You can be on Entrepreneur’s cover!

სანქციების შედეგად მიღებული ზარალი რუსულ საფონდო ბირჟაზე $259 მლრდ-ზე მეტია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყებასა და რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებს დიდი ფინანსური ზარალი და რუბლის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი მოჰყვა. საფონდო ბირჟის ცვლილებებისა და ტენდენციების შესახებ Entrepreneur „ტრეიდერების ჰაბის" დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ რატი ქირიას ესაუბრა:

რუსეთ-უკრაინის ომი და ცვლილებები საფონდო ბირჟაზე: რა მდგომარეობაა რუსულ კომპანიებში, ძირითადად რომელ ორგანიზაციებში ფიქსირდება აქციების ფასის დაცემა?
რუსულ საფონდო ბირჟას ომის პირველსავე დღიდან ვაკვირდები და ვსწავლობ, თუ როგორ და რა სირთულეები ჩნდება მათ ბაზარზე. როგორც ყველა ბირჟაზე, რუსულ საფონდო ბირჟაზეც გვაქვს არაერთი ინდექსი, თუმცა წამყვან ინდექსს შევეხები, რომელიც პრაქტიკულად რუსული ბაზრის მდგომარეობას ასახავს.

MOEX Russia Index (IMOEX.ME) − ამ ინდექსში გაერთიანებულია 50 უმსხვილესი რუსული კომპანია და გამორჩეულნი არიან, რა თქმა უნდა, ლიკვიდურობითა და მოცულობით. ასეთებია: Gazprom, Sberbank, LUKOIL, Yandex N V და სხვა.

როცა მსგავსი მოვლენა ხდება მსოფლიოში, როგორიც არის ომი, რასაკვირველია, ბაზარი შესაბამისად რეაგირებს და მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ყველა რუსულ კომპანიას შეეხო ფასების ვარდნა, რომლის ინდივიდუალურად ნახვა და შესწავლაც შესაძლებელია, რადგან ყველას სხვადასხვა პროცენტული ზარალი მიადგა.

MOEX Russia Index (IMOEX.ME) − გრაფიკი

რა მოლოდინი გვაქვს? გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია?
ფასების გაუფასურების ტენდენცია დამოკიდებულია კვლავ მიმდინარე მოვლენებზე და რა თქმა უნდა, შესაძლოა, ბაზარმა კიდევ უფრო მეტი ვარდნა განიცადოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ნამდვილად ცდილობს ხელოვნურად შეაჩეროს ბაზრის გაუფასურების პროცესები, მოლოდინი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში უფრო ნათელ და ლოგიკურ სურათს დავინახავთ, რაც მათ ამ ომის წამოწყებით მიიღეს. ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ რაც დანამდვილებით ვიცით, რომ ინდექსმა 30%-ზე მეტი ვარდნა განიცადა, ხოლო რუბლი დოლართან მიმართებით დამატებით 10%-ით გაუფასურდა.

მეტწილად, რომელი ქვეყნების სანქციებმა განაპირობა რუსული კომპანიების ღირებულების დაცემა?
უნდა გამოვყო დიდი ბრიტანეთი, რომელმაც მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღო რუსულ ბიზნესებთან დაკავშირებით და სიღრმისეულ სანქციებამდე დავიდნენ. სანქციები შეეხო არა მხოლოდ ბრიტანეთში არსებულ რუსულ კომპანიებს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქესა და ინდივიდს, მათ შორის: ოლიგარქებს, რომლის შვილებიც სწავლობენ ბრიტანეთში. უახლოეს პერიოდში სანქციების უფრო ვრცელ სიას ველოდები დიდი ბრიტანეთისგან. აღნიშნული ქვეყანა გაცილებით მყისიერი და ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის ერთსულოვნება.

სანქციების შედეგად მიღებული ზარალი რუსულ საფონდო ბირჟაზე 259 მილიარდ დოლარზე მეტია და არ დაგვავიწყდეს ასევე რუბლის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელიც. გარდა ამისა, რუსმა მილიარდერებმა ომის პირველსავე დღეს 39 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალეს, ხოლო მიმდინარე პროცესებით უკვე ცნობილია, რომ ეს ზარალი 39-დან 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა!

Swift-ზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რადგან რუსეთის გარიცხვა SWIFT-ის სისტემიდან მოცემულ ფინანსურ ზარალს უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაზრდის, რის შემდეგაც პრაქტიკულად ყველა კომერციული უწყება გაჩერდება საერთაშორისო დონეზე. ფინანსური კომუნიკაციის აკრძალვა ნამდვილად ის სანქცია იქნებოდა, რომელიც რუსეთს დააფიქრებს, უღირს თუ არა მსგავსი აგრესია.

ეს ომი მოქმედებს გლობალურ ბაზარზე და ამის მაგალითია, თუნდაც ნავთობისა და გაზის ფასების ცვლილებები. ნავთობმა 2014 წლის შემდეგ პირველად 100 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, მაშინ, როცა ევროპული ბუნებრივი აირი 62%-ით გაიზარდა. ევროპული აქციების ვარდნა, სავალუტო ბაზარი, ფიუჩერსულ ბაზარზე ფასების რყევები და ჯერ კიდევ მიმდინარე მოვლენები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ინფლაციური ფონი კიდევ უფრო გაიზრდება მსოფლიოში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ომის შეჩერება და პროცესების დასტაბილურება. ყველა წამყვანი სავალუტო წყვილი განიცდის გაუფასურებას.

იმოქმედა თუ არა აქციების ფასის დაცემამ სხვა ქვეყნებზეც? ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოში?
საქართველოს ამ შემთხვევაში, საფონდო ბირჟის, შეიძლება ითქვას, არარსებობის გამო არ შეხებია ზემოთ აღწერილი ინფორმაცია, თუმცა რაც ტრადიციულად გვეხება, ეს არის ის ინფლაციური ფონი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში და მარტივი შესამჩნევია, თუ რა სისწრაფით გაუფასურდა ლარის კურსი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ოდნავ გამყარების ტენდენციისკენ მიისწრაფოდა, ისიც, მხოლოდ და მხოლოდ, გლობალური მოვლენების გამო.

ომამდე ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 3 ლარს შეადგენდა, ხოლო ომის პერიოდში დოლარის კურსი 3.15 ლარამდე გაიზარდა, კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის შესყიდვა 3.22 ლარად შეიძლებოდა.

სანქციების შემდეგ ძალიან ფორსმაჟორულ რეჟიმში გადავიდა მოსკოვის საფონდო ბირჟა, რომელმაც 25 თებერვალს, პარასკევს, როცა ბაზარი დაიხურა, პარალელურად უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ 28 თებერვალს, ორშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობა არ ჩატარდებოდა. მარტივი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი სანქციებისა და განსაკუთრებით, SWIFT-ზე შეზღუდვების პროცესის გამო ხდება და რა თქმა უნდა, ფინანსური ბაზრის კონტროლი ამ შემთხვევაში ურთულესი პროცესია, როცა ფაქტობრივად მთელი მსოფლიო გიპირისპირდება.

მინდა თავდაპირველად აგიხსნათ, რა არის ეს წინასაბაზრო ვაჭრობა (Pre-market session) და შემდეგ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რატომ მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება.

საფონდო ბირჟებზე ზოგადად, არსებობს ვაჭრობის 3 სხვადასხვა სესია:

  • The premarket
  • The regular market
  • The after-hours market

წინასაბაზრო ვაჭრობა, რომელსაც დილის სესიას ვუწოდებთ, საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ინვესტორები და ზოგადად, ტრეიდერები სწორედ წინასაბაზრო სავაჭრო აქტივობას უყურებენ, რათა განსაჯონ ბაზრის სიძლიერე და მიმართულება რეგულარული სავაჭრო სესიისთვის.

ხოლო რუსეთის შემთხვევაში რა ხდება?

SWIFT-ზე შეზღუდვას და სანქცირებული რუსული ფინანსური ბაზრის მიმართულებას ბირჟებზე ყველა ლოგიკურად ხვდება. აქედან გამომდინარე, მოსკოვის ბირჟას არ სურს მიიღოს Limit და Market-ორდერები. ამ გადაწყვეტილებით რუსული საფონდო ბირჟა შეეცდება ფინანსური არასტაბილურობის შემცირებას რეგულარული სავაჭრო საათისთვის.

სანამ იმას აღვწერთ, რა მოხდა 28 თებერვალს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, მინდა SWIFT-ის არსი და მნიშვნელობა გაგიზიაროთ.

რა არის და როგორ მუშაობს SWIFT-სისტემა?
SWIFT არის ბელგიაში დაფუძნებული სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც შიდა შეტყობინებების სისტემას, ასევე 11 000-ზე მეტ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტს. ფუნქციონირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

ყველა ბანკს აქვს თავისი უნიკალური SWIFT-კოდი. მაგალითად, „საქართველოს ბანკის" SWIFT-კოდია BAGAGE22 ხოლო „თიბისი ბანკის" − TBCBGE22 (SWIFT-კოდის სიმბოლოების რაოდენობა 8-11 რაოდენობაში მერყეობს, დამოკიდებულია ქვეყანაზე).

მარტივად რომ გავიგოთ, როცა ერთი ბანკიდან მეორე უცხოურ ბანკში ხდება გადარიცხვა, ამ დროს გვჭირდება ამ SWIFT-კოდის გამოყენება, ხოლო თუ რომელიღაც ამ სისტემიდან გარიცხულია ან ე.წ. შავ სიაშია, ტრანზაქცია ვერ და არ განხორციელდება.

თუ განხორციელდა ტრანზაქცია, მაშინ გამგზავნი ბანკი მიმღებ უცხოურ ბანკს უგზავნის გადახდის SWIFT-შეტყობინებას მიმღები ბანკის ფილიალში უსაფრთხო SWIFT-ქსელის მეშვეობით. როგორც კი მიმღები ბანკი მიიღებს ამ SWIFT-შეტყობინებას, მიმღები პირი იღებს კუთვნილ თანხას. ასე და მარტივად!

დღეში 5 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება SWIFT-ის დახმარებით მსოფლიოში.

იმასაც გაგახსენებთ, რომ SWIFT-სისტემიდან გარიცხული ქვეყნები არიან:

1. ირანი (2012 წ. − დღემდე)

2. ჩრდილოეთ კორეა (2017 წ. − დღემდე)

3. რუსეთი (2022 წ. − დღემდე)

რა ზიანი მიადგება ამ გადაწყვეტილებით რუსეთს?

ეს იქნება ისტორიული ზიანი! რადგან რუსეთი ნავთობსა და გაზზე მიღებულ შემოსავალს სწორედ SWIFT-სისტემით იღებს, რაც ჯამში მთლიანი რუსეთის შემოსავლის 40%-ს აღემატება!

ამას დავამატოთ მათი ყველა ფინანსური ინსტიტუტი, რაც კი გაგახსენდებათ, რომლებიც არნახულ ზიანს მიიღებენ და შემდეგ კვირას კვლავ ველოდებით მათი ფინანსური ბაზრის ახლა უკვე უფრო მძიმე ფორმით ნგრევას!

მიმდინარე პროცესები
გუშინ, 28 თებერვალს უპირველესად, ყურადღების ცენტრში იყო სავალუტო მდგომარეობა რუსეთში, რადგან როგორც ტრეიდერებმა უკვე ვიცოდით, არ გაიხსნებოდა წინასაბაზრო ვაჭრობა, რომელიც ჩვენი დროით 16:00 საათზე გადაიტანეს რეგულარული ბირჟისთვის.

გამოდის, რომ პირველი ორშაბათის ეფექტი იწვნია რუსულმა რუბლმა, რომელმაც თავისი არსებობის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელსა და გაუფასურებას მიაღწია, რადგან $1= 111 რუბლზე მეტი ღირდა.


ეს იმდენად დიდი პროცესია, რომ მას ვერანაირი ეროვნული ბანკი თუ საფონდო ბირჟა ვერ უშველის, რადგან SWIFT-ჩამორთმეული და სანქციადადებული ქვეყანა, რომელსაც ყოველდღე ემატება შეზღუდვები, ახლა უკვე აზიური ქვეყნებიდან, მარტოა დარჩენილი და პირდაპირი გაგებით ინგრევა მათი ეკონომიკა და ფინანსები ძალიან სწრაფი ტემპით.

ყველაზე დიდ და საინტერესო პროცესს ველოდებოდით, როცა მოსკოვის საფონდო ბირჟა დაპირებულ რეგულარულ სავაჭრო სესიას შემოგვთავაზებდა, თუმცა ამ ვალუტის შემხედველთ გადაწყვიტეს, რომ საერთოდ არ გაეხსნათ საფონდო ბირჟა და ამით შეეცადნენ, აეცილებინათ კომპანიების აქციების ვარდნა და შესაძლო გაკოტრების პირას მიყვანა. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, დაწყებულია და ეს არის ფინანსური ბაზრის კოლაფსი, ამას ვერ გაექცევა რუსეთი და „ტრეიდერების ჰაბის" ანალიტიკოსები ველოდებით ზუსტად ამ პროცესს იმისათვის, რომ ვნახოთ პირდაპირი შედეგები მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, რომლის გამოჩენასაც არ ჩქარობს რუსული ფინანსური უწყება.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მომხდარი თუ დასრულებული პროცესი, რადგან სანქციები, რომელიც ემატება რუსეთს, მოსკოვის საფონდო ბირჟა მათი შედეგების ასახვას ბირჟაზე გაურბის და ცდილობს ხელოვნურად დაარეგულიროს ფინანსური ბაზრის მდგომარეობა, რაც ურთულესი პროცესია.

სანქცია ასევე შეეხო რუსეთის მთავრობის საერთაშორისო რეზერვებს და ჯამში $630 მილიარდი გაეყინათ, რომელიც ბოლო 8 წლის დაგროვილი დოვლათია და მასზე წვდომა დღეს მთავრობას არ აქვს. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ იმას, რომ სულ ესაა რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ სანქცირებულ ქვეყანასთან თანამშრომლობა რაიმე კუთხით ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გამორიცხა, ამიტომ ეკონომიკურ ციხეს დავარქმევდი მათ ამჟამინდელ პოზას, როცა ფული აქვთ, მაგრამ დახარჯვის პოტენციალი − არა.

უახლოეს დღეებში ველოდებით ბაზრის უფრო მკვეთრად გაუარესებას, რადგან ამის სრული მოლოდინი გვაქვს არსებული პროცესებიდან გამომდინარე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"