გიორგი ნადირაძე - Amazon-ის ერთადერთი ქართველი ფინანსისტი

"წარმატებასაც და მარცხსაც ერთი ქმედებით ვპასუხობ - უფრო მეტად ვშრომობ"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე არაერთ წარმატებულ ქართველ სპეციალისტს იცნობს, რომლებიც მსხვილ გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ამჯერად კი, გვსურს გიამბოთ Amazon-ის 27 წლის ქართველ ფინანსურ ანალიტიკოს გიორგი ნადირაძეზე, რომელიც დღესდღეობით ამ მიმართულების ერთადერთი ქართველი წარმომადგენელია ელექტრონული კომერციის მსოფლიოში უმსხვილეს პლატფორმაზე.

entrepreneur.ge

„ჩემი კარიერა ფინანსების მიმართულებით 2018 წლის ზაფხულში, კომპანია Boxed-ში დაიწყო, სადაც მესამე კურსის დამთავრების შემდეგ, სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. Boxed გახლავთ ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიების კომპანია ნიუ იორკში, რომელიც ჯერ კიდევ სტარტაპი იყო, როდესაც სტაჟირების პროგრამაზე ამიყვანეს. იქ სამი წელი გავატარე და ამ პერიოდის განმავლობაში საქმე ყოველთვის საკმაოდ ბევრი მქონდა, რაც ჩემნაირი შრომისმოყვარე ადამიანისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. Boxed დამეხმარა ბევრი საჭირო კონტაქტისა და მენტორის შეძენაში, თუმცა იქ გატარებული სამი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ახალი გამოწვევის დრო დადგა. მივმართე ჩემს მენტორს, ყოფილ თანამშრომელს, რომელიც Amazon-ში მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ მის გუნდში იყო ვაკანსია და გასაუბრების გავლის შემდეგ, 2021 წლის ივლისში, Amazon-ის ფინანსური განყოფილების გუნდს შევუერთდი", − გვიამბობს გიორგი ნადირაძე.

როგორც გიორგი აღნიშნავს, Amazon-ში აყვანამდე, მას საკმაოდ ხანგრძლივი და რთული გასაუბრების გავლა მოუწია, რომელიც 4 ეტაპისგან შედგებოდა:

  1. ონლაინაპლიკაციის შევსება;
  2. სატელეფონო გასაუბრება მენეჯერთან
  3. სატელეფონო გასაუბრება რეკრუტინგის მენეჯერთან
  4. ვირტუალური გასაუბრება ხუთ სხვადასხვა თანამშრომელთან, სხვადასხვა დეპარტამენტის წევრებთან.

გიორგის თქმით, Amazon-ს საკმაოდ დაკვირვებული მიდგომა აქვს თითოეული აპლიკანტისადმი, ვინაიდან მათი გაცხადებული პოლიტიკაა აიყვანონ და განავითარონ მხოლოდ საუკეთესო კადრები. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო დღის რუტინას, საკმაოდ დატვირთულია შეხვედრებით და კომპანიის ყოველდღიური განვითარების ტემპი, ეფექტიანობის მაქსიმიზაციისკენ არის მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დღეს საკმაოდ წარმატებული ფინანსისტია, მისი ამ სფეროთი დაინტერესება და ამერიკული თავგადასავლის დაწყება, მისმა დიამეტრულად განსხვავებულმა გატაცებამ − კალათბურთის სიყვარულმა განაპირობა.

„როდესაც თბილისში, სკოლა „მერმისში" ვსწავლობდი, აქტიურად ვიყავი დაკავებული კალათბურთით და ჩემი ოცნება NBA-ში მოხვედრას უკავშირდებოდა. მეთერთმეტე კლასის დამთავრების შემდეგ მომიწია სკოლა „ლოგოსში" გადასვლა, სადაც გავიცანი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი. გიორგის აშშ-ში ჰქონდა მიღებული განათლება და აღმოჩნდა, რომ იქ კალათბურთსაც თამაშობდა. მისი რჩევით გადავწყვიტეთ, სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტის ნაცვლად, ამერიკულ High-school-ში გამეტარებინა 2 წელი. „ლოგოსის" დამთავრების შემდეგ, 2012 წელს, ვერ მოვახერხე ამერიკაში წასვლა, რის გამო მომიწია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება. პირველი სემესტრის ბოლოს მივიღე ვირჯინიის, Stuart Hall School-ის შემოთავაზება სწავლისა და კალათბურთის თამაშის შესახებ და უკვე 2013 წლის 1 იანვარს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში გავფრინდი. ვირჯინიაში გატარებული წლინახევრის შემდეგ ვერ მივიღე დაფინანსება ამერიკული უნივერსიტეტებისგან. უსახსრობის გამო მომიწია ერთი წლის გატარება ე.წ. მოსამზადებელ სკოლაში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, სადაც კალათბურთის თამაშის დამსახურებით, მივიღე შემოთავაზება ჯორჯიას შტატში მდებარე ძალიან პატარა უნივერსიტეტ Dalton State College-იდან და 2015 წლის აგვისტოდან სწორედ იქ გადავედი სასწავლებლად", − იხსენებს გიორგი ნადირაძე, − „ფინანსების განხრით სწავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა. „გუგლში" მოვიძიე, თუ რომელი პროფესიით შეუძლია ადამიანს სამსახურის პოვნა ყველაზე მარტივად უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ და პირველ ადგილზე ფინანსები აღმოჩნდა. გარდა ამისა, მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა, ამიტომაც ასე, პრაგმატულად გადავწყვიტე ფინანსებზე სწავლა. ორი წლის შემდეგ დავანებე კალათბურთის თამაშს თავი და გავხდი გუნდის ვიდეოანალიტიკოსი, რამაც დაფინანსება შემინარჩუნა. მე-3 კურსის დამთავრების შემდეგ, 2018 წლის გაზაფხულზე ნიუ იორკში სტუმრობის დროს, აღმოვჩნდი Boxed-ის კორპორაციულ წვეულებაზე ჩემი უახლოესი მეგობრის, ლუკა ჟორჟოლიანის მიწვევით. აქ მალევე გავიცანი სხვა ფინანსისტებიც. აღმოჩნდა, რომ ეძებდნენ სტაჟიორს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი მათ შემოთავაზებას, ხოლო 2018 წლის აგვისტოდან უკვე სრულ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა. ასე აღმოვჩნდი ფინანსურ სამყაროში".

როგორც გიორგი აცხადებს, დედამ მას ბავშვობიდან შთააგონა, რომ ცხოვრებაში დაუძლეველი არაფერია და დიდი ძალისხმევის ფასად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, იგი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ასეთ წარმატებას სწორედ დედამისის დამსახურებად მიიჩნევს.

Entrepreneur-თან საუბრისას გიორგიმ აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ამერიკული გამოთქმა: Never let success get to your head, and never let failure get to your heart. სწორედ ამიტომ, იგი მარცხს საკუთარი წარმატების აუცილებელ ნაწილად აღიქვამს და მიაჩნია, რომ ზრდა და განვითარება სხვანაირად შეუძლებელია. „პირადად მე, წარმატებასაც და მარცხსაც ერთი ქმედებით ვპასუხობ − უფრო მეტად ვშრომობ", − ამბობს გიორგი, − „ქართველ ახალგაზრდებს ვურჩევდი არ შეეშინდეთ ფართო მასშტაბით ოცნების და არავის მისცენ უფლება განსაზღვრონ მათი მომავალი. მუდმივი შრომა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ყოველთვის ანაზღაურდება".

რაც შეეხება გიორგი ნადირაძის სამომავლო გეგმებს, ის გვიამბობს, რომ Amazon-ში პროგრესის მიღწევა და კარიერული განვითარება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 2021 წლიდან მოყოლებული, გიორგი ამავდროულად Solana NFT ეკოსისტემის წევრია და გახლავთ Mastodon DAO-ს შემქმნელი, რომელიც მიზნად ისახავს დააფუძნოს ეს ბრენდი როგორც „მეტავერსში", ისე რეალურ ცხოვრებაში. „ამჟამად ჩვენი გუნდი 100%-ით ქართველებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავიღეთ ამ პროექტისთვის და ინფორმაცია მის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. DeGods-ში არსებული კონტაქტების დამსახურებით, ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებასა და რესურსს ვიღებთ, რაც საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი საუკეთესო კომუნის შექმნის წინაპირობა იქნება Solana-ს ბლოკჩეინზე", აცხადებს გიორგი ნადირაძე.