You can be on Entrepreneur’s cover!

''დასავლური სანქციები, ერთგვარი ეკონომიკური ''ბირთვული'' იარაღია რუსეთის წინააღმდეგ'' - ოთო აბესაძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, დასავლურმა სამყარომ მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტები აამოქმედა. 28 თებერვლის მდგომარეობით, საგრძნობლად გაუფასურდა რუსული რუბლი, გაიზარდა ინფლაციის დონე, ხოლო ბანკომატებთან და სასურსათო მაღაზიების დახლებთან მომხმარებლებს ვრცელ რიგებში უწევთ ლოდინი.

დასავლური სანქციების მნიშვნელობისა და ეფექტურობის შესახებ, ასევე მიმდინარე ომის მოსალოდნელი ეფექტის შესახებ ქართულ ეკონომიკაზე, Entrepreneur ეკონომისტ ოთო აბესაძეს ესაუბრა:

უპირველეს ყოვლისა, როგორ შეაფასებდით დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ? რამდენად პროპორციული პასუხია რუსულ აგრესიაზე ევროპისა და აშშ-ის მხრიდან სანქციების პაკეტები დღევანდელი სახით?
სანქციების პაკეტი დასავლური სამყაროს მხრიდან არის ერთგვარი ეკონომიკური „ბირთვული" იარაღი, რომელიც ფაქტობრივად გამოთიშავს თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრებიდან რუსეთის მოქალაქეებს. მნიშვნელოვნად დაზარალდება რუსეთის მოსახლეობა, თუმცა ესაა იმის საფასური, რასაც სახელმწიფო თავისი ხელისუფლების უგუნურობის სანაცვლოდ იხდის. აქ საუბარია SWIFT-იდან გათიშვაზე, თუმცა ყველაზე მთავარი იარაღი, რომელიც დასავლეთმა გამოიყენა, ეს არის რუსული ნაციონალური ბანკის რეზერვების გაყინვა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსული რუბლის გადაზღვევა ვეღარ მოხდება და „გაიქცევა" ინფლაცია. უკვე ვხედავთ შედეგს, რომ 43%-ით მოხდა რუბლის გაუფასურება და ფაქტობრივად, ყოველ საათში ერთხელ უფასურდება. თანამედროვე მსოფლიო რეალობაში, ომი − ეს უკვე ეკონომიკაა, ასე რომ ამ მიმართულებით დასავლური ცივილური სამყარო სრულად იმარჯვებს.

დროის ჭრილში რომ განვიხილოთ სანქციების ეფექტურობა, რამდენ ხანში იგრძნობენ რუსეთის მოქალაქეები ფინანსურ და ეკონომიკურ წნეხს თავიანთ ჯიბეზე?
სანქციების ეკონომიკაზე ეფექტის მოხდენას და მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებში ბოლომდე ასახვას დრო სჭირდება. რუსეთის სახელმწიფო იმდენად დიდია და იმხელა მასშტაბზეა საუბარი, რომ ეს სწრაფად არ მოხდება. ჩემი პროგნოზებით და ექსტრაპოლაციაში რაც ანგარიშდება, დღევანდელი მოცემულობებით, პლუს საომარი სიტუაციის გათვალისწინებით, საშუალოდ 20-25 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს სანქციების სრულფასოვნად აღქმა და საკუთარ თავზე გათავისება − როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

უკვე გავრცელდა კადრები, თუ როგორ იქმნება საკმაოდ ვრცელი რიგები ბანკომატებთან რუსეთის რამდენიმე მსხვილ ქალაქში. რას მიანიშნებს ეს ფაქტი?
ეს მიანიშნებს იმას, რომ ადამიანებმა დაიწყეს დანაზოგების გაკეთება. ადამიანები ყიდულობენ დოლარს და ქმნიან რეზერვებს, ვინაიდან SWIFT-იდან გათიშვის შემთხვევაში, MasterCard და Visa ფაქტობრივად „სამუზეუმო ექსპონატი" ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ ერთგვარი ფინანსური რეზერვები შეუქმნან საკუთარ ოჯახებს. ასევე, რიგები დგას უკვე მაღაზიების დახლებთან, ვინაიდან SWIFT-ის სანქცია და ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში ჯანსაღ ფასწარმოქმნას ვეღარ უზრუნველყოფს და ადამიანები მარაგებს ივსებენ. ეს ყველაფერი იმის მომასწავებელია, რომ ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედის რუსეთი.

საქართველოში ომის დაწყების დღიდანვე საგრძნობლად გაუფასურდა ლარის კურსი. ნავთობზე გლობალურად გაზრდილი ფასის გამო გაძვირდა საწვავიც. როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიან პერიოდში? რა სახის გამოწვევების წინაშე დგას ქართული ეკონომიკა მიმდინარე კონფლიქტის ფონზე?
რაც შეეხება ქართულ რეალობას, აქ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლების უგუნურობის შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. ვინაიდან იმპორტირებულ საქონელს ვიღებთ რუსეთიდან, მათ შორის საუბარია გაზზე, ელექტროენერგიაზე და ა.შ. რუსეთში ინფლაციის შედეგად, ფასი თავისთავად გაიზრდება, ეს საქართველოში ფასწარმოქმნას ტურბულენტურად დაარტყამს და გადაგვიყვანს მცურავ რეჟიმში.

დიდი ალბათობით, საქართველოშიც 20-25 კალენდარული დღის განმავლობაში ვპროგნოზირებ, როგორც საწვავზე, ისე ენერგო ტარიფებზე, ვალუტის კურსზე და ინფლაციაზე ზრდის ტენდენციებს. სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ჩემი პროგნოზით, მარტის ბოლომდე აშშ დოლარის ღირებულება საქართველოში მიაღწევს 4 ლარს, ხოლო საწვავზე ფასი 3,50-დან 4 ლარამდე გაიზრდება. უხეშად რომ ვთქვათ, იქნება ფასების საგრძნობი ზრდა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის.

მიმდინარე ომის პირობებში, სახელმწიფოს უნდა გამოეჩინა გონიერება და ყოფილიყო დასავლეთთან ერთად, ვინაიდან როცა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ეხმარები და იზიარებ დასავლურ სამყაროში არსებულ ერთიან სულისკვეთებას, გარკვეული ტიპის დახმარებების მიღების ალბათობა საკმაოდ დიდია, თუმცა შექმნილ ვითარებაში რა იქნება, არავინ იცის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"