You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

17 წლის ქუთაისელი სკოლის მოსწავლე, ანასტასია ლელაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლის. მომავალი დიპლომატი წელს ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ამთავრებს და საზღვარგარეთ სწავლას საერთაშორისო მასშტაბის პროფესორებთან განაგრძობს. როგორ მოხვდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და რას ურჩევს იმ ადამიანებს, რომელთაც საერთაშორისო განათლება სურთ? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur ანასტასია ლელაძეს ესაუბრა.

გამოცდების ჰარვარდში ჩაბარება, დაახლოებით მე-10 კლასში გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც დამრიგებელმა და ამავდროულად, მათემატიკის მასწავლებელმა, გამოცდების საზღვარგარეთ ჩაბარებასთან დაკავშირებით შეხვედრები ჩაატარა. „სწორედ იმ ღამით მომეცა ინსპირაცია, გამომერკვია საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივები და ამ პერიოდიდან დავიწყე მუშაობა საერთაშორისო განათლებისთვის. იდეა გამიჩინა ჩემმა სკოლამ. მე კი, ჩემი მხრივ, გამოუსწორებელი მაქსიმალისტი ვარ და მინდოდა, რაღაც დიდი გამოწვევა მქონოდა. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე რთული მიზანი განათლების სექტორში და ასე მივედი გადაწყვეტილებამდე, გამოცდები ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩამებარებინა", − აცხადებს ანასტასია ლელაძე.

ანასტასია ჰარვარდში პოლიტიკის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიისა და ისტორიის საკითხებს შეისწავლის. ისტორია ბავშვობიდან აინტერესებდა, განსაკუთრებით კი ისეთი მოვლენები, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები იკვეთებოდა, მაგალითად, 7-წლიანი ომი. „ჰარვარდში პოლიტიკურ მეცნიერებებს შევისწავლი. სწორედ ამის მიხედვით ავირჩიე ეს უნივერსიტეტი. ბავშვობიდან ისტორია მიყვარდა, ისტორიის 80% კი პოლიტიკაა. აქ მოხვედრის შანსი ძალიან დაბალი იყო, ვინაიდან დიდი კონკურენციის პირობებში ძალიან ცოტა აპლიკანტს იღებენ. 70 000 განაცხადიდან მაქსიმუმ 2 000-ს აკმაყოფილებენ და ეს ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული, თუმცა რომ არ მეცადა, ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებდი. წელს მიღების შანსი 3%-ზე დავიდა, თუმცა ბავშვობაში დასახული მთავარი მიზანი ამიხდა. თავიდანვე ვფიქრობდი, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, აუცილებლად ჩემი ქვეყნისთვის უნდა მომეხმარებინა ცოდნა და განათლება. ახლაც ასე ვფიქრობ. რთულია, არ გაგიჩნდეს ეს განცდა, მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში. ბევრი ადამიანი ვერ ცხოვრობს კარგ პირობებში და გიჩნდება სურვილი იმისა, რომ შენი ხელი დაატყო ამ სიტუაციას უკეთესობისკენ. ამას კი ყველაზე უკეთ ჩემი მიმართულებით შევძლებდი. საბაკალავრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერებებს შევისწავლი, მაგისტრატურაზე კი მსურს დიპლომატია ვისწავლო. მთავარი მოტივაცია, რამაც გადამალახვინა საკმაოდ ბევრი დაბრკოლებით სავსე გზა უნივერსიტეტამდე, იყო ის, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის არ კეთდება, არამედ ამას აქვს დიდი მიზანი, ჩემს სამშობლოს რაღაცნაირად მოვახმარო განათლება. საუკეთესო განათლებას კი ჰარვარდში მივიღებდი", − განმარტავს ანასტასია ლელაძე.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო გუნდის წევრი? უპირველესად, საჭიროა 3 საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება. გარდა ამისა, შერჩევისას მნიშვნელობას ანიჭებენ სკოლის ნიშნებსა და კლასგარეშე აქტივობებს − რამდენად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში. მსგავსი ტიპის წამყვანი უნივერსიტეტები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ იმასაც, თუ რამდენად აქტიურად ერთვები მიმდინარე პროცესებში. „ამ პოტენციალს ჩემი გარემო მაძლევდა. ყოველთვის აქტიური ვიყავი სკოლის გარეთაც და შიგნითაც. ჰარვარდში უყურებენ არა მხოლოდ ქულებს, არამედ ადამიანსა და მის ჩართულობას. ჩემს სკოლაშიც სწორედ ეს მიდგომა იყო. არავინ ვითარდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, ყველა საგნის შესწავლას ექცევა იდენტური ყურადღება. ამერიკელი ბავშვები კლასგარეშე აქტივობებისთვის მზადებას მე-9 კლასიდან იწყებენ. მე-10 კლასის ბოლოს მე დავიწყე და გამიმართლა, რომ მქონდა ისეთი აქტივობები, როგორსაც აფასებენ აშშ-ში. ამასთან, გთხოვენ, ისაუბრო საკუთარ თავზე და ამ მიმართულებით დაწერო თემები, რაც ძალიან გამიჭირდა. ყოველთვის მიჭირდა ჩემს თავზე საუბარი, თუმცა ამაზეც ვიმუშავეთ. რაც შეეხება დაფინანსებას, ამისათვის აუცილებელია გქონდეს ძალიან კარგი მონაცემები, უნდა იდგე ზოგად სტანდარტებზე მაღლა − აპლიკაცია იმდენად კარგად უნდა იყოს დამუშავებული, რომ შენში ამხელა ინვესტიციის დაბანდება უღირდეთ. პირადად მე წელიწადში $74 000-ს მიფინანსებენ", − აღნიშნავს მომავალი დიპლომატი.

შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საერთაშორისო გუნდის წევრობა, ანასტასია გვპასუხობს: აქამდე ვისაუბრე ჰარვარდზე, როგორც იდეალური განათლების მომწოდებელ უნივერსიტეტზე, თუმცა უდიდესი ხიბლი, რაც აქვს ჰარვარდს, არის ის, რომ რაღაც არაამქვეყნიურად განსაკუთრებულ კონტაქტებს იღებ. ჩემთვის, როგორც მომავალი დიპლომატისთვის, ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსოფლიოში ნარჩევ ბავშვებს გავიცნობ, რომლებმაც ამხელა კონკურენცია დაძლიეს და მათთან კომუნიკაცია, სამომავლო თანამშრომლობა საინტერესოა. გამორიცხულია, ვინმე არ გახდეს წარმატებული იმ სტუდენტებიდან. გყავდეს ასეთი შემდგარი ადამიანები მეგობრებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით − უდიდესი შენაძენი იქნება ჩემთვის, როგორც მომავალი დიპლომატისთვის". რაც შეეხება რჩევას, ვისაც საზღვარგარეთ განათლების მიღება სურს, ანასტასიას მიაჩნია, რომ მსოფლიოს უდიდესი სასწავლებლები განათლების ახალ მოდელზე გადადიან. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასკოლო ქულები, არამედ ისინი გაფასებენ, როგორც ადამიანს. ყველა უნივერსიტეტი ითხოვს ესეებს, სადაც შენი აზროვნება უნდა ჩანდეს. ასევე, ითხოვენ აქტივობებში მონაწილეობას. „აბსოლუტურად ყველა წახნაგიდან ცდილობენ შემოგხედონ. ამიტომ, ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ განვითარდნენ, როგორც პიროვნებები. საჭიროა, წარმოაჩინონ საკუთარი მაქსიმუმი, რაც მოიცავს როგორც კარგად სწავლას, აგრეთვე აქტიურობას სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში", − განმარტავს ანასტასია ლელაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"