რამდენს გამოიმუშავებდით, 5 წლის წინ Twitter-ში 1000 დოლარიანი ინვესტიცია რომ განგეხორციელებინათ?

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ის აქციების 9,2% შეიძინა, სოციალური ქსელის ღირებულება მკვეთრ ზრდას განაგრძობს.

entrepreneur.ge

73 486 938 აქციით, მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერია და Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებული წილი, 2,89 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

წლების განმავლობაში, ილონ მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი იყო. დღესდღეობით, მას 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ამ სოციალურ ქსელში, ხოლო მისი „ტვიტები" დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენისთანავე, იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. როგორც Twitter-ის გენერალური დირექტორი, პარაგ აგრავალი აცხადებს, მასკს სჯერა ამ ქსელის წარმატების, თუმცა ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს მას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას მხოლოდ გააძლიერებს.

Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, მიულოცა მასკს შენაძენი და „ტვიტიც" მიუძღვნა წარწერით - „მასკი ზრუნავს სამყაროზე და მასში Twitter-ის როლის გაძლიერებაზე".

ილონ მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენამ სოციალური ქსელის ღირებულება 27%-ზე მეტით გაზარდა, ხოლო მისი დირექტორთა საბჭოში არჩევამ კი, 5 აპრილს დამატებითი 8%-იანი ზრდა გამოიწვია.

ექსპერტების ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 4 აპრილს Twitter-ში 1000 დოლარის ინვესტირებით, ჩვენ დღეს დაახლოებით 252,3%-ან მოგებას ვნახავდით და ჩვენი ინვესტიციის დღევანდელი ღირებულება - 3523,23 დოლარს შეადგენდა.

თუმცა თუკი ინვესტიციას 2013 წელს განვახორციელებდით, როდესაც Twitter-ის IPO-ს ფასი 26 დოლარს შეადგენდა, იგივე 1000 დოლარის დღევანდელი ღირებულება $1990 იქნებოდა (99,1%-ანი მოგება).

მიუხედავად იმისა, რომ Twitter ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, წარსულში დაფიქსირებული ზრდით სამომავლო პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ინვესტიციის დაბანდებამდე, საფუძვლიანად შეისწავლეთ ბაზარი და განიხილეთ ხელმისაწვდომი ინდექს-ფონდების შეძენის ალტერნატივა. პორტფელის დივერსიფიცირებით, თქვენ დაიზღვევთ თავს ფასების მკვეთრი ცვლილებებისგან და საკუთარი თავისთვის, ფინანსურ სტაბილურობას (კონკრეტული აქციების ფლობასთან შედარებით) უზრუნველყოფთ.