გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიმდინარე წლის გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, თიბისი ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, თიბისი კონცეპტის შენობაში გაიმართა, ექვს ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

Entrepreneur-ს სურს წარმოგიდგინოთ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები ნომინაციების მიხედვით და უკეთ გაგაცნოთ ის ადამიანები, თუ კომპანიები, რომლებსაც ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მომავლის ლიდერი ქალი - მარიამ შარანგია

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი მარიამ შარანგია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. ამ მიმართულებით გატაცებამ იგი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯამდე მიიყვანა, სადაც მარიამმა ინფორმაციული მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მალევე, იგი ერთ-ერთი ბრიტანული სტარტაპის - Vieni-ს გუნდს შეუერთდა, სადაც ბიზნესის განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის კოორდინაციის მიმართულებით ოპერირებდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მარიამმა ბრიტანეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზაციისათვის საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა და GITA-ს გუნდს შეუერთდა. აქ მან არაერთი მნიშვნელოვანი IT-პროექტი განახორციელა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების პროცესში ჩაერთო. "შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო უამრავი ტრენინგის ორგანიზებაში ICT მიმართულებით, ჰაკათონების, სტარტაპების დაფინანსების კონკურსების და STEAM ბანაკების უფროსკლასელთათვის, რის შედეგადაც სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც მზად იყვნენ STEAM მიმართულებით გაეგრძელებინათ თავიანთი კარიერული გზა 124%-ით გაიზარდა. GITA-ში მუშაობის ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, მქონდა ბედნიერება ჩემ მიერ შემუშავებული პროექტებით 300 ათასამდე ქართველს დავხმარებოდი, მათთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის საწყისების გაცნობით", - აცხადებს მარიამ შარანგია.

2020-2021 წლებში, მარიამი "ფულბრაითის" სტიპენდიატი გახდა და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა როჩესტერის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც აქტიურად მონაწილეობს სტარტაპ ინკუბატორ პროგრამებში და დამწყებ სტარტაპერებს პროდუქტის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე გასვლის შესახებ უზიარებს რჩევებს.

"როგორც ფემინისტისთვის, ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული წონასწორობის შენარჩუნება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამსახურის პარალელურად დროს ვუთმობ Forbes Women Georgia-ში კონტრიბუტორის რანგში ჩართულობას, ხოლო სულ ახლახან, Women in Tech-ის პროგრამის ხელმძღვანელიც გავხდი. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ქალები ტალანტის უმსხვილესი გამოუყენებელი რეზერვუარია მსოფლიოში. ჩემი ჩართულობა ორივე ზევით აღნიშნულ პროექტში ხელს შემიწყობს ჩემი შეხედულება უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო და ტექნოლოგიურ სამყაროს სულ სხვა კუთხით ვუყურო", - ამბობს მარიამ შარანგია.

ICT სფეროს ჩემპიონი - ნანა დიხამინჯია

ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც აქტიურადაა ჩართული ICT სფეროში. მას საერთაშორისო მასშტაბის პროექტებზე მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა აქვს, რასაც ნანა საქართველოში ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების, ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების შექმნისა და მათი გაძლიერებისათვის მაქსიმალურად იყენებს. ნანა დიხამინჯიას აქვს დოქტორის ხარისხი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი, ისევე როგორც პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი წარმატებით ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, ისევე როგორც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების კუთხით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნანა დიხამინჯიამ ბევრი პროექტი განახორციელა მოსწავლეებისა და სტუდენტების ციფრული განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების სფეროში.

სხვადასხვა დროს, ნანა დიხამინჯია გახლდათ პროექტების მენეჯერი, კონსუტანტი, მკვლევარი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი და ანალიტიკოსი ICT-სთან დაკავშირებული 20-ზე მეტი პროექტისთვის. მისი ნამუშევრები წარდგენილია 30-ზე მეტ კონფერენციაზე მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, ნანას ეკუთვნის 26 სამეცნიერო სტატია და რეცენზია სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალისთვის.

ნანა დიხამინჯიას მიერ განხორციელებულმა პროექტებმა STEM სფეროთი 3000-ზე მეტი ქართველი სტუდენტი დააინტერესა. ასევე იგი 60-მე ჰაკათონის, სტარტაპ კონკურსისა თუ აქსელერატორის ჟიურის წევრი და მენტორი გახლავთ და უმუშავია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Impact Hub, განათლების სამინისტრო, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ა.შ. ნანა დიხამინჯია გახლავთ რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრიც, მათ შორის IEEE, AMS, Women in Engineering და Internet Society. დღეს იგი ხელმძღვანელობს საქართველოს ინტერნეტ-საზოგადოების განათლებისა და მეცნიერების ჯგუფს, ხოლო მისი საგანმანათლებლო საქმიანობისათვის იგი 2021 წელს IEEE STEM-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ტექნოლოგიური სტარტაპი - B2C.ge

B2C.GE გახლავთ ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მარტივად და დამოუკიდებლად, სულ რაღაც 5 წუთში შექმნან საკუთარი ონლაინმაღაზია და დაიწყონ ვაჭრობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. B2C.GE მოიცავს ონლაინბიზნესისთვის საჭირო ყველა კომპონენტს − დაწყებული ინტეგრირებული ონლაინ გადახდებით და სხვადასხვა მარკეტინგული ხელსაწყოებით, დამთავრებული მარაგების მართვისა და მიწოდების სერვისებით.

დღესდღეობით, B2C.ge უკვე 43 თანამშრომელს აერთიანებს, რომელთაგან 18 ქალია. პლატფორმის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 500-ს აღემატება. B2C-ის მიერ მოზიდულმა ინვესტიციამ $400 000-ს გადააჭარბა, ხოლო პლატფორმის საშუალო წლიური ბრუნვა $350 000-ს შეადგენს.

"უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გრეის ჰოპერის ჯილდოს მიღება და ფინალისტად ყოფნა. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ ნამდვილად ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არამარტო ჩვენი კომპანიისთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვქმნით ჯანსაღ გარემოს და თანაბარ შესაძლებლობებს, როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის, საიმისოდ, რომ ისინი ძალიან მარტივად დაუახლოვდნენ ტექნოლოგიებს. ჩვენი ძალისხმევის დაფასება და მსგავსი პრესტიჟული ჯილდოს მიღება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს B2C-ის დამფუძნებელი, ქეთი ვაჩიბერიძე.

ქალების გაძლიერების პროგრამა - "ჩართე"

საქველმოქმედო პლატფორმა - "ჩართე" (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.

პლატფორმა მონაცემთა სრული გამჭვირვალობის გარანტიას იძლევა დაინტერესებული პირებისათვის. თითოეული პროექტი, დონორი, პარტნიორი, ღირებულება თუ თითოეული მოსწავლის ისტორია საიტზეა ხელმისაწვდომი. დონორები ყოველთვიურ რეჟიმში იღებენ დეტალურ ანგარიშს, მათ მიერ შეწირული თანხის გახარჯვის და როგორც მოსალოდნელი, ისე ფაქტობრივი შედეგების შესახებ.

Charte.ge ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება როგორც დევნილ, ისე სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს, რათა მათ მიიღონ როგორც ინტერნეტთან წვდომა, ისე ტექნიკური აღჭურვილობა და საგანმანათლებლო რესურსების ფართო სპექტრი პარტნიორი ორგანიზაცია EdTech-ისაგან. "ჩართე" სოციალურად დაუცველ უფროს კლასელებსაც ეხმარება, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ განათლების მიღება და სამომავლო კარიერული გზის დაგეგმვა.

დღესდღეობით, პროექტში საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრები 1050 გოგონაა ჩართული; 2000-მდე მოსწავლემ მიიღო წვდომა ინტერნეტთან, პერსონალურ კომპიუტერთან და საგანმანათლებლო რესურსებთან; 500-მდე გოგონამ გაიარა ტრენინგი მედიაწიგნიერების, ფინანსური განათლებისა და ონლაინ-სწავლების მიმართულებით, რათა მათ უსაფრთხოდ მოახერხონ საგანმანათლებლო რესურსების მოძიება და საზიანო ვებ.გვერდებისაგან თავის დაცვა.

მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია - Sweeft

2017 წელს დაარსებული კომპანია Sweeft გახლავთ Full-stack ციფრული სააგენტო, რომლის სათაო ოფისი თბილისშია განლაგებული და წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

დღეის მდგომარეობით, კომპანიის გუნდი 400-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მოხმარებელს აწვდიან სპეციალიზებულ სერვისს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

"ჩვენ მივიწრაფით ვიყოთ დამსაქმებელი, რომელიც ყველა თანამშრომელს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამიტომ კომპანია რეგულარულად ადევნებს თვალს გუნდის დემოგრაფიულ მონაცემებს, რათა უზრუნველვყოთ გენდერული თანასწორობა და ინკლუზიურობა. 2021 წლიდან მოყოლებული 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ჩვენი აქსელერაციის პროგრამა, რომელთა 80%-მა Sweeft-სგან სამუშაოს შეთავაზება ან დასაქმების ხელშეწყობა მიიღო. ჩვენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია ქალთა დასაქმება როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ისე ბიზნესის სფეროში. Sweeft აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. ტარდება უამრავი ტრენინგი, კომპანიას ჰყავს ინგლისური ენის მასწავლებელი რომელიც თანამშრომლებს წერითი და საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება და ა.შ", - აცხადებენ Sweeft-ის წარმომადგენლები.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი - თამთა კაპანაძე

Europebet-ის Backend-ის მიმართულების სტაჟიორი დეველოპერი, WOMENTECHMAKERS-ის ამბასადორი და Google-ის დეველოპერთა ჯგუფის ორგანიზატორი ქუთაისში თამთა კაპანაძე, გახლავთ მათემატიკის ბაკალავრი და GDSC 19-ის ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პანდემიამდე თამთა მონაწილეობდა ლისაბონის და პარიზის Google Developer Student Club-ის სამიტებში. იგი გახლდათ Temi Cloud-ის საზოგადოების მენეჯერი, ხოლო ამჟამად იკავებს ინტერნი დეველოპერის თანამდებობას Europebet-ის Backend განყოფილებაში.

"2019 წელს გავხდი Google-ის დეველოპერთა საზოგადოების მონაწილე. ამ 3 წლის განმავლობაში მივიღე მონაწილეობა უფროსკლასელთათვის Tech Camp-ის, ასევე DevFest Georgia 2021-ისა და კიდევ არაერთი ღონისძიების ორგანიზებაში, სადაც ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ქალების განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში. 2021 წელს კოლეგასთან ერთად ჩამოვაყალიბე საზოგადოება "ქართველი ქალები ტექნოლოგიებში", რითიც ქალებს დამატებით დახმარებას ვუწევთ ამ მიმართულებასთან დაახლოებაში. გარდა ამისა, გახლავართ WTM-ის ამბასადორი და IWD 2022-ის კამპანიის ორგანიზატორი", - აცხადებს თამთა კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ გრეის ჰოპერის ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.

პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UGT და Majorel Georgia იყვნენ. ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

"თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც შარშან, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას", — განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა.

"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით უჭერს მხარს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რადგან ის ხაზს უსვამს ჩვენი ჩართულობის ფუნდამენტურ მიზანს, კერძოდ, ქალთა ეკონომიკურ სექტორში გაძლიერებას. ICT-ში ქალების ჩართულობა იზრდება; ისინი არა მხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ ლიდერები ხდებიან საქართველოს ყველაზე ინოვაციურ ინიციატივებში. ჩვენი პროგრამა მზად არის დაეხმაროს საქართველოს, გახდეს სამაგალითო ქალთა ICT - ის სფეროში მაღალი ჩართულობის მიმართულებით. სწორედ ეს იყო გრეის ჰოპერის ოცნებაც და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ამის რეალიზებაში", - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი გახლდათ, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული