საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა მიმდინარეობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკისა და პირველი არხის „ტელესკოლის" პარტნიორობით პროექტი „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის" გრძელდება. ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 3,500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტი მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის მქონე ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, პირველი არხი - ტელესკოლის ეთერში მოსწვალეებისთვის ათი ტელეგაკვეთილი ჩატარდა. თითოეული ონლაინ მეცადინეობა მათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორიისა და შესაბამისი პრაქტიკული ამოცანების განხილვას დაეთმო. პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ ოლიმპიადაში.

შესარჩევი ტურების შედეგად, 30 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. 28 მაისს გაიმართება ფინალი, რის შემდეგაც 10 საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი - MacBook Air; II ადგილი - iPad Air; III ადგილი - iPad Mini; IV-V ადგილი - iPhone SE; VI,VII,VIII,IX, X ადგილი - ელექტრონული წიგნები (Kindle).

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ V-VI კლასელებისთვის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, განივითარონ მათემატიკური და ლოგიკური უნარები. განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ახალგაზრდა თაობების განვითარებას და მათ ეხმარება საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.