Range Rover Batumi Gold - ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია ''ჯი-თი მოტორსის'' შოურუმში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიო წარდგენიდან თითქმის ექვს თვეში, ლეგენდარული Range Rover-ის ახალი ვერსია ქართველმა მომხმარებელმა რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა იხილა. „ჯი-თი მოტორსის" შოურუმში ექსკლუზიური, დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ კომპანიის VIP მომხმარებლები და Range Rover-ის მფლობელები ესწრებოდნენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, „ჯი-თი მოტორსმა" მიიღო გადაწყვეტილება, არ გაემართა გრანდიოზული ღონისძიება და ჩვენებაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი.

რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ, ქართველ ავტომოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, ახალი Range Rover Batumi Gold ენახათ. მოდელის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს რომ საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი დაარქვეს, ეს ჯერ კიდევ ოქტომბერში გახდა ცნობილი და სწორედ ამიტომ, მოლოდინიც დიდი იყო.

ბრიტანული ავტოგიგანტის დიზაინერების ერთ-ერთი ინსპირაცია ბათუმის შთამბეჭდავი ხედები იყო. ზღვისპირა ქალაქის მზის ჩასვლით მოხიბლულებმა ფერი სპეციალურად Range Rover-ისთვის შექმნეს და ამით ქართველი მომხმარებლის გულიც მოიგეს. „ჯი-თი მოტორსში" ამბობენ, რომ Range Rover-ის ყველა მოდელი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, უკვე გაყიდულია.

„გვიხარია, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ახალი Range Rover წარადგინა. ცხადია, შოურუმში ამ მოდელის სხვადასხვა ფერს შეხვდებით, თუმცა, გასაკვირი არცაა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში Range Rover Batumi Gold მოექცა. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ წინასწარი შეკვეთები ჯერ კიდევ ოქტომბერში, წარდგენის დღეს მივიღეთ.ის, რომ მსოფლიო ბრენდმა ავტომობილის ექსტერიერის ერთ-ერთ ფერს ჩვენი ზღვისპირა ქალაქის სახელი დაარქვა, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა. მიხარია, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად Jaguar Land Rover-თან წარმატებული თანამშრომლობაც სახელდება," - აცხადებს „ჯი-თი მოტორსის" გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი.

ბათუმის სილამაზის გარდა, საქართველომ ყურადღება ოფისის წარმატებული მუშაობითაც მიიქცია. „ჯი-თი მოტორსი" Jaguar Land Rover-თან უკვე 14 წელია წარმატებით თანამშრომლობს. საქართველოს ოფისი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

"Jaguar Land Rover-ისა და „ჯი-თი მოტორსის" თანამშრომლობა 14 წლის წინ დაიწყო. ეს საქმიანი ურთიერთობა წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება. „ჯი-თი მოტორსს" შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს ძალიან კარგად ეტყობა დღევანდელ ღონისძიებასაც. მათ საკუთარ მომხმარებლებთან ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სწორედ ქართველ მომხმარებელს, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარვუდგინეთ ახალი Range Rover. ღიმილი სტუმრების სახეებზე ძალიან სასიამოვნო სანახავია. ვხვდები, რომ ეს ავტომობილი ქართველ მომხმარებლებში მარლაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს," - აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის რეგიონული ოფისის გაყიდვების დირექტორი რობ პრესტონი.

Range Rover-ის ყველა ახალი მოდელი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, უკვე გაყიდულია, რადგან მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამავე მიზეზით, ამ ეტაპზე „ჯი-თი მოტორსში" შეკვეთების მიღებაც შეზღუდულად მიმდინარეობს.