გამორჩეული ადამიანების თვისებები რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სხვებისგან სრულიად განსხვავებული და გამორჩეული? ასეთი ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვისაც, როგორც წესი, რჩევის მისაღებად და სანუგეშებლად მიმართავენ. ისინი არასოდეს ჩანან აღელვებულები ან შეშინებულები და ყოველთვის მართავენ მოვლენებს. საინტერესოა, რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში „გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

დამოკიდებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

თქვენს დამოკიდებულებას მთლიანად ასახავს ის, თუ რას ფიქრობთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. ქოუჩები და მოტივატორები − ჯონ ვუდენი და ზიგ ზიგლარი ამ საკითხზე შემდეგი აზრის არიან. მაგალითად, პირველი ამბობს: „არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრებაში გაკეთებული არჩევანი გქმნით თქვენ". მეორე კი: „როდესაც პრობლემებზე ამახვილებთ ყურადღებას, უფრო მეტი პრობლემა გიჩნდებათ, ხოლო როდესაც შესაძლებლობებზე ამახვილებთ ყურადღებას, მეტი შესაძლებლობები გესახებათ". თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ საკუთარ დამოკიდებულებასა და წარმატებას შორის დიდი კავშირი არსებობს.

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ქონება დააგროვეს და მთელი თაობების შენახვა შეუძლიათ. თუმცა, უმეტესობა მაინც არ არის უსაშველოდ მდიდარი. ზოგიერთი მათგანი ჭკვიანია, დოქტორის ხარისხი აქვს თავის დარგში, მაგრამ უმეტესობას − მხოლოდ ბაკალავრის. ისინი არც დიდი სპორტსმენები არიან და არც ცნობილი მსახიობები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით, ისინი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ესთეტიკის, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა თანდაყოლილი მახასიათებლებისგან განსხვავებით, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი არჩევანია. ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ ცხოვრება არ არის ის, რაც თქვენ გარშემო ხდება, მთავარია, როგორ რეაგირებთ კარგ ან ცუდ მოვლენებზე. როგორც მწერალი და ქოუჩი ტონი რობინსი აღნიშნავს: „ქარის გაკონტროლებას ყოველთვის ვერ შეძლებთ, მაგრამ თქვენი იალქნების გაკონტროლება კი ნამდვილად შეგიძლიათ". არაჩვეულებრივი ადამიანები აღიარებენ, რომ მომავალი გაურკვეველია, მაგრამ გარდაუვალ წარუმატებლობას და სიურპრიზებს ისე უყურებენ, როგორც გამოწვევებს, რომელთაგან თითოეული სწავლისა და ზრდის შესაძლებლობაა.

წარმატებული ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობენ გარკვეული თვისებების გაღვივებაზე, რაც საშუალებას აძლევთ მუდმივად ცვალებად პირობებში გაუმკლავდნენ ცხოვრებას და წარმატებას მიაღწიონ. ეს თვისებები თანდაყოლილი არ არის, გულმოდგინე შრომით მიიღწევა, მათზე გამუდმებით მუშაობენ. რობინსი „დამოკიდებულებას" „აზროვნებას" უწოდებს. ამგვარი აზროვნების გამომუშავება თითოეულ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ნამდვილად სურს საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნება. როგორც ის აღნიშნავს, „მაშინ შეძლებთ დაიჯეროთ, რომ პოტენციალიც გაქვთ, წარმატებისკენ სწრაფვის ძალა და სურვილიც, როდესაც ხედავთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თქვენთვის ხდება, და არა თქვენს თავს, და ნამდვილად შეძლებთ ყველაფრის მიღწევას".

ლიდერები ბევრს სწავლობენ და შრომობენ სხვადასხვა თვისების შესაძენად, რაც მათ მიზნებს მიღწევის, მეგობრებისა და თანამოაზრეების პატივისცემის დამსახურების საშუალებას აძლევს. იმავე თვისებების განვითარებაზე შეიძლება სრულიად გამიზნულად იზრუნოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც უფრო ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრება სურს, თან ისე, რომ დიდი ძალა და მონდომება არ დახარჯოს ამაზე.

ქვემოთ გამორჩეული ადამიანების შვიდ მნიშვნელოვან თვისებას გაეცნობით:

  1. პერსპექტივა: ამას ზოგჯერ „თვითშემეცნებას" ან „თვითანალიზს" უწოდებენ. ეს არის შეგრძნება იმისა, რომ საკუთარი თავი უკვე შეიცანი. პერსპექტივა გულწრფელობას და თავმდაბლობას მოითხოვს, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას მიკერძოებისა და თავის გამართლების გარეშე. ის რეალობის მიღებისა და მომავალი დაბრკოლებების გაცნობიერების საშუალებას იძლევა.
  2. მიზანი: გამორჩეული ადამიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებზე ამახვილებენ ყურადღებას და არა იმაზე, რასაც სხვები ფიქრობენ. სხვების გულის მოგება ან ქონების დაგროვება მათი წარმატებისკენ სვლის მხოლოდ გვერდითი პროდუქტია და არა მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობენ. ვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიამოვნო საქმეებზე, საკუთარ დროსა და ფულს ვხარჯავთ მათში მონაწილეობის მისაღებად. ვნების შეთავსება ცხოვრების მიზანთან ჩვენი ფსიქიკის მთავარი მამოძრავებელია და ძალას გვმატებს, როდესაც წარუმატებლობებს ვეჯახებით.
  3. თავდაჯერებულობა: საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ძლიერი აქტივია და აუცილებელია ფიზიკური თუ ემოციური მიზნების მისაღწევად. თავდაჯერება საკუთარი თავის რწმენისა და თვითშეფასების ერთობლიობაა. ჯიმ რონი − ცხოვრებისეული საკითხების ცნობილი ქოუჩი, ამბობს: ჩვენ რომ ნამდვილად ვიცნობდეთ საკუთარ თავს, ჩვენ ძლიერ მხარეებ, შესაძლებლობებ, რესურსებ, გრძნობების სიღრმე, ჩვენ იუმორის გრძნობა, ჩვენ უნიკალურ მიღწევებს, არასოდეს შევიტანდით ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში, და არც იმაში, რომ უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია".
  4. სიმამაცე: გამბედაობა გმირობაზე უფრო მეტს ნიშნავს, და სახიფათო საქმეებში მონაწილეობის მიღებაზე კიდევ უფრო მეტსაც. გამბედაობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება, წინსვლა იქნება ეს დაბრკოლებების მიუხედავად, თუ დევნილთა, გაჭირვებულთა და დავიწყებულთა გვერდით დგომა და მათი დაცვა. გამბედაობაა, თუ შეგიძლიათ პირდაპირ თვალებში ჩახედოთ თქვენს შიშებს და არ გაექცეთ აღებულ პასუხისმგებლობას. სარძევე ჯირკვლის კიბოს გადარჩენილი მერი ენ რადემაჩერი ყველაზე კარგად აღწერს გამბედაობას: „სიმამაცე ყოველთვის არ არის ღრიალი. ზოგჯერ გამბედაობა დღის ბოლოს დაბალი ხმით ნათქვამი შემდეგი სიტყვებია: „ხვალ კიდევ ერთხელ შევეცდები".
  5. მომზადება: გამარჯვება სადღაც უბრალოდ გამოჩენაზე და რაღაცაში მონაწილეობის მიღებაზე უფრო მეტია. ამ გამარჯვების ფასს მთლიანად ის განსაზღვრავს, თუ რამდენად რთული იყო დასახული მიზნის მიღწევა. მორბენლებისთვის სრულიად ადვილი გასაგებია, რა განსხვავებაა სამკილომეტრიანი დისტანციის დაფარვისას პირველობასა და მარათონზე ფინიშზე მისვლას შორის. მომზადება უწყვეტი პროცესია, ის ყველაფრისთვის გამზადებთ − როგორც შესაძლებლობების, ისე კატასტროფებისთვის. და ამასთან ერთად, მტკიცედ და თავდაჯერებულად რომ იმოქმედოთ, ყოველთვის უნდა წარმოიდგინოთ, „რა იქნება თუ..." მომზადება მოქმედებისკენ გიბიძგებთ, საჭირო დროს. ამიტომ დაიწყო ნოემ წარღვნის დაწყებამდე კიდობნის მშენებლობა.
  6. შეუპოვრობა; საქმე ისაა, რომ რაღაცის მიღწევა იშვიათად თუ არის სწორხაზოვანი პროცესი. უმეტესად ბიტკოინის ფასების ყოველთვიურ ციკლურ გრაფიკს მიაგავს. გამარჯვებებს წარუმატებლობები მოსდევს, წარმატებებზე ხშირი სწავლის შესაძლებლობებია (წარუმატებლობები და იმედგაცრუებები). გამარჯვებულები იმ რწმენით ლახავენ გაურკვევლობას, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწევენ. შეუპოვრობა სამყაროს უდიდესი ძალაა, რომელიც აშკარად ჩანს გაბრტყელებულ მთებში და წვიმისა და ქარისგან გამოკვეთილ დიდ კანიონებში.
  7. იუმორის გრძნობა: როგორც წესი, მოვლენები ლოგიკური ახსნა-განმარტებისა და ერთი შეხედვით, შეუსაბამო მიზეზების გარეშე ხდება. ბევრი ელის, რომ შემთხვევითობა, თვით შემთხვევითობის ელემენტის შედეგი, ყოველთვის უარყოფითი იქნება („მერფის კანონი"), მხედველობის არედან რჩებათ ის, რომ ზოგჯერ მოულოდნელობას ბევრი დადებითი მოაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ მიზნის მიღწევის გზაზე შემდეგი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდეთ წარუმატებლობების მიმართ; თქვენ უბრალოდ უნდა იფიქროთ, რომ ისინი არც პირადია, არც გადამწყვეტი და არც საბოლოო. ერთმა ბრძენმა ერთხელ თქვა: ცხოვრება არ არის იმის მოლოდინი, როდის ჩაივლის ქარიშხალი, მთავარია ის არის, როგორ უნდა ისწავლო წვიმაში ცეკვა". ზოგჯერ ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთო სირთულეების დროს, საკუთარ თავზე გაცინებაა, უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევა და ნაბიჯის წინ გადადგმა განახლებული ენერგიით. დაიმახსოვრეთ, არაფერი დამთავრებულა, სანამ კიდევ არის დრო ვითარების შესაცვლელად.

დამოკიდებულების შეცვლა ახალი შესაძლებლობებისკენ გაგიხსნით ახალ კარს. თქვენ ეს სიტყვები უნდა იმეოროთ: დღეს შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა", რადგან სწორედ ეს არის სიმართლე. როდესაც გზააბნეული ხართ და თქვენი მომავლის გამო ღელავთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ შეიძლება გამხდარიყავით და არა იმას, ვინ და როგორი ხართ.თავში ხომ გაქვს ტვინი? ფეხსაცმელი ხომ გაცვია ფეხზე? შეგიძლია იმ მიმართულებით წაიყვანო საკუთარი თავი, რომელსაც აირჩევ. ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ისიც იცი, თუ რა იცი და სწორედ შენ უნდა გადაწყვიტო, სად უნდა წახვიდე..."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია