You can be on Entrepreneur’s cover!

გიორგი ხუბუა - 27 წლის ქართველი სტარტაპერის წარმატება გერმანიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გერმანია ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიმართულებით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ხელშემწყობ აქტივობას იმდენად, რამდენადაც სტარტაპერები, გარდა ინოვაციურად გარდამტეხი ცვლილებებისა, ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობენ ხელს. არსებული მონაცემებით, გერმანია წარმატებული Tech-სტარტაპების რაოდენობით ევროპის ლიდერია, რასაც ცხადყოფს ფაქტი, რომ ქვეყანას უკვე ჰყავს ვენჩურული კაპიტალის მიერ მხარდაჭერილი, ათობით ე.წ. Unicorn-სტარტაპი − კომპანიები, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპ-ეკოსისტემაში დიდი წვლილი შეაქვს 27 წლის გიორგი ხუბუას.

რა გზა განვლო წარმატების მისაღწევად ახალგაზრდა სტარტაპერმა გერმანიაში და რა სახის ინოვაციურ ცვლილებებს გეგმავს გუნდთან ერთად? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur გიორგი ხუბუას ესაუბრა:

გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი გერმანული თავგადასავალი?
გერმანიაში ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში გადმოვედი ოჯახთან ერთად, ქალაქ იენაში. აქ დავამთავრე გიმნაზია და 2013 წელს გამოცდები ჩავაბარე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ახლაც მახსოვს, სამოტივაციო წერილში მივუთითე, რომ მინდოდა მეწარმე გავმხდარიყავი. ავირჩიე მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, რომელიც ძალიან კარგი სინთეზია იმისათვის, რომ გქონდეს წვდომა ორივე სამყაროზე.

უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 2017 წელს დავაარსე ჩემი პირველი სტარტაპი. ყველაფერი დაიწყო ორკვირიანი კურსის შემდეგ, რომელსაც Think. Make. Start ჰქვია. პროექტის მიზანია, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები დააკავშიროს ერთმანეთს, მოუყაროს თავი ერთ ღონისძიებაზე და მისცეს მათ შესაძლებლობა, 2 კვირის განმავლობაში შექმნან ფუნქცინიორებადი პროტოტიპი. ჩვენს გუნდს გაუჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ფიტნეს-სარკე SOLOS Mirrors, რომელიც ჩამონტაჟებული სენსორებით, დისტანციურად ზომავს მომხმარებლის მოძრაობებს, სარკის ზედაპირზე უჩვენებს მომხმარებელი სწორად ვარჯიშობს თუ არა. ჩავატარეთ მომხმარებელთა კვლევა, აქტიურად ვიმუშავეთ MVP-ის შექმნაზე და საბოლოოდ, ეს ღონისძიება მოვიგეთ. გუნდში იგრძნობოდა მოტივაცია და საერთო ძალისხმევით, აქტიური მუშაობა დავიწყეთ იდეის განვითარებაზე. მიუნხენის სამეწარმეო ცენტრმა მოგვცა პირველი პროტოტიპის გრანტი და აღნიშნული ინვესტიციით განვავითარეთ არსებული პროტოტიპი. ამის შემდეგ, გავგზავნეთ აპლიკაცია ISPO-ზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ სპორტულ გამოფენას წარმოადგენს. მათ ჰქონდათ ღონისძიება სტარტაპერებისთვის, სადაც დაგვთანხმდნენ მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის იანვარში მოვიგეთ ISPO-ს Brand New Digital Award 2017-ის ჯილდო. რა თქმა უნდა, ამ წარმატებამ უდიდესი მოტივაცია მოგვცა, მით უფრო, რომ იმავე პერიოდში ასევე მიგვიღეს გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ აქსელერატორში − TechFounders. აქსელერაციის ფარგლებში დავიწყეთ კოოპერაცია Adidas-თან, რომელმაც მცირე დაფინანსებაც მოგვცა პატენტის დასარეგისტრირებლად, ფირმის დასაარსებლად და პროტოტიპის გასაუმჯობესებლად.

რამდენიმე თვეში ავიღეთ პირველი ინვესტიცია და მოგვეცა იმის საშუალება, რომ პროდუქტი დიდი ნაბიჯებით წინ წაგვეწია. წარმატებებთან ერთად უამრავი წინაღობაც გვქონდა, თუმცა შევძელით ის, რომ 2020 წლის თებერვალში კომპანია მივყიდეთ სტრატეგიულ პარტნიორს − ფიტნეს-ტრენაჟორების მწარმოებელ გერმანულ კომპანიას.

სამეწარმეო სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, დავიწყე ლექციების წაკითხვა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, გავხდი მენტორი რამდენიმე საერთაშორისო აქსელერატორში, ჩავერთე რამდენიმე პროექტსა თუ ფირმაში, როგორც მეწილე, და ამჟამად ვმუშაობ ახალ სტარტაპზე ბიოტექნოლოგიების მიმართულებით.

რა მოგცათ ფიტნეს-სტარტაპზე მუშაობამ? გაგზარდათ თუ არა, როგორც სტარტაპერი?
უპირველესად, გუნდის მნიშვნელობა სხვანაირად გავიგე. ამ გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ მირჩევნია დადებით გუნდთან ერთად გავკოტრდე, ვიდრე ცუდ გუნდთან ერთად გავხდე წარმატებული. დადებით გუნდში კონკრეტულად ვგულისხმობ ტრანსპარენტულ, მიზანდასახულ, პროფესიულ და შეთანხმებულ ურთიერთობას თანადამფუძნებლებს შორის. გუნდის სტაბილურობას, ერთობლივ მიზანს, მისიასა და ღიაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სტარტაპში გარედან ყველაფერი დადებითად ჩანს, თუმცა საბოლოო ჯამში, ძალიან რთულია იდეაზე ნულიდან მუშაობა. მოგეხსენებათ, იყოთ დამფუძნებელი, ნიშნავს ყოველდღიურად გაუმკლავდეთ პრობლემებს და საკუთარ თავზე აიღოთ დიდი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერს დიდი დატვირთვა აქვს ემოციური თვალსაზრისით − თანდაყოლილი უძილო ღამეებით და ა.შ. შესაბამისად, საჭიროა გუნდი იყოს ერთად შეკრული, რათა საერთო ძალისხმევით გადალახოთ ყველა წინაღობა. დამფუძნებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველანი "ერთ ნავში სხედან", შესაბამისად, ერთად უნდა იმუშაონ პრობლემების გადასაჭრელად. დამფუძნებლებს შორის პერსონალურ კონფლიქტებს არაფერი დაჰკარგვია სტარტაპში.

მეორე პუნქტად დავასახელებდი ბაზრისა და Stakeholder-ების სიღრმისეული ანალიზის მნიშვნელობას. საჭიროა დამფუძნებელმა გააანალიზოს ბაზრისა და მისი პროცესების ნიუანსები, თითოეული Stakeholder-ი, მათი მოტივაცია, გავლენა, მენტალიტეტი და ა.შ. ამავდროულად საჭიროა დამფუძნებელმა გაარკვიოს ნამდვილად ჭრის თუ არა მისი პროდუქტი რეალურ პრობლემას, რა არის კონკრეტული Accepted Customer Benefit და საბოლოო ჯამში, მიაღწიოს Product Market Fit-ს. როგორც წესი, ახალგაზრდა კომპანიები იშლებიან ან გუნდის პრობლემების, ან Product Market Fit-ის არქონის გამო − ანუ ქმნიან პროდუქტს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბაზარს და არ ან ვერ ჭრის რეალურ პრობლემას. Fit-ის პოვნა საკმაოდ რთულია და ამიტომ საჭიროა მისი დროული მოძებნა. მე ვფიქრობ, ამისთვის საჭიროა საკუთარი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა. ეს ყველაფერი ასევე დაგეხმარებათ MVP- ის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან დამეხმარა ამაში. მაგალითად, ერიკ რისის წიგნი − The Lean Startup.

რასაკვირველია, კომპანიის დამფუძნებლობით იზრდები პიროვნულადაც. სწავლობ დროის მენეჯმენტს, ადამიანებთან კომუნიკაციას, სტრესის მენეჯმენტს, საკითხების პრიორიზებას, პრობლემების გადაჭრას, ნეთვორქის ღირებულებას, რაციონალურობას, ემოციების კონტროლს, პირდაპირობას, სტრატეგიულ ფიქრს და ასე შემდეგ. დამფუძნებელმა უნდა გაითავისოს, რომ ის არის პასუხისმგებელი კომპანიისა და მისი თანამშრომლების ბედზე, შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებში არ უნდა აჩვენოს სისუსტე, უნდა იყოს მიზანდასახული და თავდაჯერებული.

გიორგი, რატომ აირჩიეთ ბიოტექნოლოგიების სფერო?
ზოგადად, ვიტყოდი, რომ ძალიან მსიამოვნებს პრობლემის გადაჭრაზე, ახალ პროდუქტსა და კომპანიაზე მუშაობა. როდესაც ჩართული ხართ მსგავს პროცესებში, თითოეული დღე განსხვავებულია, გამოწვევებით სავსე, საინტერესო, და დატვირთული. ფაქტობრივად, ყოველდღე გრძნობთ, რომ ცხოვრობთ. პაუზის დროს, რომელიც მქონდა პირველი სტარტაპიდან მეორემდე, სწორედ ეს გრძნობები მენატრებოდა. შესაბამისად, პირველი კომპანიის გაყიდვის შემდეგ, ძალიან მალე გამიჩნდა სურვილი კვლავ ოპერატიულად ჩავრთულიყავი სამეწარმეო ეკოსისტემაში. მოგეხსენებათ, იდეები უამრავია, მთავარია მათი იმპლემენტირება. ამიტომაც დავიწყე რამდენიმე იდეაზე მუშაობა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდი ჩემს ამჟამინდელ თანადამფუძნებელს, რომელმაც მითხრა, რომ მუშაობს იდეაზე ბიოტექნოლოგიების განხრით და შემომთავაზა თანადამფუძნებლობა. როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ბიოტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, წარმოვიდგინე, რომ არსებობს შანსი, 10 წელიწადში ქუჩაში შევხვდე ადამიანს, რომელიც ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად არის ცოცხალი ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს. გავეცანი რა იდეასა და ბაზარს, გადავწყვიტე ჩავრთულიყავი. ბიოტექნოლოგიებს, ფარმაინდუსტრიასა და მედიცინას, ჩემი გადმოსახედიდან, სიცოცხლეზე დამოკიდებული ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა აქვს. საკმაოდ სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც იცი, რომ ღირებულ თემაზე მუშაობ. თემაზე, რომელიც ადამიანებს დაეხმარება.

გუნდი როგორ გყავთ დაკომპლექტებული?
ძირითად გუნდში ვართ ორი ბიოლოგი − ერთი ელექტროინჟინერ-ინფორმატიკოსი და მე − ელექტროინჟინერ-ბიზნესადმინისტრატორი. გუნდი საკმაოდ გამოცდილი და ნდობით აღჭურვილია. ყველა საჭირო რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ პროექტი განვავითაროთ და ინვესტორებისთვისაც საინტერესო ბენეფიციარი ვიყოთ.

რამდენად დიდი შესაძლებლობა არსებობს გერმანიაში ბიოტექნოლოგიებით დაინტერესებული ინვესტორების კუთხით? ასევე, გარდა კერძო სექტორის ხელშეწყობისა, არსებობს თუ არა სახელმწიფო გრანტები?
გერმანიამ, უკანასკნელ წლებში, სერიოზული მუშაობა გასწია სტარტაპების დასაფინანსებლად. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, მათ შორის: EXIST-ის. მის ფარგლებში, სამკაციანი გუნდი ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 130 000 ევროს იღებს. მასში შედის ხელფასების დაფინანსება, მენტორების მოძიება, ადვოკატების დაფინანსება და პროდუქტის განვითარება.

რაც შეეხება უშუალოდ ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო გრანტებს, არსებობს შესაძლებლობები, რომელიც ფოკუსირებულია სწორედ ამ დარგზე, მაგალითად: GO-Bio, WiP+ და სხვა. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებსა და მეცნიერებს აძლევს საშუალებას, მიიღონ დაფინანსება იმისათვის, რომ ვალიდირება გაუკეთონ ბაზარს, განავითარონ საკუთარი ტექნოლოგია და სხვა.

გიორგი, საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ პირველი სტარტაპიდან მეორე სტარტაპამდე. ამ გადმოსახედიდან, რას გააუმჯობესებდით პირველ სტარტაპში?
მეტ ყურადღებას მივაქცევდი ToDo-ების დაგეგმვასა და მათ პრიორიზებას, უშუალოდ გუნდს, მის ტრანსპარენტულობასა და მუშაობის დისციპლინას, დავალებებისა და პასუხისმგებლობების სწორ, შეთანხმებულ და ფოკუსირებულ გადანაწილებას. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, ინდუსტრიის პროცესების კარგ ცოდნას, პოტენციური კლიენტებისა და მათი ინტერესების უკეთ გაცნობას და რაც მთავარია, ფოკუსს ერთ იდეაზე, სეგმენტზე და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია Product Market Fit-ისა და MVP-ის დროული იდენტიფიკაცია. აღარაფერს ვამბობ Pitch Deck-სა და ბიზნესგეგმის ხარისხზე. მე რომ ჩემს 4 წლის წინ გაკეთებულ Pitch Deck-ს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.

როგორ ხედავთ თავს ბიოტექნოლოგიების სფეროში? არის ეს ის სფერო, რაშიც ბოლომდე დაიხარჯებით?
ვფიქრობ, ინდუსტრიისგან დამოუკიდებლად უმჯობესია მეწარმემ გააკეთოს ფოკუსი ერთ კონკრეტულ თემაზე თუ კომპანიაზე და მაქსიმალურად დაიხარჯოს მისი იმპლემენტირებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო, თუმცა ეს ჩემი აზრია. ჩემთვის არა მარტო ბიოტექნოლოგიების, არამედ ნებისმიერი სფერო ახალი შესაძლებლობებით არის აღსავსე. აქედან გამომდინარე, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად დავიხარჯები იდეის ბოლომდე მიყვანაში − მით უმეტეს, როდესაც მსგავს სენსიტიურ თემას ეხება საქმე. მეტიც − ვიტყოდი, რომ სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

ინვესტორებთან მიმართებით როგორი მიდგომები გაქვთ? გირჩევნიათ გყავდეთ ინვესტორი-ქოუჩი, რომელიც ეტაპობრივად ერთვება თქვენს საქმიანობაში, თუ ინვესტორი, რომელიც დიდ ინვესტიციასა და მაქსიმალურად დიდ თავისუფლებას მოგცემთ?
ვფიქრობ, საწყის ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. Smart Money − ინვესტორი, რომელიც რჩევებსა და გამოცდილებასაც მოგცემს. ხშირ შემთხვევაში, ცოდნა ბევრად ღირებულია, ვიდრე თანხა, რომელსაც ინვესტორი აბანდებს.

რაც შეეხება თავისუფლებას, ჩემი აზრით ეს საკმაოდ ფარდობითია. ინვესტორთა უმეტესობა, მით უმეტეს Series A, B და ა.შ. ფაზაში, ითხოვს სისტემატურ update-ებს, რეპორტებს. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, აქტიურადაც შეიძლება ჩაერთონ გარკვეულ საკითხებში, მოგცენ რჩევები, შენიშვნები და ა.შ. საბოლოოდ, ყველა ინვესტორს სურს, სტარტაპი, რომელშიც თანხას აბანდებს, წარმატებული იყოს. მაგრამ საჭიროა დამფუძნებლებს ჰქონდეთ თავისუფლება, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი ყველაზე უკეთ ერკვევიან შიდა საკითხებში და საბოლოო ჯამშიც პასუხისმგებლები ისინი არიან.

ზოგიერთი სტარტაპი ცდილობს, იდეის მითვისებისგან თავის დაღწევის მიზნით, საჯაროდ არ გამოიტანოს იდეა, რომელიც ბოლომდე არ აქვს დასრულებული. თქვენს გუნდს ამ მხრივ როგორი მიდგომა აქვს?
სხვათა შორის, ეს შეკითხვა ხშირად მომისმენია. ჩემი დამოკიდებულება ასეთია: საწყის ეტაპზე, როდესაც პროდუქტი არაა საბოლოოდ ჩამოყალიბებული, არ არის სავალდებულო სრული იდეა ფართო მასას გაუზიაროთ. მაგრამ იდეის დახვეწისთვის, ვალიდირებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა თუ ინვესტორების მოზიდვისათვის და თანადამფუძნებლების გაცნობისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა თქვენი იდეის გარკვეული დოზით პრეზენტირება. რადიკალური გასაიდუმლოებით, იდეას, ფაქტობრივად, თქვენს თავს უნახავთ და პროგრესი რთული იქნება. დაზღვეულნი არც იდეის სრულყოფის შემდეგ ვართ. შესაძლოა, დიდმა კორპორაციამ მოინდომოს და გარკვეულ შემთხვევებში, მოკლე ვადაში შექმნას იდენტური პროდუქტი. აქედან გამომდინარე, სტარტაპ-რადარზე გამოჩენა მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუმცა სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, სტარტაპმა თავად უნდა გადაწყვიტოს, უღირს ამ რისკზე წასვლა თუ არა. იმის არჩევა, თუ რა სახით გაიტანთ თქვენ იდეას და კონკრეტულად რომელ დეტალებს გაასაჯაროებთ, საკმაოდ ინდივიდუალურია და იდეაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ჩვენს შემთხვევაში ამ ეტაპზე საჯაროდ შედარებით მცირე დეტალების პრეზენტირებას ვახდენთ. რასაკვირველია, სამომავლოდ ეს შეიცვლება. დღეისათვის ბიზნესპარტნიორებთან, კლიენტებთან თუ ინვესტორებთან ყურადღებას ვამახვილებთ ზოგადად კონცეპტზე და მის დადებით მხარეებზე − არავითარ შემთხვევაში არ ვუღრმავდებით უშუალოდ ტექნოლოგიის ბირთვს. მართალია ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა განსხვავებები კონკურენტებისგან და ა.შ., მაგრამ უშუალოდ ტექნოლოგიის პრინციპსა და ფუნდამენტს არ ვახსენებთ. რასაკვირველია, ინვესტორებთან სიღრმისეული მოლაპარაკების დროს კეთდება ე.წ. Due Diligence, სადაც გაცნობა ხდება ტექნოლოგიასთანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელია მოწერილი გაუთქმელობის შეთანხმებაზე და ეს პროფესიულ დონეზე ხორციელდება.

გიორგი, მივუბრუნდეთ ბიოტექნოლოგიების სფეროს. რამდენად რთულია დააპატენტოთ თქვენი პროდუქტი გერმანიის ბაზარზე და რამდენად იცავს ის ინტელექტუალურ საკუთრებას?
პატენტის მონიჭება გერმანიასა თუ ევროკავშირში რამდენიმე ასპექტზეა დამოკიდებული: უპირველესად, ეს უნდა იყოს გამოგონება, უნდა ჰქონდეს პოტენციალი სამრეწველო გამოყენებადობის; გამოგონება უნდა იყოს ახალი, ანუ არ უნდა ეკუთვნოდეს State of the Art-ს და უნდა ეკუთვნოდეს ახალი გამოგონების კატეგორიას, ანუ კონკრეტული სფეროს ექსპერტისთვის არსებულ ტექნოლოგიებსა თუ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ უნდა იყოს ცხადი. ამ პარამეტრების დაკმაყოფილება არ გახლავთ მარტივი და მოითხოვს სწორი სტრატეგიის შემუშავებას. ამისათვის საჭიროა გარკვევა იმისა, თუ რამდენად დაპატენტებადია თქვენი გამოგონება, საჭიროა სხვა პატენტების სიღრმისეული ანალიზი, გასათვალისწინებელია პატენტის მასშტაბი, პატენტის ტიპი, სამომავლო დაცვის სტრატეგია, პოტენციური შენიშვნები, რისკ-ფაქტორები და სხვა.

თუკი გამოგონებას მიენიჭა პატენტი და ეს გახლავთ მასშტაბური თუ ძლიერი, რასაკვირველია თქვენი პოზიცია ბაზარზე ძლიერდება და კომპანიის ღირებულებაც იზრდება. ამავდროულად, დაპატენტების პროცესში თქვენს განაცხადს ენიჭება Pending-ის სტატუსი, ანუ პატენტი ანალიზის პროცესშია და ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ ინვესტორებთან მოლაპარაკების დროს, სფეროდან გამომდინარე, Pending-სტატუსის მქონე პატენტმა შესაძლოა კარგი შთაბეჭდილება დატოვოს − იმისგან დამოუკიდებლად, დაპატენტდება თუ არა საბოლოო ჯამში გამოგონება.

თუმცაღა, იდეის დაპატენტება დიდ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ არის, რომ პატენტების სტრატეგია ხშირად საკმაოდ კონტრავერსული საკითხია. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მოგენიჭათ შედარებით შეზღუდული მასშტაბის პატენტი, რომელიც არ გახლავთ ძლიერი და ხარისხიანად ვერ იცავს თქვენს ტექნოლოგიას, პატენტს შესაძლოა გვერდი აუაროს კონკურენტმა ფირმამ მინიმალური ცვლილებებით. სწორედ ამიტომ, მაღალი რისკიდან გამომდინარე, ბევრი ინვესტორისგან თუ კორპორაციისგან მომისმენია, რომ ურჩევნიათ უფრო დიდი ფოკუსი გამახვილდეს ტექნოლოგიისა და ზოგადად Knowhow-ს განვითარებაზე, ვიდრე სუსტ პატენტებზე, რომლებიც ფირმას ღირებულს ვერაფერს შესძენენ, მაგრამ დიდი დროისა და ხარჯის ინვესტიციას მოითხოვენ.

გიორგი, როგორც ახსენეთ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი ბრძანდებით. რამდენად არის დაინტერესებული ახალი თაობა სამეწარმეო ეკოსისტემის კუთხით?
ბოლო ოთხ წელიწადში, ახალი თაობის ინტერესი სამეწარმეო ეკოსისტემაში ნამდვილად გაიზარდა, რაც გერმანიისა და კერძოდ, მიუნხენის ეკოსისტემის დამსახურებაცაა. დაბალი კურსის სტუდენტებიც კი უკვე სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებენ, იქნება ეს იდეების, პრეზენტაციისა თუ ბიზნესმოდელის ხარისხი. სტარტაპების მიმართულებით ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ და ვორქშოფები, Networking-ღონისძიებებიც უფრო ხშირად ტარდება. დღესდღეობით, გერმანიაში სტარტაპის ბევრი დამფუძნებელია და დამწყებ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ მათ პირადად, მიიღონ რჩევები და აქტიურად იმუშაონ სტარტაპის განვითარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი