ომი უკრაინაში მასკის იაფი ელექტრომობილების წარმოებაზე ოცნებების ასრულებას უშლის ხელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ნედლეულის ხარჯების ზრდამ, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, შესაძლოა Tesla-ს (TSLA.O) აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის და საავტომობილო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების ოცნებების ასრულებას შეუშალოს ხელი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით.

entrepreneur.ge

ნიკელის, ლითიუმისა და სხვა მასალების ფასები გაიზარდა და ეს საფრთხეს უქმნის აკუმულატორების ხარჯების შემცირების გრძელვადიან ტენდენციას, რაც ელექტრომობილების ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. ამან შესაძლოა ტექნოლოგიის უფრო ფართოდ დანერგვა შეაფერხოს, − განაცხადა გრეგორი მილერმა, Benchmark Mineral Intelligence-ის ინდუსტრიის ანალიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ ეს კიდევ ერთი პრობლემაა მიწოდების ჯაჭვის გარდა, რაც COVID-19-ის პანდემიამ და ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა შეაფერხა.

ნედლეულის ფასების ზრდას, ბუნებრივია, აქვს პოტენციალი, ელექტრო და შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების ფასებს შორის პარიტეტის დამყარების ვადები შეაფერხოს, რამაც შესაძლოა ელექტრომობილების ფართოდ დანერგვას შეუშალოს ხელი", − განაცხადა მილერმა.

აკუმულატორების უმნიშვნელოვანეს ინგრედიენტებზე ხარჯების ზრდამ შესაძლოა ელექტრომობილების გაყიდვების დინამიკას შეუშალოს ხელი.

მისი თქმით, წელს შეიძლება პირველად გაიზარდოს ლითიუმ-იონური აკუმულატორების საშუალო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უკრაინაში კონფლიქტმა ფსონები მხოლოდ გაზარდა და ნიკელის ფასმა 11 წლის მაქსიმუმამდე მოიმატა იმის შიშით, რომ ექსპორტი შესაძლოა შეფერხდეს წამყვანი მწარმოებლისგან − რუსეთისგან. ლითიუმის ფასებიც გაიზარდა, წლის ბოლოდან თითქმის გაორმაგდა, რადგან მიწოდება გაზრდილ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა.

რუსეთი მსოფლიოში მოპოვებული ნიკელის დაახლოებით 7%-ს აწარმოებს და ასევე, ალუმინისა და პალადიუმის მსხვილი მიმწოდებელია.

Tesla-სა და სტარტაპ Rivian Automotive-ის (RIVN.O) მიერ გასული წლის განმავლობაში ელექტრომობილების ფასების გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძირითადი მომხმარებლები უზარმაზარი პრემიის გადახდას არ აპირებენ იმ ტექნოლოგიისთვის, რომელსაც ბევრი ჯერ სრულად არ იყენებს.

კვლევითი კომპანია Cox Automotive-ის თანახმად, იანვარში საშუალო ელექტრომობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის $63 000 ღირდა, რაც დაახლოებით 35%-ით აღემატება მთლიანი ინდუსტრიის ყველა სატრანსპორტო საშუალების საშუალო მაჩვენებელს.

Cox-ის გამოკითხვის თანახმად, ფასი მთავარ პრობლემად რჩება იმ დროს, როდესაც მომხმარებლებს ახლა უკვე ნაკლებად აწუხებთ გზის პირას ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა.

ელექტრომობილების გაცილებით ნელი ტემპით დანერგვა

„ყველაფერი, რაც ელექტრომობილების ღირებულებას გაზრდის, მის დანერგვას შეუშლის ხელს", − განაცხადა Cox-ის ანალიტიკოსმა მიშელ კრებსმა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ელექტრომობილებმა ავტომობილების მთლიანი გლობალური გაყიდვების დაახლოებით 9% შეადგინა გასულ წელს და საკონსულტაციო ფირმა AlixPartners იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ს მიაღწევს 2030 წლისთვის.

OC&C Global Speedometer-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წელს ჩატარდა შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, დაბალი საექსპლუატაციო ხარჯების მიუხედავად, მომხმარებელთა ნახევარზე მეტი მზად არ არის დამატებით $500 გადაიხადოს ელექტრომობილის შესაძენად.

ამან შესაძლოა ავტომობილების მწარმოებლები რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს, თუ მათ ჩვეულებრივი მყიდველების მოზიდვა სურთ და არა ლუქს-კლასის მომხმარებლებისა, რომლებსაც ისინი ამჟამად ემსახურებიან.

Tesla-მ 2020 წლის დეკემბრიდან თავისი ყველაზე იაფი − Model 3 სედანის ფასი 18%-ით, ანუ $44 990-მდე გაზარდა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო. მასკმა იანვარში განაცხადა, რომ Tesla არ მუშაობს $25 000-იანი ელექტრომობილების წარმოებაზე, რასაც იგი მომხმარებელს 2020 წლის აკუმულატორების დღეს დაჰპირდა, განაცხადა რა, რომ მეტისმეტად ბევრი ჰქონდა გასაკეთებელი.

ზოგიერთმა ამერიკელმა დილერმა ავტომობილების დეფიციტით ისარგებლა და მეტს ახდევინებდა მომხმარებელს ელექტრომობილში, რის გამო ისინი ისეთმა ავტომწარმოებლებმაც კი გააფრთხილეს, როგორიცაა Hyundai და Ford.

სტარტაპებზე განსაკუთრებით დიდი ზემოქმედება

თუ პატარა კომპანია ხართ, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა საკუთარ მომწოდებლებს უთხრათ, რომ უფრო დაბალი ფასი შემოგთავაზონ", − ამბობს ბრეტ სმიტი, ავტომობილების კვლევითი ცენტრის ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი.

ინდუსტრიის წარმომადგენლების მიხედვით, აკუმულატორების მწარმოებლები, როგორც წესი, გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებენ ავტომწარმოებლებთან, რომლის მიხედვითაც ზრდიან ფასებს. ამაზე ძირითადი ნედლეულის გაზრდილი ფასები აისახება, როგორიცაა ლითიუმი, ნიკელი და კობალტი.

LG Energy Solution Tesla-სა და General Motors Co-ს მიმწოდებელია და მან განაცხადა, რომ ნედლეული მისი აკუმულატორების ღირებულების 70-80%-ს შეადგენს.

Benchmark Mineral Intelligence იუწყება, რომ აკუმულატორების მწარმოებლებმა ლითიუმ-იონური ელემენტების ფასების გაზრდა გასული წლის ბოლოს დაიწყეს, 2021 წელს ნედლეულის მაღალი ფასების საპასუხოდ.