You can be on Entrepreneur’s cover!

ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა თემთა პალატისადმი 8 მარტი, 2022

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბატონო სპიკერო! ბატონო პრემიერ-მინისტრო! მთავრობის, პარლამენტის და ლორდთა პალატის წევრებო! ქალბატონებო და ბატონებო!

მივმართავ გაერთიანებული სამეფოს ხალხს — დიდებულ ხალხს, დიდებული ისტორიით. მე თქვენ მოგმართავთ, როგორც მოქალაქე და პრეზიდენტი ასევე დიდებული ქვეყნისა, რომელსაც დიდი ოცნება გააჩნია. მინდა მოგიყვეთ ჩვენი ბოლო 13 დღის შესახებ — სასტიკი ომის 13 დღის შესახებ, რომელიც ჩვენ არც დაგვიწყია და არც გვინდოდა. მაგრამ, რომელსაც ვაწარმოებთ, რადგანაც არ გვინდა დავკარგოთ ის რაც გვაქვს, რაც ჩვენია - უკრაინა. ზუსტად ისევე, როგორც თქვენ არ გინდოდათ დაგეკარგათ თქვენი კუნძული, როდესაც ნაცისტები იწყებდნენ ბრძოლას ბრიტანეთისთვის.

ეს არის ჩვენი თავდაცვის 13 დღე!

პირველ დღეს, ღამის 4 საათზე, მათ ჩვენ ფრთოსანი რაკეტები გვესროლეს. მაშინ ყველამ გაიღვიძა - ჩვენ, ბავშვებმა, ყველა ჩვენგანმა, ყველა ცოცხალმა ადამიანმა, სრულიად უკრაინამ. ჩვენ მას მერე აღარც გვიძინია. ყველამ ავიღეთ იარაღი და ერთ დიდ არმიად გადავიქეცით.

შემდეგ დღეს ვიგერიებდით თავდასხმებს ჰაერში, მიწასა და ზღვაზე. ჩვენმა გმირმა სასაზღვრო გვარდიამ შავ ზღვაში ზმეინის კუნძულზე ყველას უთხრა ომის დასასრულის შესახებ, კერძოდ, თუ სად წავა საბოლოოდ ჩვენი მტერი. როცა რუსულმა გემმა მოითხოვა, რომ ჩვენს ბიჭებს იარაღი დაეყარათ, მათ პასუხი გაცეს... თან ისე მყარად, რომ პარლამენტის დარბაზში იმავეს ვერც კი გავიმეორებ. და ჩვენ ვიგრძენით ძალა. დიდი ძალა ხალხისა, რომელიც ბოლომდე დაუდგება შემოჭრილ მტერს.

მესამე დღეს, რუსულმა ჯარმა ღიად და დაუფარავად გაუხსნა ცეცხლი ხალხს და შენობებს. გამოიყენა არტილერია, საჰაერო ბომბები და ამით საბოლოოდ გვაჩვენა, აჩვენა მთელს მსოფლიოს, თუ ვინ ვინ არის: ვინ არის დიდებული ხალხი და ვინ არიან უბრალოდ ველურები.

მეოთხე დღეს, როდესაც ათობით ტყვის აყვანა დავიწყეთ, ჩვენ ღირსება არ დაგვიკარგავს. მათთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. ვექცევით, როგორც ადამიანებს. რადგანაც ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანურობა ამ სამარცხვინო ომის მეოთხე დღესაც.

მეხუთე დღეს, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი სრულიად აშკარა გახდა. ქალაქების წინააღმდეგ, პატარა ქალაქების წინააღმდეგ. აოხრებული უბნები. ბომბები, ბომბები, ბომბები, სახლებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე. ეს გენოციდია. მან ვერ გაგვტეხა, არამედ თითოეული ჩვენგანი დაგვრაზმა და დიდი სიმართლის განცდა მოგვანიჭა.

მეექვსე დღეს, რუსული რაკეტები ბაბინ იარს მოხვდა. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 100,000 ადამიანი მოკლეს. 80 წლის შემდეგ, რუსეთმა ისინი ხელმეორედ მოკლა.

მეშვიდე დღეს, ჩვენ გავიაზრეთ, რომ ისინი ჩვენს ეკლესიებსაც კი ანადგურებდნენ. ბომბების გამოყენებით! ისევ რაკეტები. მათ არ იციან არც წმინდა და არც დიდი, როგორც ჩვენ ვიცით ეს.

მერვე დღეს, მსოფლიომ ნახა რუსული ტანკები, რომელიც ესროდა ბირთვულ სადგურს — ყველაზე დიდს ევროპაში. და მსოფლიომ დაიწყო აღქმა, რომ ეს არის ტერორი ყველას წინააღმდეგ. ეს არის დიდი ტერორი.

მეცხრე დღეს, ჩვენ მოვუსმინეთ NATO-ს სახელმწიფოთა შეხვედრებს. ჩვენთვის სასურველი შედეგის გარეშე. სიმამაცის გარეშე. ეს ჩვენ ასე განვიცადეთ - არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო - ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს. მათ ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ამიტომაც, უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში ნულიდან უნდა აშენდეს.

მეათე დღეს, შეუიარაღებელმა უკრაინელებმა ოკუპირებულ ქალაქებში საყოველთაო პროტესტები გამართეს. დაჯავშნულ მანქანებს შიშველი ხელებით აჩერებდნენ. ჩვენ უტეხნი გავხდით.

მეთერთმეტე დღეს, როცა საცხოვრებელი უბნები უკვე დაბომბილი იყო, როცა აფეთქებებს ყველაფერი გაენადგურებინა, როცა ბავშვები ევაკუირებული იყვნენ ბავშვთა ონკოლოგიის დაზიანებული საავადმყოფოდან... ჩვენ გავიაზრეთ: უკრაინელები გმირები გახდნენ! ასობით ათასი ადამიანი. მთელი ქალაქები. ბავშვები, უფროსები - ყველა.

მეთორმეტე დღეს, როდესაც რუსეთის არმიის დანაკარგმა 10,000 მოკლულს გადააჭარბა, ამ ოდენობაში უკვე გენერალიც შევიდა. და ამან რწმენა აგვიმაღლა: ყველა დანაშაულისთვის, ყველა სამარცხვინო ბრძანებისთვის პასუხია ან საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწესებული პასუხისმგებლობა, ან - უკრაინული იარაღი.

მეცამეტე დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ბავშვი მოკვდა. დეჰიდრატაციით მოკვდა. ისინი ადამიანებს საკვებსა და წყალს არ აძლევენ. მათ უბრალოდ გადაკეტეს წყალი, ხალხი კი სარდაფებშია გამოკეტილი. ვფიქრობ, ყველას ესმის: იქ ხალხს წყალი არა აქვს!

რუსეთის შემოჭრის 13 დღეში, 50 ბავშვი მოკვდა. ეს შემზარავია! ეს არის სიცარიელე. ნაცვლად იმისა, რომ 50 სამყაროს ეცოცხლა, მათ ისინი წაიყვანეს. მათ ისინი უბრალოდ წაიყვანეს.

დიდო ბრიტანეთო! უკრაინა არ ისწრფვოდა ამისათვის. უკრაინა არ ეძებდა დიდებას. მაგრამ, ის გახდა დიდებული ამ ომის დღეების განმავლობაში.

უკრაინა, რომელიც ხალხს შველის მიუხედავად დამპყრობელთა ტერორისა. უკრაინა, რომელიც იცავს თავისუფლებას, მიუხედავად დარტყმებისა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი არმიისგან. უკრაინა, რომელიც იცავს მას, მიუხედავად ღია ცებისა, რომელიც კვლავ ღიაა რუსეთის რაკეტების, ავიაციის და ვერტმფრენებისთვის. „ყოფნა თუ არყოფნა?" - თქვენ კარგად იცნობთ ამ შექსპირულ კითხვას.

13 დღის წინ, ეს კითხვა კვლავ შეიძლებოდა დაგესვა უკრაინის თაობაზე. მაგრამ, ახლა აღარ! რა თქმაუნდა - „ყოფნა". რა თქმაუნდა - თავისუფლება. და თუ აქ არა, მაშ, სად უნდა გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყოველთვის ჩაესმოდა და რომელიც კვლავ შესაფერია.

ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით!

ბოლომდე წავალთ.

ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში, დავიცავთ ჩვენს მიწას, როგორიც არ უნდა იყოს საფასური!

ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში, გორაკებსა და... მინდა დავამატო: ვიბრძოლებთ კალმიუსის და დნიეპრის ნაპირებზე! და ჩვენ არასოდეს დავნებდებით!

რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, დიდებულ ქვეყანათა ცივილიზაციის დახმარებით. თქვენი მხარდაჭერით, რომლისთვისაც მადლიერი ვართ და რომელსაც ვეყრდნობით. და მე განსაკუთრებულად მადლიერი ვარ შენდამი, ბორის, ჩემო მეგობარო!

გაზარდეთ სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბოლოოდ აღიარეთ იგი ტერორისტ სახელმწიფოდ. იპოვეთ გზა, რომ ჩვენი უკრაინული ცა ხელახლა გახდეს საიმედო. ცადეთ, რაც შეგიძლიათ. ქენით, რაც უნდა ქნათ. ქენით ის, რასაც თქვენი სახელმწიფოსა და ხალხის დიდებულება ვალად გაკისრებთ.

დიდება დიდ უკრაინას! დიდება დიდ ბრიტანეთს!

თარგმანი - გრიგოლ გეგელია

წყარო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი