5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ სამსახურიდან შინ დაქანცულმა ძლივს მიაღწიეთ, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი სურვილი გამოძრავებთ − წუთით ამოისუნთქოთ. ცოტაოდენს წაიხემსებთ, ტელევიზორის წინ მოიკალათებთ და საათობით უყურებთ რომელიღაც შოუს.

მოდუნება და განტვირთვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, მაგრამ ასეთი დასვენება ჯანსაღი ჩვევა სულაც არ არის. სწორედ ასე ფიქრობს სამყაროს წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა და ამის სანაცვლოდ, ისინი თავისუფალ დროს სწავლას უთმობენ.

ეს ნამდვილად არ არის ახალი ამბავი. თომას კორლიმ − ფინანსურმა მრჩეველმა და ავტორმა 5 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მილიონერის ცხოვრების წესი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ისინი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ. მილიონერთა 86% აქტიურად კითხულობს, ხოლო 63% აღნიშნავს, რომ დილაობით სამსახურისკენ მგზავრობისას, აუდიოწიგნებს უსმენს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ წარმატებული ადამიანები წიგნებს კითხულობენ − მილიონერები თვეში საშუალოდ, ორს ან მეტს. ცოდნის შესაძენად ახალი ამბების, ბლოგების, მხატვრული თუ სხვა ჟანრის ლიტერატურის წაკითხვა აუცილებელია, ხოლო თუ მგზავრობა გიწევთ, აუდიოწიგნებსა და პოდკასტებს მოუსმინეთ.

იქნებ ფიქრობთ, „წიგნების საკითხავი დრო სად მაქვს? სამსახურსა და სახლს შორის ვარ გაბმული, ამისთვის დროის გამონახვა შეუძლებელია". გარკვეული თვალსაზრისით ყველა მეოჯახე ადამიანი ასეა, მაგრამ თუ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დროსაც კი ახერხებდა საკითხავად დროის გამონახვას, თქვენ რით უნდა გაიმართლოთ თავი? წარმოიდგინეთ, ობამა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობა მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ წიგნებს კითხულობდა.

კითხვას თავის წარმატებას მხოლოდ ობამა არ უკავშირებს. ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, ოპრა უინფრი, ილონ მასკი, მარკ კუბანი და ჯეკი მაც თავგადაკლული მკითხველები არიან. ბილ გეითსმა New York Times-თან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა: „ჩემთვის სწავლის მთავარი გზა წიგნების კითხვაა და ეს ბავშვობიდან ასე იყო".

წარმატებული ადამიანები „5 საათის წესს" იცავენ. განვიხილოთ, როგორ ახერხებენ ისინი ყოველდღიურად კითხვისთვის დროის გამონახვას.

რას ნიშნავს „5 საათის წესი"?

5 საათის წესი Empact-ის დამფუძნებლის, მაიკლ სიმონსის მოგონილია და ამის თაობაზე მას ბევრიც აქვს დაწერილი. ეს საოცრად მარტივი კონცეფციაა: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაკავებულია წარმატებული ადამიანი, ის ნებისმიერ შემთხვევაში დღეში ერთ საათს ანუ კვირაში ხუთს, კითხვაში ატარებს და ამ წესს მთელი კარიერის განმავლობაში იცავს.

სიმონსი ამ ფენომენს ბენჯამინ ფრანკლინს უკავშირებს, რომელიც სწავლისთვის ყოველთვის პოულობდა დროს. დილაობით ადრე იღვიძებდა, რათა კითხვა და წერა მოესწრო. საკუთარ თავს მიზნებს უსახავდა და მიღწეულ შედეგებსაც აკვირდებოდა. მან დღევანდელი წიგნის კლუბის მსგავსი საზოგადოება შექმნა, სადაც ხელოსნები და ვაჭრები იკრიბებოდნენ და თვითგანვითარებაზე ერთად ზრუნავდნენ. ის ახალ ინფორმაციაზე ექსპერიმენტებსაც კი ატარებდა, დილა-საღამოს საკუთარ თავს შეკითხვებს უსვამდა.

„5 საათის წესის" სამი სეგმენტი

დღევანდელი წარმატებული ლიდერები მთლიანად იზიარებენ ბენჯამინ ფრანკლინის 5-საათიან წესს და იგი სამ სეგმენტადაც კი დაყვეს.

იკითხეთ: მილიონერები, მათ შორის, მარკ კუბანი და დენ გილბერტი დღეში ერთიდან სამ საათამდე კითხულობენ. ილონ მასკმა რაკეტების შენება წიგნებით ისწავლა და ამისთვის კომპანია SpaceX-იც კი შექმნა. კითხვა თვალსაწიერსაც აფართოებს. ჯეკი მა − კომპანია Alibaba-ს თანადამფუძნებელი, აცხადებს: „კითხვა გონებას ააქტიურებს. ზოგიერთები კითხვას ვერ ახერხებენ, ხოლო ვინც კითხულობს, სხვებთან შედარებით უკეთ იცის ინდუსტრიების სტრატეგია და ტაქტიკა".

თუ საკითხავად ერთი საათის გამონახვა გიჭირთ, მინიმუმ 20-30 წუთით დაიწყეთ. წიგნი ყოველთვის თან გქონდეთ, ტელეფონში ცქერას და დროის დაკარგვას, შეხვედრის დაწყებამდე ან ექიმთან მოსაცდელში, კითხვა სჯობს. ხოლო თუ ყოველდღიურად სამსახურში მისასვლელად მგზავრობა გიწევთ ან ვარჯიშობთ, აუდიოწიგნები გამოიყენეთ.

იფიქრეთ: 5-საათიან წესში ფიქრი და აზროვნებაც იგულისხმება − მშვიდად და აუღელვებლად, სრულიად გაუნძრევლად ჯდომა და ფიქრი.

წარსულზე ფიქრი დაშვებული შეცდომების გაანალიზების, მათზე სწავლის და იმის შეფასების შესაძლებლობასაც მოგცემთ, თუ რა გააკეთეთ სწორად. ამის წყალობით, თქვენი მიზნების მიღწევასა და ცხოვრების გაუმჯობესებას უკეთ შეძლებთ. ტეხასის უნივერსიტეტის 2014 წლის გამოკვლევის მიხედვით, გონებრივი სიმშვიდე და აზროვნება სწავლის პროცესს აუმჯობესებს.

დასაწყისში ალბათ დახმარება დაგჭირდებათ. პირველ ხანებში, სადილის შემდეგ 15-20 წუთის გამონახვა იდეალური იქნებოდა, რადგან ამ დროს სხეული მოდუნებულია. მცირედით, 5-10 წუთით დაიწყეთ, რათა მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ და დრო თანდათანობით გაზარდეთ.

აუცილებლად გაიაზრეთ საკუთარი თავისთვის რა შეკითხვების დასმა გსურთ. ყოველდღიურად ორი ან სამი შეკითხვა სრულიად საკმარისი იქნება. მაგალითად, თუ კონფერენციას დაესწარით, საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები დაუსვით: „რა მთავარი დასკვნები გაკეთდა და როგორ გამოვიყენო ეს დასკვნები ჩემს ბიზნესში?"

ექსპერიმენტები ჩაატარეთ: წესის მესამე და ბოლო სეგმენტი ექსპერიმენტების ჩატარებაა. ბენჯამინ ფრანკლინი და თომას ედისონი ექსპერიმენტების წყალობით გახდნენ დიდი მოაზროვნენი. Gmail მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ Google-მა თანამშრომლებს ახალი იდეებით ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება მისცა.

ექსპერიმენტების შედეგად ფაქტებს იღებთ და არა ვარაუდებს. ეს მიგითითებთ, რა არის ეფექტური, რამ გაამართლა და აგრეთვე, მსგავსი მიდგომა საკუთარ შეცდომებსა და სხვების კომენტარებზე სწავლის საშუალებას იძლევა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ექსპერიმენტების ჩატარება დროს არ მოითხოვს − ამ საქმიანობით თქვენ ყოველდღიურად ისედაც ხართ დაკავებული.

ჯეკ მა მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას გირჩევთ. მაგალითად, თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობაზე დაწერილი წიგნის წაკითხვის შემდეგ, მოხალისედ იმუშავეთ და მიღებული ცოდნის გამოყენება სცადეთ. როდესაც კითხვა ჩვევად გექცევათ, ცხოვრებაში გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი გახდებით. სრული გარანტია გექნებათ იმისა, რომ ყოველდღიურად თქვენც იზრდებით და თქვენი კომპანიაც.