You can be on Entrepreneur’s cover!

უკრაინის ''ბრძოლაი საკვირველი'' რა საერთო აქვთ ზელენსკის, ჩერჩილს და დავით აღმაშენებელს?

By გიორგი შარაშიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრეზიდენტ ზელენსკის ისტორიულ გამოსვლებს შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წინაშე წარმოთქმული სიტყვა იყო, როცა უკრაინის მეომარმა პრეზიდენტმა საკუთარი თავი ჩერჩილს შეადარა, თანაც ისე, რომ მისი სახელი არც უხსენებია, თუმცა, ყველასათვის გასაგები იყო, ვის სიტყვებს ახმოვანებდა, როცა ამბობდა: „ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ზღვაში, ვიბრძოლებთ ჰაერში. ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს! ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, ველებზე, სანაპიროებსა და ქუჩებში".

შეიძლება ბევრმა ვერც გაიგოს, რამდენად მართებულია დღეს ამ ორი ლიდერის მსგავსებაზე საუბარი, როცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და დროის დიდი მონაკვეთით დაშორებულ ისტორიულ ეპოქაზეა საუბარი, მაგრამ რაც უფრო ვაკვირდებით, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ მსგავსება დიდია და ეს მსგავსება არა მხოლოდ მათ წარმოთქმულ სიტყვებშია.

ქვეყნის მართვა ორივე ლიდერს უაღრესად რთულ, შეიძლება ითქვას, უიმედო და გამოუვალ მდგომარეობაში მოუწიათ. ორივეს ემუქრებოდა პირადი საფრთხე, ორივე იდგა სიცოცხლის დაკარგვის უდიდესი რისკის წინაშე.

თუმცა გაქცევაზე და უსაფრთხო ადგილას თავის შეფარებაზე არც ჩერჩილს უფიქრია და არც ზელენსკი ფიქრობს, რომლის იშვიათი ოპტიმიზმის გამოხატულება ომში მყოფი ხალხის გაერთიანების უმთავრესი ფაქტორი აღმოჩნდა.

მეტიც − პრეზიდენტი ზელენსკი თავის სიტყვითა და საქმით წინააღმდეგობის, გაუტეხლობისა და არდანებების სიმბოლოდ იქცა, ისევე, როგორც თავის დროზე ჩერჩილის ყოველი საჯარო გამოსვლა იმედით ავსებდა და ძლიერ მოტივაციას უჩენდა მილიონობით ბრიტანელს და არა მხოლოდ.

მიუხედავად უკრაინის არმიისა და მოხალისეების მიერ გაწეული დაუჯერებლად ძლიერი წინააღმდეგობისა, რამაც ბოროტების იმპერიას დიდი დარტყმა მიაყენა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები ჯერ კიდევ დიდია, თანაც არავინ იცის, რაზეა წამსვლელი თანამედროვე ჰიტლერი, რომლის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვს საზღვარი არ უჩანს.

თუმცა, მიუხედავად გაურკვევლობის ასეთი ხარისხისა, როცა არავის შეუძლია მომავლის ზუსტი პროგნოზირება, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი სიტყვითა და ყოველდღიური გმირობით გამხნევებული უკრაინელი ხალხი სიკვდილს თვალებში უყურებს. დანებებას არავინ აპირებს, რადგან მათ იციან, რომ უმაღლესი მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გაქცევას არ აპირებს.

„მე აქ ვარ! ჩვენ აქ ვართ! ჩვენ დავიცავთ უკრაინას!" – ომის დაწყების პირველსავე დღეებში ამ სიტყვებით მიმართავს ხალხს პრეზიდენტი ზელენსკი.

ასევე იყო ჩერჩილის შემთხვევაშიც, რომელმაც 1940 წელს თემთა პალატის წინაშე ისტორიული სიტყვის წარმოთქმამდე რამდენიმე დღით ადრე თანაგუნდელებს უთხრა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებდა ბრძოლას, მტერს ხელში ცოცხალი არ ჩაუვარდებოდა და არ დანებდებოდა.

ასეთია გაბედული და მამაცი ლიდერების ბუნება! როცა შეგწევს უნარი, მაშინაც კი, როცა არ იცი, როგორ დასრულდება შენ გარშემო განვითარებული მოვლენები, მოიკრიბო ძალა და წარმოთქვა შთამბეჭდავი და გადამწყვეტი სიტყვები!

ასეა! არც ჩერჩილმა იცოდა როგორი ბოლო ექნებოდა დაუნდობელ ომს და არც ზელენსკიმ იცის, როგორი იქნება რუსული სისასტიკის დასასრული, მაგრამ დგას „მტკიცედ და შეურყევლად" („სდექით მტკიცედ და შეურყევლად" – წარწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე).

ამ სარედაქტორო სტატიას ამერიკული ან რომელიღაც სხვა ქვეყნის რედაქტორი რომ წერდეს, ზელენსკისა და ჩერჩილის შედარებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ქართული Entrepreneur-ის რედაქტორმა დავით აღმაშენებელი როგორ არ გავიხსენო, როცა თავდადებაზე, ვაჟკაცობაზე, სიმამაცეზე, ერთგულებაზე, ბოლომდე ბრძოლასა და არდანებებაზე ვსაუბრობთ?!

დავით მეფის სიტყვები დიდგორის ბრძოლის წინ, მისი მიმართვა ქართველი მეომრებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ცხრა საუკუნე გვაშორებს იმ დროს, კაცობრიობის ისტორიაში დღემდე ყველაზე შთამბეჭდავი, იდეალებისადმი ერთგულებისა და თავგანწირვის უკვდავი მაგალითია:

„ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის სჯულის მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება, ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და რომც მოვინდომოთ, რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირ ხორგებით შევკრათ და როცა მტერი მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით, დაუნდობლად შევუტიოთ".

9 საუკუნის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის არმიას საჯაროდ მიმართავს: „თუ შეგვიტევთ, თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს და არა ჩვენს ზურგს".

ისტორია მეორდება. „ბრძოლაი საკვირველი" ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით დამთავრდება დღესაც, ისევე, როგორც 1121 წლის 12 აგვისტოს.

დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!

მთავარი რედაქტორი

გიორგი შარაშიძე

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"