📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორი იყო ქარავანი ორბელიანზე - პირველი კვირის შეჯამება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ივნისი ის თვეა, როცა საზაფხულო, რვაკვირიანი ქარავანი სტარტს იღებს და დამწყებ ბიზნესებს კიდევ ერთხელ იწვევს თავის მაგიურ და მხიარულ გარემოში.

ამჯერად ქარავანის საზაფხულო გამოფენა-გაყიდვა 11 ივნისს დაიწყო და ორბელიანის მოედანზე 20-ზე მეტმა სტარტაპმა მოიყარა თავი. აქ შეხვდებოდით საბავშვო, ხელნაკეთ სათამაშოებს, აქსესუარებს, სამოსს როგორც პატარებისთვის, ისე - ზრდასრულებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებს, საკანცელარიო, ორიგინალურ ნივთებს და დააგემოვნებდით ძალიან ბევრნაირ ხემსსა თუ გამაგრილებელ სასმელს.

თუმცა, ქარავანი ხომ გემოვნებიანი მუსიკის გარეშე არასდროს ტარდება და ფერად გარემოს ამჯერადაც ფონად გასდევდა მხიარული და ენერგიული მუსიკალური გაფორმება.

სტარტაპების ახლოს გაცნობის მიზნით, გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით. ერთ-ერთი პირველი კი, რომელმაც მყისვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, ხის ნაკეთობების სტარტაპი "ბამოა", რომელიც ცოლ-ქმარმა, თეკა ჯამაკაშვილმა და გიორგი ძაგანიშვილმა 2020 წლის დეკემბერში დააფუძნეს.

"ბამო" არის ოჯახური სტარტაპ-სახელოსნო, სადაც ხისგან და ნატურალური მასალისგან ვამზადებთ სათამაშოებს, საბავშვო ავეჯსა და არტ-დეკორს. ბამოს შექმნის იდეა დაიბადა მაშინ, როცა ოჯახი შევქმენით და სახლის მოწყობა დავიწყეთ. შემდეგ უკვე, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ბავშვებისთვის სათამაშოების გაკეთება ვცადეთ და საბოლოოდ, 2020 წლის დასასრულს ჩვენი პროდუქცია ფართო აუდიტორიის წინაშე გამოვიტანეთ," - თეკა ჯამაკაშვილი.

ბამოს პროდუქციის დამზადებაში დღესდღეობით თეკა და გიორგი ბოლომდე არიან ჩართულები, თუმცა, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, აპირებენ, რომ გუნდი გაზარდონ, რაც შემდეგ უფრო ფართო მასშტაბზე გასვლის შესაძლებლობას მისცემთ მათ.

"ქარავანზე მონაწილეობა აქამდე რამდენჯერმე მიგვიღია და საოცარი გარემოდან, საფესტივალო განწყობიდან, საინტერესო ადამიანებიდან თუ გადამდები დადებითი ამბებიდან გამომდინარე ძალიან გვიყვარს აქ ყოფნა."

არც თუ ისე ბევრი დრო დაგვჭირდა საიმისოდ, რომ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტარტაპისთვის, "კოკიტოსთვის" მიგვეგნო. როგორც აღმოჩნდა, ეს არის ავეჯის საწარმო "ევროსტილის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლალიკო გოგიბერიძე გვიამბობს, კოკიტო ქართული ხისგან და ეკოლოგიურად სუფთა, გერმანული საღებავებისგან ამზადებს სათამაშოებს.

"ოჯახში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს და ყოველთვის ვცდილობდით, მათთვის ხის სათამაშოები გვეყიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქცია ძალიან ძვირია, გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ხის სათამაშოები და ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო," - ლალიკო გოგიბერიძე.

როგორც ლალიკო გვიყვება, ქარავანი კოკიტოსთვის და სხვა ქართული მწარმოებლებისთვისაც პოპულარიზაციის, უკუკავშირის მიღებისა და გაყიდვების ზრდის ერთგვარი შესაძლებლობაა, რაც ყოველთვის ასე ძალიან სჭირდებათ დამწყებ ბიზნესებს..

Lovestars - ასე ჰქვია შემდეგ ბრენდს, რომელიც ქარავანზე უკვე არაერთხელ იყო წარმოდგენილი. სალი სულთანიშვილისა და ნიტა ტრაპაიძის მიერ შექმნილი სტარტაპი უკვე 2 წელია, წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს თავიანთი ნახატებით გაფორმებულ აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს სთავაზობს.

საინტერესოა, რომ ორმა მეგობარმა საქმიანობა პანდემიის დროს, 2020 წელს დაიწყეს, თუმცა კი, წარმატებით მოახერხეს, გაეხსნათ პატარა შოურუმი და ახალი იდეებითა და ნამუშევრებით დაემზადებინათ ძალიან ორიგინალური პროდუქცია, რომელიც, როგორც დამფუძნებლები გვიამბობენ, ქარავანის აუდიტორიას ძალიან მოსწონს.

და კიდევ ერთი საბავშვო სტარტაპი, რომელზეც უნდა გიამბოთ არის "Sokko" - სოფიო ლორთქიფანიძის მიერ დაფუძნებული მცირე საწარმო, რომელიც 0 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უკვე 2 წელია სამოსსა და სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.

"თავიდან სამოყვარულო დონეზე მე თვითონვე დავიწყე ნივთების შექმნა და შემდეგ უკვე, როცა დავინახე, რომ პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდა, საქმიანობას ბიზნესის სახე მივეცი. მომავალში ვგეგმავ, რომ ბრენდი გავაფართოვო და უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვისაც დავამატო პროდუქცია," - სოფიო ლორთქიფანიძე.

სოფიო გვიამბობს, რომ როდესაც ქარავანზე პირველად, საცდელად გაიტანა პროდუქცია, ბრენდის ცნობადობა ძალიან გაიზარდა და უამრავი ახალი მომხმარებელი შეემატა მას - სწორედ ამიტომ, ის აპირებს რომ ყოველთვის მიიღოს მონაწილეობა ქარავანზე, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

სტარტაპების ეს საერთო მხიარულება კი 18-19 ივნისს გაგრძელდება და ქარავანი ვიზიტორებს უცვლელად, ორბელიანის მოედანზე დახვდება, სადაც კიდევ ერთხელ ექნებათ მათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ ქართველი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია, დააგემოვნონ სხვადასხვა ტიპის ხემსები და სასმელები და დატკბნენ მუსიკით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან