You can be on Entrepreneur’s cover!

ბიო ''ბოსტანი'' - ერთი ღერი ნამჯის რევოლუცია "ყოველთვის მქონდა სურვილი, შემექმნა საწარმო, სადაც უვნებელ პროდუქტს გამოვუშვებდი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიოსოფლის მეურნეობა მსოფლიო მასშტაბით დღითი დღე იზრდება. გასული წლის მონაცემებით, მხოლოდ ევროპის ბაზარი 12%-მდე გაიზარდა და დაახლოებით 33.5 მილიარდ ევროს მიაღწია. ბიოსაკვების პოპულარობას მისი უნიკალური თვისებები განაპირობებს: ბიოპროდუქტი არის ჯანსაღი და უსაფრთხო, აქვს მეტი საკვები ღირებულებები, არ არის გენმოდიფიცირებული, არ აზიანებს ეკოსისტემას და ამასთან, აქვს უკეთესი გემოვნური თვისებები. საქართველოში ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ბიო „ბოსტანი", რომელიც ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო ნაწარმს ქმნის. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Entrepreneur ბიო „ბოსტნის" დამფუძნებელს, ბექა ბარჯაძეს ესაუბრა:

„ყოველთვის მქონდა სურვილი, შემექმნა რაღაც საწარმო, სადაც უვნებელ პროდუქტს გამოვუშვებდი, პატარებისთვის და ზოგადად, ყველასთვის. ამჟამად, სადაც მეურნეობა მაქვს, მანამდე მიწის ცარიელი ნაკვეთი იყო, რომელიც 2019 წელს შევიძინე. იმავე ნაკვეთზე დავამუშავე მცირე საწარმოს პროექტი. მინდოდა, გრანტი მომეძიებინა. 2020 წლის გაზაფხულისთვის იწყებოდა საგრანტო პროგრამები, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პანდემია და სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი გაჩერდა. ამ ყველაფერთან ერთად, მყავს ორი შვილი − 4 და 6 წლის. ყოველთვის პრობლემა იყო და არის ნატურალური ბიობოსტნეული, რაც ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისა და ზრდასრული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ პატარას 9 თვიდან უნიშნავენ ბოსტნეულს და ალბათ წარმოგიდგენიათ, მშობლისთვის რამხელა პრობლემაა, რომ ვერ შოულობს ნატურალურ პროდუქციას პატარისთვის", აცხადებს ბექა ბარჯაძე.

Covid-19 პანდემიის პერიოდში ბექამ დაიწყო ინფორმაციის მოძიება, გაიცნო დარგის სპეციალისტი, რომელმაც საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ბიომეურნეობის პრინციპებსა და სათბურებზე. ბექა ბარჯაძე პროფესიით არქიტექტორია და სწორედ საკუთარი პროფესიის დახმარებით დაიწყო ერთი სათბურის მოდელის აწყობა. „პირველი სათბურის აწყობას, რომელიც 170 კვ.მ. იყო, მოვუნდი 6 თვეზე მეტს. ამ პროცესში საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე სათბურის მოწყობის საკითხში, გავხდი „ელკანას" წევრი. როდესაც „ელკანას" აგრონომები გვესტუმრნენ, მათ შორის ჩემი მეგობარი (ზურა კარბელაშვილი), რომელიც თეორიულ საკითხებში მეხმარებოდა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ჩემი ბიოსასათბურე მეურნეობა ერთ-ერთი სამაგალითო იყო. ამ ყველაფერთან ერთად გამოჩნდა ინვესტორიც და 1 სათბური გადაიქცა 8 სათბურად, 1 წელიწადში... დღეის მდგომარეობით, 1300 კვ.მ.-ის სასათბურე მეურნეობა მაქვს. სამომავლოდ, 2023 წლიდან ძალიან მინდა გაფართოება, რადგან პროდუქცია იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, ვატყობ, წარმადობა უკვე არ მყოფნის", განმარტავს ბექა ბარჯაძე.

ბიომეურნეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და გასაღების მოწესრიგებული სისტემაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სფერო არის მიმართულება, რომელზეც ნამდვილად ღირს რესურსებისა და ძალისხმევის გაღება. ბიო „ბოსტანს" უკვე მოპოვებული აქვს მომხმარებლების ნდობა და მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. სწორედ ამიტომ, ბექას განსაკუთრებული სამომავლო გეგმები აქვს:

ახლა უკვე ვდგავარ CAUCASCERT-ის ბიოსერტიფიცირებაზე. საკმაოდ რთული პროცესია. სამი წელი ჭირდება სერტიფიკატის მოპოვებას. უკვე მეორე წელი დაიწყო მას შემდეგ, რაც სერტიფიცირება დავიწყე. ვფიქრობთ, წარმატებით ვუძღვები ამ პროცესს. ამასთან, საკმაოდ რთული აღმოჩნდა პირველი მოსავლის მიღება, რადგან არასდროს მქონია შეხება მცენარესთან, თუმცა ახლა, უკვე მეორე მოსავლისთვის, ბევრად მიადვილდება და რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩემთვის სრულიად ნატურალურ და მოთხოვნად პროდუქტს ვაწარმოებ. სამწუხაროა, რო არანაირი ხელშეწყობა არ არის იმისათვის, რომ ცოტათი მაინც გამიადვილდეს წარმოება... თუმცა, მთავარია, „არ გაჩერდე", ყველაფერი კარგად იქნება! რაც შეეხება მიზანს, 2023 წლიდან ვგეგმავ პროდუქციის გაფართოებას ბოსტნის" ლოგოს ქვეშ. თუკი რაიმე ბიოპროდუქტი იქნება ბოსტნეული, ხილი (მარწყვის სათბური მაქვს დაწყებული) თუ სხვა, ყველაფრის მოსავალი 100%-ით ნატურალური იქნება", აღნიშნავს ბექა ბარჯაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.