გოგიტა ჩიკვაიძის გზა CONTACT-ამდე

"აზრის გაჩენის პირველსავე დღიდან საკუთარი თავი მხოლოდ ამ სფეროში წარმომედგინა"

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერების წარმატებას ხშირად განაპირობებს თავდაუზოგავი შრომა, საქმისადმი სიყვარული და განვითარების სწრაფი ტემპი. ამ ყველაფერს თითქოს ლოგიკურად მივყავართ მიღწეულ მიზნამდე, რომელსაც ერთი მხრივ აღიარება, მეორე მხრივ კი ახალი მიზნების დასახვა მოჰყვება. საქართველოში პირველი ვიდეოკონტენტ-სააგენტო CONTACT-ის დამფუძნებელ გოგიტა ჩიკვაიძის გავლილ პროფესიულ გზაში ნათლად ჩანს ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ერთი შეხედვით მარტივი მოწოდება − თუ საქმეს მთელი გულითა და მონდომებით აკეთებ, აუცილებლად აღწევ სასურველ შედეგს. გრძელი და გამოწვევებით სავსე გზაზე, თვითმოტივაციასა და მიღებულ გამოცდილებებზე, გოგიტა Entrepreneur-ის მკითხველს უყვება.

ადრეულ ასაკში მიღებული გადაწყვეტილება და პირველი შესაძლებლობა

"
აზრის გაჩენის პირველსავე დღიდან საკუთარი თავი მხოლოდ ამ სფეროში წარმომედგინა", − ასე უპასუხებს გოგიტა ჩიკვაიძე შეკითხვას მთავარ გავლენაზე, რომელმაც მისი ვიდეოფროდაქშენში საქმიანობა განაპირობა. ბავშვობიდან ეძებდა შესაძლებლობებსა და გამოცდილებებს, ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც ამ სფეროში ცოდნის მიღებასა და გზის გაკვლევაში დაეხმარებოდა. ტელე-კინოსარეჟისორო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი სრულად იზიარებდა ჯეიმს კამერონის ცნობილი ფრაზას: Pick up a camera. Shoot something. No matter how small, no matter how cheesy, no matter whether your friends and your sister star in it. ამასობაში, კონკურსის "ჰოლივუდი საქართველოში" შესახებ შეიტყო და მეგობრებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. სწორედ კინოჩვენების დღეს მიიღო პირველი შემოთავაზება და ტელევიზიაში სტაჟიორად აიყვანეს.

"რუსთავი 2"-ში გატარებული 4 წლის განმავლობაში, კოქტეილის სახით გავსინჯე ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ერთობლიობაში ფროდაქშენის სისტემის აღქმის გემოს ქმნის. ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის: რეჟისორის ასისტენტი, ოპერატორი, დამდგმელი ოპერატორი და რეჟისორი. ტელევიზიაში მომეცა და გამოვიყენე შესაძლებლობა გავცნობოდი იმდენ მიმართულებას, რამდენიც მომინდებოდა, სურვილის შემთხვევაში გამეთენებინა ღამეები და მესარგებლა მისი რესურსებით. რაც მთავარია, "რუსთავი 2"-ში მუშაობა დამეხმარა გავმხდარიყავი მულტიფუნქციური, რაც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია ჩემი დღევანდელი საქმიანობისთვის. "რუსთავი 2" იყო იმ კიბის პირველი საფეხური, რომელზეც დღემდე ვაგრძელებ მოძრაობას", ამბობს გოგიტა.

ტელევიზიაში გატარებული დრო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარებისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ პირველკურსელმა გოგიტამ, დაინახა მიზნებსა და შესაძლებლობებს შორის არსებული სივრცე. "როცა პირველი დავალება მივიღე, რომლის შესრულების უნარიც ჯერ არ გამაჩნდა, აღმოვჩნდი "მინდა"-სა და "შემიძლია"-ს შორის, სადაც ერთი მხრივ კარიერა დავინახე, მეორე მხრივ კი მთელი ცხოვრება. მაშინ მივხვდი, რომ ხანდახან საჭიროა გადახტე, ვიდრე მზად იქნები. დატოვო კომფორტის ზონა და მიზანმიმართულად შეუქმნა საკუთარ თავს დისკომფორტი იმისათვის, რომ გაიზარდო, განვითარდე და ამ პროცესის ტემპი არ შეანელო", ამატებს გოგიტა.

ახალი გამოწვევები და ღირებული პროფესიული გამოცდილება

ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, ახალმა გამოწვევებმა და შესაძლებლობებმაც არ დააყოვნა და გოგიტამ კინომწარმოებელ კომპანია Sarke Studio-სთან დაიწყო თანამშრომლობა. აქ დოკუმენტური მიმართულების ხელმძღვანელის როლი მოირგო და როგორც თავად ამბობს, ყველაზე ღირებული გამოცდილება მიიღო. თუმცა, მისთვის ეს პერიოდი გახდა საშუალება, აღმოეჩინა სრულიად სხვა სამყარო − საერთაშორისო სარეკლამო და კინოინდუსტრია. "სარკეში მუშაობისას მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ისეთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ნაწილი, როგორიცაა: Berlinale, Festival de Cannes და American Film Market. აქ მივიღე ის ცოდნა და გამოცდილება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება", აღნიშნავს გოგიტა.

პარალელურად გოგიტამ საქართველოში ლიდერ კომპანიებში გააგრძელა მუშაობა, როგორც სააგენტოს, ისე კლიენტის მხარეს. ჯერ კრეატიულ სააგენტო Redberry-ის გუნდს შეუერთდა და GWP-ის ცნობილი კამპანიის Thirsty Tags შექმნაში ჩაერთო. მოგვიანებით "საქართველოს ბანკის" მარკეტინგის გუნდისგან მიღებულ შეთავაზებას დათანხმდა და ფილმმეიქერად დაიწყო მუშაობა. ამასობაში, კერძო შეკვეთებმაც იმატა, ფრილანსერობა უფრო და უფრო საინტერესო გახდა გოგიტასთვის და საქართველოში პირველი ვიდეოკონტენტ სააგენტო CONTACT-ის შექმნის იდეაც დაიბადა.

CONTACT ახალი სიტყვა ქართულ ვიდეოფროდაქშენში

ვიდეოფროდაქშენში მიღებულმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ 26 წლის ასაკში გოგიტა ჩიკვაიძე საკუთარი ვიდეოკონტენტ-სააგენტოს დაფუძნებამდე მიიყვანა. მომსახურებაზე, რომელსაც CONTACT კლიენტებს სთავაზობს, თავისთავად არის მოთხოვნა ბაზარზე, რადგან ვიდეო არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტუმენტი. თუმცა სააგენტოს შექმნის იდეა არათუ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ განსხვავებული გამოცდილების შექმნასა და ახალი სიტყვის თქმას ემსახურება.

"CONTACT-ის გუნდი იზიარებს მთავარ მიზანს: ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ვიდეოკონტენტს, რომელიც მიიტანს მესიჯებს მაყურებლამდე, არამედ ვეძებთ და ვპოულობთ კონკრეტული ამოცანის გადაჭრის მაქსიმალურად ეფექტურ გზებს, ვამკვიდრებთ ტრენდებს ბაზარზე და წვლილი შეგვაქვს სფეროს განვითარებაში. ჩვენ ერთნაირი ძალისხმევით და სრული პასუხისმგებლობით ვმუშაობთ როგორც პატარა, ასევე დიდბიუჯეტიან პროექტებზე, კომპრომისის გარეშე ვახერხებთ განსაზღვრულ ბიუჯეტში ამოცანის შესრულებას. გვეამაყება, რომ CONTACT კლიენტებისთვის არა მხოლოდ კონტრაქტორ სააგენტოდ, არამედ სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა. ამ ნდომის შენარჩუნებისა და გამართლებისთვის კი, თავდაუზოგავად ვმუშაობთ და ვაგრძელებთ განვითარებას", − ამბობს გოგიტა.

სულ ერთი წლის სააგენტო უკვე 500-მდე შექმნილ ვიდეოს ითვლის, წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კერძო თუ საჯარო სექტორთან და გამოცდილი პროფესიონალების სახით აერთიანებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც ვიდეოს იდეის გაჩენიდან საბოლოო შედეგის მიღებამდეა საჭირო.

მამოძრავებელი ძალა

ანტრეპრენერებს, ან ადამიანებს წარმატების ისტორიებით, ხშირად ეკითხებიან რა არის მათი მამოძრავებელი ძალა, საიდუმლო, ფორმულა და სხვ. შეკითხვას შესაძლოა მრავალგვარი ფორმა ჰქონდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გვინდა მოვისმინოთ, რა არის ის მთავარი, რასაც მიღწეულ მიზნებამდე მივყავართ.

"ცხადია, წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა მე ნამდვილად მჯერა Cause and Effect-ის. ვფიქრობ, შრომის, საქმისადმი სიყვარულისა და საკუთარი თავის რწმენით აუცილებლად მიაღწევ მიზანს. თუმცა, უდიდესი მონდომებისა და გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, ვფიქრობ ყოველთვის გამარჯვებას არ უნდა ველოდოთ, არამედ მზად ვიყოთ მარცხისთვის, რომელიც ხშირად წარმატებაზე ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს. გამოწვევები, მარცხები და სირთულეები ამ გზის თანმდევი ფაქტორებია, რომლებიც საბოლოოდ გამოცდილებად გარდაიქმნება და მომავალი შეცდომებისგან თავის არიდების შანსს გვაძლევს. მე მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში უსაზღვრო შესაძლებლობებია, რომელიც უნდა ვეძებოთ და აუცილებლად ვიპოვით. ყველასთვის ცნობილია, რომ ენერგია არ იკარგება, ის უბრალოდ სხვა ენერგიის სახეს იღებს. ჩემი გამოცდილებით კი საქმეში ჩადებული ენერგია ხან წარმატების, ხან გამართლების და ხანაც ახალი ძალების შეძენით გვიბრუნდება", − ამბობს გოგიტა ჩიკვაიძე.