს ანა რობაქიძე, „თენეოს" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

„აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ანგელოზი ინვესტორების სამიტის გარდა, საქართველოს ბანკი ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება პროექტი 500 Georgia, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ აქსელერატორის 500 Global-ის საქართველოში შემოყვანას და 4 ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების „სილიკონ ველიზე" ვიზიტს უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ბანკის მიერ სატელევიზიო პროექტის - „შარქ თენქ საქართველოს" მხარდაჭერა, რელითი შოუს გენერალური პარტნიორი პირველ არხზე სწორედ საქართველოს ბანკია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, არაერთმა დამწყებმა და უკვე გამოცდილმა სტარტაპერმა მოახერხა ინვესტორების წინაშე საკუთარი პროექტის დემონსტრირება და მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სტარტაპ-კულტურის პოპულარიზაციას და საქართველოში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. რაც შეეხება Theneo-ს ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებას და კიდევ უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - Axel, 2021 წლის ივნისში დაარსდა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველ მეწარმეებში „ჭკვიანი" ფულის ინვესტირების ფასილიტაციით. 2021 წლის დეკემბრიდან, „აქსელი" ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) წევრია და დღეის მდგომარეობით, იგი უკვე 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, „აქსელის" წევრებსა და პარტნიორებს არაერთი ინდივიდუალური ინვესტიცია განუხორციელებიათ სხვა ქართულ სტარტაპებში, თუმცა „თენეოს" შემთხვევა არის პირველი, როცა ჩეკი გამოწერა სინდიკატმა - ანგელოზ ინვესტორთა გუნდმა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ „აქსელისთვის", არამედ, ზოგადად, საქართველოში ანგელოზ ინვესტირებისა და ქვეყნის ტექნოლოგიური სტარტაპ-ეკოსისტემისთვის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

"ჩემი ჩირი" - იზა სარქისიანის გემრიელი ბიზნესი

"სამეწარმეო სკოლის" დახმარებით იზამ ჩირის წარმოება განავითარა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინდუსტრიული ტრენდები

Fast & Shine - ავტოდითეილინგის პიონერი საქართველოში

"2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა"