საერთაშორისო კოსმოსური კონვენცია - რა პოტენციალი აქვს კოსმოსური ინდუსტრიის ბიზნესს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო კოსმოსური კონვენცია „ალტარ ენტერპრაიზის" მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც 9, 10 და 11 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდება და კავკასიის რეგიონში პირველ ბიზნესკონვენციას წარმოადგენს. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავს მოუყრის კოსმოსური ინდუსტრიის ასობით გამოჩენილ მოღვაწეს, სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოებისა და მოწინავე კერძო კომპანიებიდან 90 წარმომადგენელს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში განიხილავენ ინდუსტრიის ამომავალ ტრენდებს, ტექნოლოგიურ წინსვლებსა და კოსმოსური ინდუსტრიის მდგრადი განვითარების საკითხებს. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მასზე დასწრება როგორც ფიზიკურად, ასევე ვირტუალურად იქნება შესაძლებელი.

კონვენცია, რომლის იდეის ავტორებიც ნიკა ჩინჩალაძე და მარტინას ფედოტოვასი არიან, ორ ძირითად მიზანს ემსახურება: კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ინტერნეტზე წვდომის, ამინდის პროგნოზირების, სოფლის მეურნეობის, ზღვაოსნობის, სადაზვერვო და ტელეკომუნიკაციების სერვისების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაუჩნდებათ. მეორე მხრივ კი, წამყვანი ექსპერტების მოსმენა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება, აიმაღლონ ცნობიერება კოსმოსური ინდუსტრიის მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ.

რა სახის ტექნოლოგიური ტრენდები არსებობს კოსმოსური ინდუსტრიის მიმართულებით და როგორ შეიძლება განვიხილოთ კოსმოსური ინდუსტრია ბიზნესის ჭრილში? − ამ საკითხებთან დაკავშირებით, Entrepreneur „ალტარ ენტერპრაიზისის" თანადამაარსებელ დირექტორსა და კონვენციის იდეის თანაავტორს, ნიკა ჩინჩალაძეს ესაუბრა:

ნიკა, ზოგადად, რა სახის ტექნოლოგიური ტრენდები არსებობს კოსმოსური ინდუსტრიის მიმართულებით? რომელი წარმატებული საერთაშორისო ქეისები არსებობს?
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოების მიერ დომინირებული ინდუსტრიის ინიციატივებმა კერძო სექტორისკენ გადაინაცვლა. ყოველივემ ამან ხელი შეუწყო უფრო სწრაფ და ეკონომიურ ტექნოლოგიურ განვითარებას. ინოვატორმა კომპანიებმა კოსმოსური სააგენტოების მიერ ოპერირებული ავტობუსის ზომის თანამგზავრები ბევრად ხელმისაწვდომი, ეფექტური ფეხსაცმლის ყუთის ზომის თანამგზავრებით ჩაანაცვლეს. სხვებმა კი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები შექმნეს, რამაც საგრძნობლად შეამცირა კოსმოსური ფრენის ფასი და გაზარდა ფრენების სიხშირე. ზოგი კომპანია კი ორბიტაზე უმოქმედო თანამგზავრებისა და მათი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ნატეხების დასუფთავებაზე მუშაობს, რაც მომავალში კოსმოსში უსაფრთხო გადაადგილებას უწყობს ხელს.

რომელი ქვეყნებია წამყვანი კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით და აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს კოსმოსური ინდუსტრიის ზრდასა და განვითარებაში?
ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, კანადა და ლუქსემბურგი გამოირჩევიან თავიანთი კოსმოსური აქტივობებით. საქართველოც, რა თქმა უნდა, მზადაა ამ ინდუსტრიაში ჩასართავად და სულაც არ არის აუცილებელი ყოველივე ეს რაკეტმშენებლობითა და თანამგზავრების ორბიტაზე განთავსებით დაიწყოს. შესაძლოა ეს იყოს პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ან ხომალდების შემადგენელი ცალკეული კომპონენტების წარმოება. სწორედ აქ თამაშობს „ალტარ ენტერპრაიზისი" ძალიან დიდ როლს, კომპანიებისთვის პროდუქტის განვითარებისა და გლობალურ ბაზარზე სწორად პოზიციონირების საკითხებზე კონსულტაციების გაწევით, და მათ საერთაშორისო კომპანიებთან დაკავშირებით, რაც უმარტივებთ კლიენტებისა და პარტნიორების მოძიების პროცესს.

რა შესაძლებლობები არსებობს ბიზნესისთვის − ერთი მხრივ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგებს მიიღებს ბიზნესის სექტორი განვითარებული კოსმოსური ინდუსტრიით?
თუ წარსულში კოსმოსი მხოლოდ სამეცნიერო, პოლიტიკური და ფილოსოფიური ინტერესის საგანი იყო, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ინდუსტრია ბიზნესის თვალსაზრისითაც მომგებიანი და სარფიანია. შედეგად, წლიდან წლამდე ვხედავთ კოსმოსურ ინდუსტრიაში ახალი სტარტაპების რაოდენობისა და ინვესტიციების ზრდას. ახლანდელი გლობალური 400 მილიარდდოლარიანი კოსმოსური ინდუსტრია 2040 წლამდე ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, ბიზნესის კუთხით საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია.

მეორე მხრივ, განვითარებული კოსმოსური ინდუსტრია ხელს შეუწყობს მომიჯნავე ინდუსტრიების, მაგალითად ინტერნეტსერვისების, ტელეკომუნიკაციის, სოფლის მეურნეობის, ზღვაოსნობის, დაზვერვისა და ამინდის პროგნოზირების, განვითარებასა და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, მივიჩნევ, რომ კოსმოსური ინდუსტრიის განვითარება უბრალოდ ბუნებრივია. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გაფართოებას და ახალი ტერიტორიების აღმოჩენას, ეს ჩვენი ინსტინქტია. კონტინენტების მასშტაბზე გავაშენეთ ქალაქები და დასახლებები, გადავლახეთ ზღვები და ოკეანეები, და როდესაც დედამიწაზე მეტი აღარაფერი იყო დარჩენილი დასალაშქრად ადამიანები მთვარეზე გავგზავნეთ. მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე კაცობრიობა მულტიპლანეტური გახდება.

ნიკა, თქვენ ახსენეთ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე კაცობრიობა მულტიპლანეტუი გახდება. როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი ამ პროცესისთვის? რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს მიმდინარე კოსმოსურ ტრენდებს?
კოსმოსურ ინდუსტრიაში ბიზნესებმა აქცენტი უნდა გაამახვილონ მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო კოოპერაციაზე. იფიქრონ იმაზე, რომ საკუთარმა საქმიანობამ არ შეუქმნას საფრთხე სხვა პროექტებსა და კაცობრიობის მომავალს კოსმოსში. სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო კოსმოსური კონვენციაც. გვსურს, თავი მოვუყაროთ სხვადასხვა შეხედულებისა და მიდგომის კომპანიებს, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ იდეოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს, შეჯერდებიან გარკვეულ საკითხებზე და გააფორმებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს.

რამდენად არსებობენ კვალიფიციური კადრები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით? ხომ არ არის ესეც ერთ-ერთი პრობლემა, რატომაც ვერ აანალიზებს ბიზნესსექტორი კოსმოსის ათვისების მნიშვნელობას?
2017 წელს კოსმოსურ ინდუსტრიაში დასაქმებულ პროფესიონალთა რიცხვმა მსოფლიო მასშტაბით მილიონს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ინდუსტრიის განვითარებასთან და ზრდასთან ერთად კვალიფიცირებულ კადრებზე მოთხოვნა იზრდება და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში არსებობს ჩამორჩენა ამ კუთხით. თავისი საქმიანობით, გრძელვადიან პერსპექტივაში, „ალტარ ენტერპრაიზისი" მუშაობს ამ პრობლემისა და ჩავარდნის აღმოფხვრაზე.