You can be on Entrepreneur’s cover!

თამთა ხონელიძე - Trinity Education "ჩვენი კომპანიის მიზანია, უცხოეთში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდისთვის"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლების წინ, როდესაც ESM-ის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულმა თამთა ხონელიძემ უცხოეთში სამაგისტრო პროგრამაზე გამგზავრება გადაწყვიტა, იგი უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ასეთ დროს ახალგაზრდებს უწევთ ფიქრი, რომელ სახელმწიფოში, რომელ უნივერსიტეტსა თუ პროგრამაზე შეიტანონ განაცხადი, რა სახის სასტიპენდიო ფორმა უნდა შეავსო, როდისაა უმჯობესი ამ პროცესში ჩართვა და რომელ კომპონენტებს ანიჭებენ უნივერსიტეტები მნიშვნელობას კანდიდატთა შერჩევისას. სწორედ ამ თავსატეხმა გაუჩინა თამთას იდეა, დაეარსებინა კომპანია Trinity Education, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს დაეხმარებოდა უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევა-ჩაბარებაში და დაფინანსების მოპოვებაში.

„ჩვენი კომპანიის მიზანია, უცხოეთში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდისთვის. ჩვენი კომპანიის წყალობით, მომავალი ქართველი ხელოვანები დღეს სრული დაფინანსებით სწავლობენ Trinity Education-ის პარტნიორ ისეთ მოწინავე სასწავლებელში, როგორიცაა Idyllwild-ის ხელოვნების აკადემია; მომავალი ქართველი სპორტსმენები − IMG აკადემიაში; ამასთანავე, არაერთი წარმატებული ქართველი აპლიკანტი გავამგზავრეთ როგორც აშშ-ში, Ivy League-ის უნივერსიტეტებში, ისე დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან სასწავლებლებში, როგორებიცაა: UCL, IE, City University, University of Warwick და სხვ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, სულ მალე გავხდებით რეგიონში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ბიზნესსკოლის ექსკლუზიური წარმომადგენლები, სადაც ქართველ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ სრული დაფინანსებით ისწავლონ", − აცხადებს თამთა, − „ჩვენი აპლიკანტები ყოველწლიურად ხდებიან საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსების გამარჯვებულები (მათ შორის, Chevening და Fulbright). ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ ქართველ ახალგაზრდებს სასტიპენდიო აპლიკაციების გამართვაში და ამ საერთაშორისო სტიპენდიების მოპოვებაში, რათა ეს ახალგაზრდები, ცოდნის მიღების შემდეგ, დაბრუნდნენ საქართველოში (რაც აღნიშნული სასტიპენდიო კონკურსების ერთ-ერთი პირობაა) და მიღებული ცოდნა მოახმარონ საკუთარი ქვეყნის წინსვლა-განვითარებას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს ე.წ. head hunting. დღეს ქართველი ახალგაზრდების დაბრუნება საქართველოს ესაჭიროება ისე, როგორც არასდროს".

თამთას თქმით, ანტრეპრენერობამდე სასურველია კორპორაციულ იერარქიაში გარკვეული გამოცდილების დაგროვება. უცხოეთში გამგზავრებამდე, იგი თავადაც მუშაობდა საქართველოში, როგორც საბანკო, ისე საკონსულტაციო სფეროებში და მიიჩნევს, რომ ეს გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება დამოუკიდებელ საქმიანობას.

„ვიყო ანტრეპრენერი უმნიშვნელოვანეს − განათლების ინდუსტრიაში, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რადგან განათლება პროფესიონალიზმის საწინდარია ყველა სფეროში. თავად ანტრეპრენერი სიახლის შემოქმედია და სწორედ ინოვატორობის კომპონენტი განასხვავებს მას, უმთავრესად, მეწარმე-ბიზნესმენისაგან. გარდა ამისა, ანტრეპრენერის მთავარი მამოძრავებელი არა ფინანსური სარგებლის მიღება, არამედ კონკრეტულ სექტორსა თუ ინდუსტრიაში რეალური, გრძელვადიანი ღირებულების შექმნის სურვილია. მოგების მიღება ანტრეპრენერისთვის შედეგია, მიზანი კი − სწორედ ღირებულების შექმნაა. მჯერა, რომ იღბალი, უმთავრესად, სწორედ შრომის პირდაპირპროპორციულია", − აცხადებს თამთა.

უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ, თამთას ჰქონდა არჩევანი დარჩენილიყო და მსხვილ კორპორაციაში მოესინჯა ძალები, თუმცა მან გადაწყვიტა გაბედული ნაბიჯი გადაედგა, დაბრუნებულიყო სამშობლოში და ყველა არსებული რესურსით საკუთარი იდეის რეალიზებაზე ემუშავა.

დღესდღეობით, Trinity Education აქტიურად თანამშრომლობს თბილისისა და ბათუმის სკოლებთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში, მოსწავლეებს სთავაზობს ზაფხულის არდადეგების გატარებას ევროპის ისეთ პრესტიჟულ კოლეჯებში, როგორებიცაა Harrow და Eton. გარდა ამისა, კომპანიის სასწავლო ცენტრში ინგლისურ ენას ეუფლებიან ქართული მსხვილი ორგანიზაციების თანამშრომლები, ხოლო „საქართველოს ბანკის" SOLO-მომხმარებლები სარგებლობენ ენის შემსწავლელი ექსკლუზიური სერვისებით.

პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, Trinity Education დღეს მკაფიოდ სტრუქტურირებული და ორგანიზებული სისტემაა, რომელიც მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ქართულ საგანმანათლებლო სააგენტოებს შორის. კომპანია ყოველწლიურად ახერხებს ICEF-ის აკრედიტაციის მოპოვებას და საქართველოში წარმოადგენს რიგ მოწინავე უნივერსიტეტებსა და ბიზნესსკოლებს, როგორებიცაა: GISMA, HULT, EU, Munich Business School, NABA, Domus Academy და სხვა, ჯამურად 3000-მდე პარტნიორი სასწავლებელი.

„ანტრეპრენერობამ და დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ, დარგის სიღრმისეული ცოდნისა და ღირებული პრაქტიკული გამოცდილების გარდა, უამრავი უნარ-ჩვევა განმივითარა. მათ შორის გამოვარჩევდი უმთავრესს: კომუნიკაბელურობას, ორგანიზებულობასა და რეზისტენტობას. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი არ შეუშინდნენ არცერთ დაბრკოლებას, რომელიც ბიზნესის გლობალურ, კონკურენტულ, არასტაბილურ და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში უამრავია. თითოეული ეს ბარიერი უნდა გარდაქმნან ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობად. ამასთანავე, ვურჩევ თავიანთი ბიზნესიდეებისა და კონცეფციების მკაფიოდ სტრუქტურირებას, მაქსიმალურ მოქნილობას და ახალ გარემო პირობებთან ადვილად ადაპტირებადობას", − აღნიშნავს Trinity Education-ის დამფუძნებელი, თამთა ხონელიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia