''მინდოდა შემექმნა ნამუშევარი, რომელიც ადამიანს საკუთარ თავს დაანახებდა'' - ერეკლე წულაძე

"მზიურში" 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. ბავშვთა ქალაქ "მზიურში" 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა.

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება 2019 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიით, უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის, სრულფასოვანი, ნამუშევარი საქართველოში პირველად განთავსდა.

როგორი იყო "ბეგის" ქანდაკებაზე მუშაობის პროცესი და როგორ იღებს ინსპირაციას შემოქმედი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur "ბეგის" ავტორსა და მოქანდაკეს, ერეკლე წულაძეს ესაუბრა.

ერეკლე, როდის დაინტერესდით მოქანდაკეობით და ზოგადად, რა გაძლევთ ინსპირაციას?

მე დავიბადე ხელოვანების ოჯახში და წარმოვადგენ მოქანდაკეების მესამე თაობას. თავდაპირველად, ორი გამორჩეული ინტერესი მქონდა: ფეხბურთი და ხატვა/ძერწვა. თუმცა, ბავშვობიდან შემოქმედებით ოჯახს ვუყურებდი და სწორედ ამ გარემოცვამ და გენეტიკამ თავისი წვლილი შეიტანა ჩემი საქმიანობის განსაზღვრაში. როგორც ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, სამი წლიდან ვძერწავდი და მას შემდეგ, ასაკის ზრდასთან ერთად, მქონდა გამოფენები, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფესტივალში და ა.შ. ასევე, ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

გარდა ამისა, მქონდა და მაქვს სხვა გამორჩეული ინტერესებიც, მათ შორის: კულინარია, კინემატოგრაფია და მწერლობა. საბოლოო ჯამში, ეს ყველა ინტერესი შემოქმედებითობასთან ასოცირდება.

ინსპირაციას კი ყველა საქმეში, რასაც ვაკეთებ, მაძლევს - ყოველდღიურობა და ყოფითი ცხოვრება. თუნდაც, ეს საუბარი, შესაძლოა, გახდეს ახალი ნაწარმოების დაბადების საწინდარი.

ვინაიდან ინსპირაციას შევეხეთ, 13 ივნისის ტრაგედიაც ერთგვარი ნაწილი იყო იმ ყოველდღიურობისა, რამაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია თქვენში და რამაც მოგცათ საშუალება, შეგექმნათ 13 ივნისის სიმბოლოს, "ბეგის" ქანდაკება...

როდესაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, ამ პერიოდში ფეხის მოტეხილობის გამო სახლში მომიწია ყოფნა. ერთ კვირაში გამოვჯანმრთელდი და შევუერთდი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ 13 ივნისის მოვლენის შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. წარმოუდგენელი სურათი დამხვდა - ქალაქი სურეალიზმის ქაოსში იყო ჩაფლული.

ამის შემდგომ მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მეგობრის თხოვნით მივიღე მონაწილეობა. კონკურსის პეტიციის ავტორმა, მაია ჯამბაზიშვილმა, მითხრა, რომ ეს კონკურსი იყო საშუალება, გამოგვეყვანა საკუთარი თავი და საზოგადოება საყოველთაო ტრაგედიისგან. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, მიმეღო მონაწილეობა კონკურსში და შემექმნა ქანდაკების ესკიზი. გამარჯვების მოლოდინი არ მქონია, უბრალოდ შევქმენი ნამუშევარი, რომელიც ზუსტად გამოხატავდა ჩემს ემოციებს 13 ივნისთან დაკავშირებით.

ტექნიკურად და ემოციურად რამდენად რთული იყო ქანდაკებაზე მუშაობა?

ვთვლი, რომ არსებულ რეალობაში "ბეგის" ქანდაკება ერთ-ერთი რთული ნამუშევარია. ზოგადად, ეს ტექნოლოგიური ინდუსტრია საქართელოში არ არსებობს, ქანდაკება შანხაის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ გამოწვევებთანაც ასოცირდება. მიხარია, რომ, გარკვეულწილად, ამ ტექნოლოგიის პიონერი ვარ საქართველოში.

რაც შეეხება ემოციურ მხარეს, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა მომენტი, რაიმე საკითხზე, რაზეც ვმუშაობდი, ზედაპირულად შემეხედოს. აქედან გამომდინარე, "ბეგის" ქანდაკებაზე მუშაობის პროცესი ემოციურად საკმაოდ რთული იყო. მინდოდა შემექმნა ნამუშევარი, რომელიც ადამიანს საკუთარ თავს დაანახებდა. ტრაგედიის პერიოდში, ჩვენ, ყველანი ერთმანეთს ვხედავდით. საკუთარ თვალებში ვკითხულობდით ამ ტკივილს. ეს იყო უხმოდ გადაცემული ტელეპათიური ემოცია.

ერეკლე, საბოლოო ჯამში, რამდენი ხანი დაგჭირდა ქანდაკების სრულყოფისთვის?

ერთი კვირა დამჭირდა ესკიზის შემუშავებისთვის. საბოლოო ჯამში, პროექტში გამარჯვების შემდეგ, "ბეგის" ქანდაკების საბოლოო სახე ორ თვეში შევქმენით. დამატებით ერთი თვე პედესტალის განთავსებას დასჭირდა. პანდემიამ დიდი გავლენა იქონია მიმდინარე პროცესებსა და შეფერხებებზე.

როგორია ემოციურად დიდი შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნა? როგორც წესი, გჭირდებათ, თუ არა შემოქმედებითი შესვენება, სანამ ახალ კონცეფციაზე დაიწყებთ ფიქრს?

ზოგადად, ძალების აღდგენა და შემოქმედებითი დასვენება საჭიროა ყველა ხელოვანისთვის, თუმცა საქართველოში სამი მილიონი ვართ და ჩვენ, ისე, როგორც არასდროს, უნდა ვიმუშავოთ დაუღალავად, ჩავერთოთ გლობალურ და საერთაშორისო კონკურენციაში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ისრაელში მოქალაქეებს სიფხიზლის სინდრომი აქვთ და ცდილობენ, მუდამ გამოიღვიძოს ერმა და ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვმუშაობ ნამუშევარზე "ჩემი იერუსალიმი". შევქმნი ქანდაკებას პიროვნებისა, რომელსაც ექნება ებრაელების სახე და გამოხატავს მათ ეროვნულ ტრაგედიას.