You can be on Entrepreneur’s cover!

ნანა დიხამინჯია ''ალტე უნივერსიტეტის'' ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრს უხელმძღვანელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ალტე უნივერსიტეტი" ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი მოთამაშეა, თუმცა ამის მიუხედავად, დროის მცირე მონაკვეთში, სასწავლებელმა მოახერხა რიგი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი ასეთია „ალტე უნივერსიტეტის" ახალი წამოწყება − ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი, რომელსაც პროფესორი ნანა დიხამინჯია უხელმძღვანელებს.

Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილების მქონე ნანა დიხამინჯია და ვისაუბროთ ახალი ცენტრის მიზნებზე, პერსპექტივებსა და სამომავლო ხედვებზე.

პროფესორმა ნანა დიხამინჯიამ ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა 20 წლის წინ დაიწყო და სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში აქტიური ჩართულობით, უდიდესი გამოცდილება დააგროვა.

„ტექნოლოგიებთან მუშაობის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება „გეოგრაფიკაში" მივიღე, სადაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების დაკვეთით ბევრ პროექტს ვახორციელებდით და გეოსაინფორმაციო სისტემის სწორად დასაგეგმად და სამართავად ორგანიზაციის პროცესების დეტალურად გაცნობა მომიწია. ამ პერიოდში ციფრულ ტრანსფორმაციაზე წარმოდგენაც არ მქონდა. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ცვალებად დროში ვცხოვრობთ და როგორი გარდაქმნაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ ახალი სამეცნიერო ცოდნა და ტექნოლოგიები. დაახლოებით ათი წლის წინ როდესაც აშშ-ში საცხოვრებლად წავედი, ვნახე, თუ როგორ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში მუშაობა, რომლის ბაზაზე ოცამდე მაღალტექნოლოგიური კომპანიის კონსორციუმია დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები და მკვლევრები მუშაობენ იმ პროექტებზე, რომელიც სჭირდება Google-ს, Cisco-ს, Dell-ს, Apple-ს. სწავლის დასრულების შემდეგ კი ამავე კომპანიებში აგრძელებენ მუშაობას. ამ ლაბორატორიის უკვე ორასამდე კურსდამთავრებული მუშაობს „სილიკონ ველიზე", მათ შორის ათი ქართველიც", − გვიამბობს ნანა დიხამინჯია.

ამერიკული გამოცდილების საქართველოში დამკვიდრების მიზნით, ნანა 2017 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მალევე აქტიურად შეუდგა ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების დონის ამაღლებაზე მუშაობას. საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს დაკვეთით, ნანა დიხამინჯიამ სკოლის მოსწავლეთა STEM-ბანაკის ორგანიზებაზე იმუშავა, სადაც ასი უფროსკლასელი გაეცნო ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიას; ჩაატარა სამეცნიერო ექსპერიმენტები, ისწავლა რობოტის აწყობა და მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი, რომელიც უკვე 60 სკოლაში თითქმის 1000 მოსწავლეს აერთიანებს და მათ პროგრამირებას, გრაფიკულ დიზაინსა და სხვა ტექნოლოგიებს ასწავლის, ხოლო მომავალი წლიდან ქსელს კიდევ 30 სკოლა შეუერთდება. ნანა დიხამინჯია ხელმძღვანელობდა ასევე გოგონების საინჟინრო სკოლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ასმა უფროსკლასელმა გოგონამ ისწავლა ელექტრონიკის საწყისები, მარტივი პროგრამირება, დრონებთან მუშაობა, და საჩუქრად მიიღო რობოტი, რომლის დაპროგრამება შინ გააგრძელა. გარდა ამისა, ნანა მონაწილეობს აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც 30 სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბებს აყალიბებს და MIT Media Lab-ის მიერ შემუშავებული კურიკულუმით ასწავლის მოსწავლეებს.

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ უკეთ გავიაზრე, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ყველაზე მარტივი ნაწილი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვაა. გაცილებით რთულია დამკვიდრებული პროცესების გარდაქმნა ოპტიმალურად, აზროვნების განახლება თანამედროვეობის შესაბამისად, მსოფლიო გამოწვევების გათავისება და სისტემების შესაბამისი ცვლილება, რაც ციფრული ტრანსფორმაციის არსებითი ნაწილია. დღესდღეობით ვარ რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი, როგორიცაა: IEEE, Women in Engineering, AMS, ახლახან კი გავხდი ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს განყოფილების მეცნიერებისა და განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს თანამშრომლობები მეხმარება, მუდმივად ტექნოლოგიური სიახლეების ცენტრში ვიყო, დავესწრო ძალიან საინტერესო კონფერენციებს და გავიზიარო საერთაშორისო გამოცდილება", − აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.

რაც შეეხება „ალტე უნივერსიტეტში" დაფუძნებულ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრს, იგი მიზნად ისახავს განავითაროს და დანერგოს განათლების მართვის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები უნივერსიტეტში, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი იმუშავებს „ალტე უნივერსიტეტის" ყველა პროგრამასთან, რათა საგანმანათლებლო პროგრამები გაძლიერდეს ტექნოლოგიური კომპონენტებით, ისევე, როგორც უნივერსიტეტის სტარტაპგარაჟთან, რომელმაც უკვე დაიწყო საინტერესო პროექტების განხორციელება მეწარმეობის მიმართულებით. ცენტრი ასევე აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიულ პარტნიორებთან საქართველოში, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მართვის მოდელების განსავითარებლად.

„ჩემთვის „ალტე უნივერსიტეტში" მოსვლა ახალი გამოწვევა და დიდი შესაძლებლობაა, ვინაიდან უნივერსიტეტის რებრენდინგი განხორციელდა სწორედ იმ მიზნით, რომ შეიქმნას სამეწარმეო სულისკვეთების უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც რეგიონში დანერგავს წამყვანი უნივერსიტეტების სტანდარტს და შექმნის მუდმივად განახლებად, ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც დღევანდელ, სწრაფად ცვალებად გარემოში ინდუსტრიისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალ გზებს გახსნის. ჩემი გეგმაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი გამოცდილება და კავშირები, რათა „ალტე უნივერსიტეტის" გუნდთან და პარტნიორებთან ერთად გამორჩეული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე შევქმნათ", − აცხადებს პროფესორი ნანა დიხამინჯია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართული კომპანია Geosoft-ის აღიარება Google-ისგან – რას სთავაზობს Geosoft ქართულ ბიზნესს?

Google-მა რეგიონში Google Cloud-სერვისების განვითარებისთვის Geosoft-ი დააჯილდოვა

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული