ლაშა ღუღუნიშვილი - ფოტოგრაფიითა და მხატვრობით გადმოცემული რეალური ცხოვრება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ფოტოგრაფიით რეალური ხალხის ისტორიებს ვაფიქსირებ, სინამდვილესთან მიახლოებულ ფერებში. მხატვრობაში კი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მუშაობს − მეტი წარმოსახვა და ფიქრი გჭირდება აღსაქმელად".

ქართველ ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილის ობიექტივს წლების განმავლობაში არაერთი უნიკალური კადრი დაუფიქსირებია და აღუბეჭდავს უამრავი მნიშვნელოვანი შეჩერებული წამი, თუმცა ყველასათვის არ არის ცნობილი, რომ ლაშა მხატვრობითაც გახლავთ გატაცებული და ფოტოობიექტივის გარდა, რეალური ცხოვრების ასახვას პალიტრაზეც ცდილობს. Entrepreneur გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლაშა ღუღუნიშვილთან:

რა ასაკში დაიწყეთ ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობა და ვინ იყო თქვენი ინსპირაცია? ხომ არ გყოლიათ საახლობლო წრეში ისეთი ადამიანი, რომელმაც პირველადი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
ფოტოგრაფიის სფეროთი დაინტერესება 20 წლის ასაკში დავიწყე. თავდაპირველად, ის უბრალო გატაცება იყო, რომელიც ეტაპობრივად ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცა.

გარდა ფოტოგრაფიისა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მხატვრობით ხართ დაინტერესებული და სხვადასხვა ნამუშევარს ქმნით, რომელიც რეალურ ცხოვრებას ასახავს. როგორ აღმოაჩინეთ ეს მისწრაფება ხელოვნების კიდევ ერთ სფეროში?
ხატვა ზუსტად 2 წლის წინ დავიწყე − სწორედ იმ პერიოდში, როდესაც Covid-19 პანდემია დაიწყო და შინ გამოკეტვა მომიწია. ყოველთვის მიყვარდა ხატვის პროცესი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ შავი ფანქრით. როგორც კი დრო გამიჩნდა, დავიწყე ზეთში ხატვა. კონკრეტული სამუშაო მიმართულება არ მაქვს − როგორც წესი, განწყობის მიხედვით ვხატავ. შესაძლოა, დილით გუდაურის მთები დავხატო, ღამით კი − რეტროავტომობილი.

რა ბალანსი აღმოაჩინეთ მხატვრობასა და ფოტოგრაფიას შორის? რა არის ძირითადი დამაკავშირებელი, საერთო ნიშან-თვისება?
ფოტოგრაფიით რეალური ხალხის ისტორიებს ვაფიქსირებ, სინამდვილესთან მიახლოებულ ფერებში. მხატვრობაში კი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მუშაობს − მეტი წარმოსახვა და ფიქრი გჭირდება აღსაქმელად. რაც შეეხება ბალანსსა და საერთო თვისებას, ორივეს საშუალებით შეგიძლია გადმოსცე შენი ფიქრები. მიყვარს ყველა ჩემი ფოტო, რაც კი გადამიღია. მიყვარს ასევე ყველა ნახატი, რასაც ვხატავ. სწორედ ამიტომ, ყველა ნახატს ტილოზე ვქმნი.

საიდან იღებთ ინსპირაციას როგორც მხატვრობაში, ისე ფოტოგრაფიაში?
წლებია ფოტოებს ვიღებ და ძალიან დამეხმარა ეს გამოცდილება. პროფესიიდან გამომდინარე ბევრს ვმოძრაობ და ხშირად მიწევს მოგზაურობა. შესაბამისად, ინსპირაცია შესაძლოა ყოველ წამს მოვიდეს. ვცდილობ, იმ დღესვე დავხატო, როცა რომელიღაც კადრი თუ მოვლენა ემოციას იწვევს. არ მიყვარს გადადება.

მოგვიყევით თქვენი სამუშაო პროცესის შესახებ გაქვთ თუ არა კონკრეტული რიტუალი, რომელსაც ყოველთვის ახორციელებთ საქმის დაწყების წინ?
შინ სახელოსნო მაქვს მოწყობილი. სიმშვიდე მიყვარს და ასევე, ხატვის პროცესში მუსიკის მოსმენა. ვცდილობ, ბავშვები როცა დაიძინებენ, შემდეგ დავიწყო ხატვა.

როგორ ფიქრობთ, ხელოვანისთვის რომელი უნარი და თვისებაა აუცილებელი, რათა ღირებული ნამუშევრები შექმნას?
ცხოვრებაში მთავარია, სცადო რაც შეიძლება ბევრი რამ. არ უნდა შეგვეშინდეს ექსპერიმენტებისა და სიახლეების. ხელოვნებაშიც სწორედ ასეა. ჩემი ხედვით, მუდამ ახალი უნდა ეძიო და გამოცადო. ღირებული და უნიკალური ნამუშევრებიც, ალბათ, აქედან მოდის.

როგორ ფიქრობთ, რომ არა ფოტოგრაფია და შეთავსებით მხატვრობა, რომელ მიმართულებას გაყვებოდით?
განათლებით ეკონომისტი ვარ. ვმუშაობდი კიდეც ამ სფეროში, თუმცა რუტინულ საქმეს ვერ ვეგუები. აქედან გამომდინარე, ამჟამად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ამ გადმოსახედიდან, არ მგონია, სხვა მიმართულებით წავსულიყავი.