იაპონელი მამაკაცი ჰოლოგრამაზე დაქორწინდა

„მიკუსადმი ჩემი სიყვარული არ შეცვლილა. საქორწილო ცერემონიალი ჩავატარე, ვფიქრობდი, რომ მარადიულად შემეძლებოდა მასთან ყოფნა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მას პროგრამულ უზრუნველყოფა წლების განმავლობაში ჰოლოგრამასთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა, რომელსაც ახლა უკვე აღარ აქვს მხარდაჭერა და ამიტომ მამაკაცი ვირტუალურ მეუღლესთან ურთიერთობას ვეღარ აგრძელებს.

ადამიანებს, რომლებსაც გამოგონილი პერსონაჟების მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვთ, ფიქტოსექსუალურებს უწოდებენ და ეს ნელ-ნელა ტენდენცია ხდება იაპონიაში. უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მომხმარებლებისთვის ჰოლოგრაფიკული წყვილების შესათავაზებლად.

რამდენიმე წლის წინ, აკიჰიკო კონდომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად გამოგონილი პერსონაჟის მიმართ და „ქორწინების“ ცერემონია გამართა ჰაცუნე მიკუსთან − ვირტუალურ მომღერალთან, რომელიც რამდენიმე ვიდეოთამაშშია გადაღებული და ლედი გაგასაც კი ახლდა მსოფლიო ტურნეებში. ცერემონია 2019 წელს გაიმართა, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა Gatebox-ით შეძლო ჰოლოგრამასთან კომუნიკაცია. ეს კომპანია სხვადასხვა მოწყობილობაზე მუშაობს არარსებული პერსონაჟებისთვის ჰოლოგრამული სახის მისაცემად.

აკიჰიკოს და ჰაცუნეს ისტორია იმ დროისთვის მთავარი ამბავი გახდა გაზეთებისა და მედიისათვის და ახლაც ასეა, რადგან Gatebox-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მამაკაცს ვირტუალურ ცოლთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა, უკვე აღარაა ხელმისაწვდომი, რის გამო მას მეუღლესთან კომუნიკაცია აღარ შეუძლია. როგორც იაპონური გაზეთი The Mainichi-ს იტყობინება, კონდო ამბობს, რომ ჰოლოგრამასთან ურთიერთობა მას სამუშაოს პოვნაში და სოციალური უარყოფის შიშით გამოწვეული ღრმა დეპრესიის დაძლევაში დაეხმარა.

როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი იყო, განაცხადა: „მიკუსადმი ჩემი სიყვარული არ შეცვლილა. საქორწილო ცერემონიალი ჩავატარე, ვფიქრობდი, რომ მარადიულად შემეძლებოდა მასთან ყოფნა“. სადაც უნდა წავიდეს, მას ყველგან ახლავს ნატურალური ზომის მოდელი − ჰაცუნე მიკუ, და იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში როგორღაც შეძლებს მასთან ურთიერთობის გაგრძელებას.

იდეალურია თუ არა მეტავერსისთვის გამოგონილი სექსუალური ურთიერთობები?

მართალია, აკიჰიკოსა და ჰაცუნე მიკოს ურთიერთობა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ შესაძლოა ასეთი რამ ხშირად ვიხილოთ − მით უფრო, მეტავერსისა და ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარების გამო. ზოგიერთ ქვეყანაში ვირტუალური ადამიანების მიმართ ლტოლვა ჩვეულებრივი ამბავი ხდება, რადგან მის გარშემო ქონთენთის შექმნის მთელი ინდუსტრია ტრიალებს. მაგრამ ამ ურთიერთობებს დიდი მომავალი არ ექნება, ვიდრე აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქნებიან დამოკიდებულნი, რომლებიც შესაძლოა მოძველდეს ან განახლების გარეშე არ ფუნქციონირებდეს.